Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევანის შესაძლებლობა


"შესაძლოა, არ ვეთანმებოდე თქვენს აზრს, მაგრამ სიცოცხლეს დავთმობ იმისათვის, რომ თქვენ ამ აზრის გამოთქმის საშუალება გქონდეთ."

ვოლტერი

ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს: „ქიბარხალვაში“ სპეციალური პროგრამაა, რომელიც მხოლოდ განსაზღვრულ დროს გამოიყენება მედიის წართმევის მიზნით თუ რეალურად არსებული სუბიექტი?

თუკი რეალურად არსებული სუბიექტია, მაშინ მეტად უცნაური ბედი ჰქონია: ის სწორედ მაშინ ახსენდებათ, როცა ვიღაცისთვის რაღაც მნიშვნელოვანის წართმევა ხდება საჭირო.

ნუთუ არ შეიძლება, რომ სამართლიანობის დამცველმა ინსტიტუტებმა ამ პოლიტიკურად სეზონურ გადამფორმებელსაც მოსთხოვონ პასუხი? მხოლოდ ამ სუბიექტისთვის უნდა აღდგეს სამართლიანობა? ის ცოდვად არ ითვლება, წინა მფლობელებს ამ „პროგრამის“ მეშვეობით რომ წაართვეს მათი საკუთრება? მორალსაც ხანდაზმულობის ვადა აქვს?

იმ ნიშნით, თუ რა ხიფათიანად და ზლაზვნით მიიწევს წინ დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში, პროგრესი აშკარაა: თუკი ადრე მართლაც ერთ ღამეში ართმევდნენ კერძო საკუთრებას, ახლა ტემპს საგრძნობლად ანელებს თუნდაც ფორმალური, მაგრამ ასე თუ ისე ქმედითი სასამართლო, რაც იმის დროს მაინც იძლევა, რომ შეკითხვების დასმა მოასწრო; თუმცა დროზე, ხომ იცით, ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს: თუკი ერთს სიმართლის დასადგენად სჭირდება ეს დრო, მეორეს მოახლოებული არჩევნები აშინებს და მისთვის სწორედ უდროობაა პრობლემა.

ამ შემთხვევაში კი, ვფიქრობ, სულაც არაა მნიშვნელოვანი, რამდენად მოგვწონს თუ არ მოგვწონს დღევანდელი „რუსთავი 2“, ან ვთვლით თუ არა მას თუნდაც ძნელად შეფარულ პარტიულ ტელევიზიად, – თუკი საქართველოში კონკურენტული და მთავრობისადმი კრიტიკული მედიის არსებობას დაემუქრება საფრთხე, ხვალ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფ დემოკრატიასაც მოეღება ბოლო და ისევ ძლივს განვლილ წარსულში მოგვიწევს დაბრუნება.

როცა ყოფილმა ხელისუფლებამ „იმედი“ დახურა 2007 წელს, ამ ტელევიზიის დასაცავად ის ხალხიც გამოვიდა, ვისაც, შესაძლოა, დიდად არც ესიმპათიურებოდა მისი მფლობელი, თუმცა სწორედ ეს ხალხი და ამ ტელევიზიის არსებობა იყო იმის გარანტია, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, დემოკრატიას მაინც ექნებოდა შანსი საქართველოში.

ახლაც ასეა: დემოკრატია თურმე იმითაც განიზომება, რომ ტელეარხიდან ტელეარხზე გადართვის დროს პოზიციების განსხვავებულობასა და ალტერნატივებს წააწყდე.

პულტი, რომელიც ტელევიზორისკენ არის მიშვერილი, არჩევანის თავისუფლებას უნდა უზრუნველყოფდეს:

რადგან ობიექტური პოზიცია მხოლოდ შედარების შედეგად ყალიბდება.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG