Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

22:19 27.10.2013
46,6% შეადგინა ამომრჩეველთა აქტივობამ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც 23 კანდიდატი მონაწილეობდა. 20 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე წარიმართა. წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოცხადება გვიან ღამიდან დაიწყება.
21:37 27.10.2013
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ.
21:19 27.10.2013
გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა დავით ბაქრაძემ. ეგზიტ პოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ცესკოს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე საერთო, ჯამური სურათი უკვე ნათელია. დავით ბაქრაძემ საქართველოს მოსახლეობას არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა. ”იმედია, ჩვენ ყველანი მოვიგებთ ამ არჩევნებით და ქვეყნისთვის დაიწყება ახალი ერა, როცა მთავრობა იმუშავებს, საქმეს გააკეთებს და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია მთავრობასთან ვიმუშავებთ, რათა ხალხმა უკეთ იცხოვროს”, - განაცხადა ბაქრაძემ. მან აღნიშნა, რომ როგორც ოპოზიციის ლიდერი მზად იქნება იმუშაოს ახალ პრეზიდენტთან და შესთავაზოს თანამშრომლობა ყველა საკითხზე, რომელიც აუცილებელია ქვეყნის უკეთესად ცხოვრებისთვის.
21:15 27.10.2013
ეგზიტ პოლი და კვლევები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების კარგი შესაძლებლობაა - განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ. მისივე შეფასებით, საქართველოში სოციოლოგია არ მუშაობს. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეგზიტ პოლის შედეგები არ აინტერესებს, რადგან იცის მოსახლეობის განწყობა და მისი, როგორც კანდიდატის დაახლოებითი შედეგები, რომლებსაც პარტიის პარალელური დათვლა აჩვენებს. ”ჩვენ ვაპირებთ ხმების დაცვას”, - განაცხადა ბურჯანაძემ და პარტიის დამკვირვებლებს მოუწოდა, არ დაუშვან უბნებზე შემაჯამებელი ოქმების გაყალბება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG