როდესაც 24 წლისა მეუღლესა და ერთ შვილთან ერთად ბედის საძებნელად კანადაში წავიდა, მერაბ ტაბიძეს, როგორც თავად უყვარს თქმა, „ინგლისურის ნულოვანი ცოდნა და 10 დოლარი ჰქონდა“. წლების დაუღალავი შრომის, სწავლისა და მონდომების შედეგად მერაბ (მარკ) ტაბიძე ქალაქ კალგარის შერიფი გახდა, ხოლო მის ოჯახს კიდევ ორი შვილი შეემატა. ხანგრძლივმა ცხოვრებამ უცხოეთში და თვითდამკვიდრების რთულმა პროცესმა ქართული წარმომავლობის კანადელ შერიფს ასეთი წარმატების ფორმულა აპოვნინა: „არ უნდა გაჩერდე ერთ ადგილზე. როგორც კი გაჩერდები, ერთ ადგილას კი არ დგახარ, არამედ უკან-უკან მიდიხარ“.