Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთის გუბერნატორი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ტოვებს თანამდებობას


ქუთაისი
ქუთაისი
პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ვახტანგ ბალავაძემ საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, 28 ოქტომბერს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადადგომის განცხადებით მიმართა. განცხადება ამ დრომდე დაკმაყოფილებული არაა, თუმცა თავად ვახტანგ ბალავაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გადადგომის მიზეზად ის საკონსტიტუციო ცვლილებები დაასახელა, რომლებიც გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში. ცვლილებების მიხედვით, რწმუნებულებს მხარეში პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ბალავაძის განცხადებით, იგი არაა იმ სახელისუფლებო გუნდის წევრი, რომელიც ქვეყანას მართავს და, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ლოგიკურია. ვახტანგ ბალავაძე პრეზიდენტის რწმუნებულად იმერეთის მხარეში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ლაშა მაქაცარია შეცვალა.

პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თანამდებობას გუბერნატორის სამი მოადგილე ინარჩუნებს. პირველი ვიცე-გუბერნატორის ამირან ძოწენიძის განცხადებით, იგი მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრია და არა აქვს სურვილი პრობლემების მოსაგვარებლად პასუხისმგებლობა ახალ ხელისუფლებასთან ერთად აიღოს.

იმერეთის გუბერნატორის გადადგომა მისაღებია რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტებისათვის. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, პრეზიდენტის რწმუნებულის განცხადება წასვლის შესახებ, შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ბუნებრივია. ამასთან, რესპონდენტთა ნაწილი უკმაყოფილოა ყოფილი გუბერნატორების საქმიანობით და რწმუნებულის ფუნქციებსა და მოვალეობებს არაერთგვაროვნად ახასიათებენ.

თავის მხრივ, იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორი ამირან ძოწენიძე მოქალაქეთა კრიტიკას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გუბერნიებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა არ შედგა. ძოწენიძე პოლიტიკურ ეჭვიანობად მიიჩნევს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გუბერნატორის ადმინისტრაციისგან მიღებული პროექტებისა და წინადადებების გაუთვალისწინებლობას.
გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატებად სახელდებიან ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ძმა, „ქართული ოცების “ წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ნარჩემაშვილი და გიორგი მარგველაშვილის ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზაზა მარუაშვილი.
XS
SM
MD
LG