Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ “ჯუნიორ” კიმბროუ


დევიდ კიმბროუ, იგივე ჯუნიორ კიმბროუ, 1930 წლის 28 ივლისს მისისიპის შტატის პატარა სოფელ ჰადსონვილში დაიბადა. სიყრმე ბამბის პლანტაციებში მძიმე შრომაში გაატარა. მშობლებსა და და-ძმებთან ერთად იბრძოდა ლუკმაპურის საშოვნელად.

დევიდ “ჯუნიორ” კიმბროუ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:44 0:00
გადმოწერა

ჰოდა, როგორც ამგვარ მისისიპურ ყოფას სჩვევია, ბლუზით იხალისებდა ცხოვრებას. სმენასა და გულისთქმას მინდობილმა, გიტარაზე დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა და საკუთარი საშემსრულებლო მანერაც შეიმუშავა. რიტმის საშუალო ტემპი და ბასური ბგერების უწყვეტობა მის სავიზიტო ბარათად იქცა და, როგორც ამბობენ, ჰიპნოტურ ეფექტს ახდენდა მსმენელზე. მოგვიანებით ამ უნიკალურ სტილს "მისისიპური ჰილ-ქანთრი-ბლუზი" უწოდეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯუნიორ კიმბროუ მთელი ცხოვრება მშობლიურ სოფელს არ გასცდენია. სახელოვანი ბლუზმენი კოლეგებისგან განსხვავებით, არც საკონცერტო ტურნეები ჰქონია და არც შთამბეჭდავი დისკოგრაფია. თუ მოეხასიათებოდა, ჩანაწერებს ცოცხალი შესრულების დროს ადგილობრივ ბარში, ე.წ. juke joint-ში, აკეთებდა, რომელიც ბლუზისა და ცეკვის მოყვარული აფრო-ამერიკელი მოსახლეობის თავშეყრის ადგილი გახლდათ. მისი მსმენელები და ბენდის წევრები მეზობელ-ნათესავები იყვნენ.

1966 წელს ჯუნიორ კიმბროუს პირველი სტუდიური ჩანაწერი მემფისურ ლეიბლ Goldwax Records-ზე განხორციელდა. მუსიკოსმა საკუთარი ნაწარმოებები დაუკრა, რომელთა უმეტესობაში ქანთრისთვის დამახასიათებელი ინტონაციები დომინირებდა. პროდიუსერებმა არტისტის ამგვარი მიდგომა კომერციულად წამგებიანად მიიჩნიეს და ნამუშევარი დიდი ხნით შემოდეს თაროზე. მომდევნო პროექტი უკვე 80-იანებში შედგა ლეიბლზე High Water. კიმბროუმ მოწვეულ ბენდ The Soul Blues Boys-თან ითანამშრომლა, თუმცა ლეიბლმა ამჯერადაც თავი შეიკავა მის გამოშვებაზე. დისკი მხოლოდ 1997 წელს გამოიცა, სახელწოდებით "Do The Ramp".

1991 წელს ჯუნიორ კიმბროუმ ერთი მიტოვებული ხის ქოხი შეიძინა, რომელიც ეკლესიის ფუნქციას ასრულებდა და ბლუზის ბუნაგად აქცია. ნაგებობა იმდენად დაბალჭერიანი იყო, მუსიკოსები წელში ვერ იმართებოდნენ და სკამზე მოკალათებულებს უწევდათ მუშაობა. სწორედ აქ იმართებოდა კონცერტები მეზობლებისა და ნათესაობის გასართობად. თუ ვინმე ცნობილი არტისტი ესტუმრებოდათ, სახელდახელო ჯემსეიშენებსაც მართავდნენ. როგორც ამბობენ, კიმბროუს მოსასმენად ჯგუფ U2-ის ბენდის წევრები კიტ რიჩარდსი და იგი პოპიც არაერთხელ ჩასულან.

1992 წელს ხსენებულ პატარა ქოხში ჩაიწერა ალბომი "All Night Long", რომელიც ლეიბლმა Fat Possum-მა გამოსცა და ერთ-ერთ საუკეთესო დისკად ითვლება არტისტის შემოქმედებაში. მუსიკოსს პარტნიორობა მისმა შვილმა, დრამერმა გარი კიმბროუმ, და ლეგენდარულ ბლუზმენ ერ ელ ბერნსაიდის ვაჟმა, ჰარიმ, გაუწიეს.

1998 წლის 17 იანვარს ჯუნიორ კიმბროუ, 67 წლის ასაკში, უკიდურეს სიღარიბეში აღესრულა. ჟურნალმა "როლინგ სთოუნმა" სახელდახელო ნეკროლოგი გამოაქვეყნა, რომელშიც მკითხველებს თანხის შეგროვების თხოვნით მიმართა, რათა ღირსეულად დაეკრძალათ თანამედროვეებისაგან დაუფასებელი უნიჭიერესი არტისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG