Accessibility links

ადვოკატის თქმით, მუხთარლის გამტაცებლებს სამართალდამცავთა ფორმები ეცვათ


აფგან მუხთარლი

3 ივნისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ქართველმა და აზერბაიჯანელმა ადვოკატებმა საქართველოში მისი სავარაუდო მოტაცებისა და აზერბაიჯანში იძულებით დაბრუნების საქმის ახალ დეტალებზე ილაპარაკეს. როგორც ისინი აცხადებენ, ჟურნალისტთან საუბრის შემდეგ კიდევ რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი. მათ შორის, პირველ რიგში, ის, რომ, ადვოკატების სიტყვებით, ჟურნალისტის მოტაცებაში ოთხი ქართულად მოლაპარაკე ადამიანი მონაწილეობდა. მათგან სამს სამართალდამცავის ფორმა ეცვა, ერთი კი სამოქალაქო ტანსაცმლით იყო.

აფგან მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას, თქმით, მისი ქმარი 29 მაისს, საღამოს, ჩიტაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, გაიტაცეს. აფგან მუხთარლი მეგობრებთან ყოფნის შემდეგ ბარათაშვილის ხიდისა და ე. წ. კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან სახლში ბრუნდებოდა. ადვოკატები აზუსტებენ იმ მანქანის მარკასაც, რითაც აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვრისკენ წაიყვანეს - ეს იყო ოპელის მარკის ავტომობილი. აზერბაიჯანელი ადვოკატის, ნემათ ქარიმლის, განცხადებით, ჟურნალისტს თავზე პოლიეთილენის პარკი მას შემდეგ ჩამოაფარეს, რაც თბილისი დატოვეს და მაშინ მოხსნეს, როდესაც ის უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო გადაყვანილი.

ქართულად მოსაუბრე გამტაცებლები ყოველ 20 წუთში ერთხელ ტელეფონით უკავშირდებოდნენ პირს, რომელსაც ანგარიშს აბარებდნენ.

ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქართულად მოსაუბრე გამტაცებლები ყოველ 20 წუთში ერთხელ ტელეფონით უკავშირდებოდნენ პირს, რომელსაც ანგარიშს აბარებდნენ. მისივე განცხადებით, დაკავებისას ჟურნალისტმა სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო, თუმცა, გუშინდელი მონაცემებით, მას სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია.

ადვოკატები 29 მაისიდან ითხოვენ აფგან მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას, დაკითხვას. როგორც 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კიდევ ერთმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, განაცხადა, ლეილა მუსტაფაევას საგამოძიებო ორგანოდან მხოლოდ გუშინ, 2 ივნისს, დაუკავშირდნენ. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ადვოკატები მოტაცების საქმის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავენ:

„ამ დანაშაულის ჩადენის ადგილი არის არა მხოლოდ თბილისი, არამედ ეს დანაშაული გაგრძელდა მთელი საქართველოს საავტომობილო გზის მიმდებარედ, ლაგოდეხის რაიონის საზღვრამდე. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ძველი თბილისის საგამოძებო ორგანოს გამოსაძიებელი საქმე. ასევე, ჩვენს ხელთ არსებული დეტალების ნიადაგზე, შესაძლოა გამოძიება დაიწყოს იმ თანამდებობის პირების წინააღმდეგაც, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ამ დანაშაულთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სრულყოფილი გამოძიება აწარმოოს მთავარმა პროკურატურამ. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში ჩატარდება ამ უმძიმესი დანაშაულის ეფექტური გამოძიება“.

წითელი ჯვრის წარმომადგენლები არ შეუშვეს აფგან მუხთარლისთან.

არჩილ ჩოფიკაშვილისავე განცხადებით, ის ბაქოში წითელი ჯვრის ოფისს დაუკავშირდა და ჟურნალისტის მონახულების თხოვნით მიმართა, თუმცა, როგორც მისთვის 3 ივნისს გახდა ცნობილი, წითელი ჯვრის წარმომადგენლები აფგან მუხთარლისთან არ შეუშვეს.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება; დაკავებულია და წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებები. 31 მაისს, საღამოს, ბაქოში საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და მას კიდევ ერთი ახალი ბრალდება წარედგინა - ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა.

31 მაისიდან მოყოლებული, 2 ივნისის ჩათვლით, თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებების დამცველებმა. ისინი საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ. ამ ფაქტს ინტენსიურად ეხმაურებიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „ამნესტი ინტერნეშენალი“, „ჰიუმან რაიტს ვოჩი“. 2 ივნისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესახებ ილაპარაკა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა:

როდესაც ყველაფერი გვეცოდინება, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დასკვნების გამოტანა.

„საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ამ პრინციპებს არ უღალატებს. დღეს ჩვენ, როგორც ყველა, მოველით, რომ ყველა ფაქტი უნდა გახდეს ნათელი და როდესაც ყველაფერი გვეცოდინება, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დასკვნების გამოტანა“.

საქართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, პარალელურად მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან და ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთანავე საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი. თბილისში ცოლსა და მცირეწლოვან შვილთან ერთად 2015 წლიდან ცხოვრობს. ის და მისი მეუღლე აზერბაიჯანულ საინტერნეტო ტელეარხ Meydan TV-სა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან“ თანამშრომლობენ. ლეილა მუსტაფაევა ქმრის დაკავებასა და აზერბაიჯანში გადაყვანას მის საგამოძიებო სტატიებსა და კრიტიკულ ფეისბუკპოსტებს უკავშირებს. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ბიზნესსაქმიანობას იძიებდა საქართველოს ტერიტორიაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG