Accessibility links

კავიტა შაჰი ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა ჯაზურ სცენაზე და მოკლე ხანში მიიქცია კრიტიკოსებისა და მსმენელის ყურადღება. კლასიკური განათლება ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში მიიღო, სადაც საფორტეპიანო ხელოვნებას ეუფლებოდა.

მოგვიანებით ესპანურენოვანი ლიტერატურითა და აფრო-კუბური მუსიკითაც დაინტერესდა და სწავლა ჰარვარდში განაგრძო. ბოლოს მანჰეტენის მუსიკალურ სკოლაში ჩააბარა ჯაზის ვოკალის ფაკულტეტზე. "სიმღერის დროს ვცდილობ არ ვიმეტყველო ერთი რომელიმე მუსიკალური ჟანრის ენაზე, მსურს, რომ ჩემს მუსიკაში თავი მოვუყარო სხვადასხვა ფოლკლორულ ელემენტებს, მათი სინთეზი მოვახდინო, რათა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში კარგად ესმოდეთ ჩემი" - ერთ-ერთ ინტერვიუში არტისტმა ამგვარად დაახასიათა საკუთარი მსოფლმხედველობა.

მართლაც, კავიტა შაჰის რეპერტუარში მკაფიოდ ისმის მსოფლიოს ხალხთა ტრადიციული მუსიკის ინტონაციები - ბრაზილიული, თურქული, ინდური, ტანზანიური, განური მოტივები. რაც შეეხება საკონცერტო მოღვაწეობას, მსმენელის წინაშე ცნობილი ჯაზური სტანდარტების არანჟირებული ვერსიებითა და საკუთარი სიმღერებით წარდგა. ჯერ ნიუ-იორკულ კლუბებში გამოიჩინა თავი, შემდეგ კი კენედის ცენტრშიც იმღერა, რასაც ისეთ ფორუმებში მონაწილეობა მოჰყვა, როგორიცაა: როჩესტერის, მელბურნის, არტ ბაზელ მაიამის, ბლუ ნოუთის ჯაზფესტივალები.

"კავიტა შაჰის სადებიუტო ალბომი თვითმყოფადი მომღერლისა და კომპოზიტორის ერთგვარი ავტოპორტრეტია. მასალა, რომელიც დისკზეა წარმოდგენილი, ძნელია მხოლოდ ჯაზად მონათლო და ჟანრის ჩარჩოებში მოაქციო. უდავო ფაქტია, რომ ამერიკულ სცენაზე ახალი ვარკსვლავი დაიბადა" - ასე შეაფასეს ჟურნალ "Down Beat"-ის მუსიკის ჟურნალისტებმა ახალგაზრდა არტისტის პირველი ნამუშევარი, სახელწოდებით "Visions".

ალბომი "Visions" 2014 წელს იქმნებოდა. კავიტა შაჰის მთავარი პარტნიორი ცნობილი ბენინელი გიტარისტი ლიონელ ლიუკე გახლდათ, რომელმაც, გარდა აკომპანემენტისა, დისკის პროდიუსერობაც შეითავსა. ჯაზური ბენდის გარდა, პროექტში მონაწილეობა სიმებიანმა კვარტეტმაც მიიღო. აკუსტიკური მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურული განწყობისათვის, კავიტამ აღმოსავლურ ინსტრუმენტებზე დამკვრელნიც მიიწვია, თავად კი სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიულ და ფრანგულ ენებზე შეასრულა.

კავიტა შაჰის ალბომიდან "Visions" რამდენიმე კომპოზიციას გამოვყოფდი. საინტერესოა ლეგენდარული ამერიკელი საქსოფონისტის, უეინ შორტერის, 1965 წლის ნაწარმოების, "Deluge"-ის, ინტერპრეტაცია, რომელიც ინდური ტაბლის წყალობით აღმოსავლურ ყაიდაზე მოექცა, ხოლო ჯონი მიტჩელის სიმღერა "Little Green"-ში გიტარას აფრიკული კორა ჩაენაცვლა. ადგილი მოიძებნა ჰიპ-ჰოპისთვისაც - კავიტმა შაჰმა ბრიტანელი რეპერის, M.I.A.-ის, სიმღერა "Paper Planes" სრულიად განსხვავებული აკუსტიკური და ჟანრობრივი ფორმებით წარმოადგინა. ყურადღებას იმსახურებს სტივი უანდერის სიმღერაც "Visions", რომელიც პოპიდან ჯაზში ტრანსფორმირდა და, რა თქმა უნდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია არტისტის ლათინოამერიკული ვნებები. სიმღერებში "Moray" და "My Time Is" კავიტა შაჰი თავს წარმოაჩენს, როგორც ჩინებული ვოკალისტი და კომპოზიტორი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG