Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი კორიელი


ლარი კორიელი
ლარი კორიელი

19 თებერვალს ნიუ-იორკში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი გიტარისტი, "ფიუჟენის ნათლიად" წოდებული ლარი კორიელი. მუსიკოსი ჯაზის ქალაქში საგასტროლო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. 17-18 თებერვლის კონცერტები, რომლებიც ცნობილ კლუბ "ირიდიუმში" გაიმართა, უკანასკნელი აღმოჩნდა არტისტის კარიერაში.

ლარი კორიელი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:03 0:00
გადმოწერა

60-იან წლებში ლარი კორიელმა ფიუჟენი სრულიად ახალი ფორმით შეასრულა: ერთ სივრცეში თავი მოუყარა როკმუსიკის მსუყე ბგერას, ჩიკაგური ბლუზის ფრაზირებებს, ქანთრი რიტმიკასა და ბიბოპის იმპროვიზაციულ მეტყველებას. აღსანიშნავია ისიც, რომ არტისტი ვირტუოზულად ფლობდა კლასიკურ აკუსტიკურ გიტარასაც, ხოლო მისი სტილისტიკური დიაპაზონი შეუზღუდავი გახლდათ, თანაბრად ლაღად გრძნობდა თავს როგორც აკადემიურ მუსიკაში, ასევე ჯაზის სამყაროში.

ლარი კორიელის პროფესიული მოღვაწეობა 1965 წლიდან იწყება, როცა ტეხასიდან ნიუ-იორკში გადმობარგდა. მისი დებიუტი ცნობილი დრამერის, ჩიკო ჰემილტონის, კვინტეტის შემადგენლობაში, ალბომში "The Dealer" შედგა. შემდეგ საკუთარი ჯგუფი "The Free Spirit" შექმნა, რომელიც ჯაზ-როკ ტალღის ერთ-ერთ პირველ კოლექტივად ითვლებოდა. მოგვიანებით კორიელმა ვიბრაფონისტი გარი ბარტონი გაიცნო, რომელთან ერთადაც ექსპერიმენტებს ატარებდა ჯაზის, როკის რიტმებისა და ქანთრი მუსიკის სინთეზისათვის.

1969 წელი უმნიშვნელოვანესი გამოდგა არტისტის კარიერაში. მან თანამშრომლობა დაიწყო ბრიტანელ მუსიკოსთან, ჯონ მაკლაფლინთან, რომელიც იმხანად მაილს დევისთან უკრავდა და, ტეხასელის მსგავსად, ჯაზურ იმპროვიზაციებში ელექტროგიტარის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ეძებდა. შედეგად გამოიცა ალბომი "Spaces" - ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი ფიუჟენის ისტორიაში.

1975 წელს ლარი კორიელმა საერთოდ უარი თქვა ელექტროგიტარაზე, აკუსტიკურ ჟღერადობაზე გადაერთო და კოლაბორაციული პროექტების განხორციელება დაიწყო ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ფილიპ კატერინი, ემილი რემპლერი, ჯონ მაკლაფლინი და ჯონ სკოფილდი. 1979 წელს მაკლაფლინთან თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა ტრიოს პროექტის იდეაც. ასე შეიქმნა ლეგენდარული სამეული: ბრიტანელთან და ფლამენკოს ყველაზე ცნობილ შემსრულებელთან, ვირტუოზ ესპანელ გიტარისტ პაკო დე ლუსიასთან ერთად. მათ მხოლოდ ერთი საკონცერტო ტურნე მოასწრეს, რადგან კორიელი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახლდათ და სერიოზული პრობლემები ჰქონდა. შესაბამისად, ტეხასელი ელ დიმეოლამ ჩაანაცვლა და ტრიოს ორი ლეგენდად ქცეული ალბომი, სამწუხაროდ, კორიელის გარეშე გამოიცა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლარი კორიელი სცენაზე მხოლოდ 80-იანებში გამოჩნდა და ჯაზ-როკის, ფიუჟენის, ფლამენკოსა და კლასიკური მუსიკის სინთეზის მიმართულებით გააგრძელა ექსპერიმენტები. მისი ბოლო სტუდიური ალბომი "Barefoot Man: Sanpaku" 2016 წლის ოქტომბერში გამოიცა, თუმცა არტისტის თაყვანისმცემლებს სიურპრიზი ზაფხულშიც ელოდებათ. 2 ივნისს გამოვა კორიელის კიდევ ერთი პროექტი "Seven Secrets", რომლის სიცოცხლეში გამოშვება არ დასცალდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG