17:06
1.10.2012
ქუთაისში N21 საარჩევნო უბანი, რომელიც რამდენიმე საათით დახურული იყო, კვლავ აგრძელებს მუშაობას. ეს გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო, ამბობს "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" წარმომადგენელი ნათია გუდავა. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ N21 საარჩევნო უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. - იტყობინება ქეთევან ბერძენიშვილი.
17:08
1.10.2012
ამ დროისათვის ქუთაისში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 51 000-მა ადამიანმა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 31 %-ია. - იტყობინება ქეთევან ბერძენიშვილი.
17:11
1.10.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ოზურგეთში პოლიციამ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ნუგზარ მიქელაძე და ვახტანგ გუჯაბიძე დააკავა. ნუგზარ მიქელაძე "მერსედესის", ვახტანგ გუჯაბიძე კი "BMW"-ს ტიპის ავტომანქანებით მოძრაობდნენ. ისინი არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის ხმოვან შეტყობინებას და მანქანები არ გააჩერეს. ამის შემდეგ პოლიციამ ისინი გააჩერა და დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმეს. პოლიციამ გამოუწერა შესაბამისი ოქმები და მძღოლებს გადასცა. ავტომაქანები კი საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი.
17:13
1.10.2012
ისნის N8 საარჩევნო უბანზე ორი ადამიანი აცხადებს, რომ არცერთი პარტიის წევრი არ არის. ისინი თავისუფლად შედიან საარჩევნო უბანზე და ფლობენ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. მათი თქმით, 15:00 საათისთვის 633 ამომრჩეველმა მისცა ხმა და ეს ინფორმაცია მათ უკვე გადასცეს სხვა პირებს, თუმცა ადრესატს არ ასახელებენ. - ანი სელენიძე (რადიო თავოსუფლების მედიასკოლა).