Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნენე ჩერი - The Cherry Thing


ნენე ჩერი
ნენე ჩერი
გასულ წელს, როცა საქსოფონისტ ორნეტ კოულმანზე ვსაუბრობდი, მისი სადებიუტო ალბომი Something Else ვახსენე - მუსიკის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის დისკი, რადგან ჯაზ-ავანგარდის ერთ-ერთი მიმართულების, "ფრი ჯაზის", დაბადების ადგილად ითვლება. რა თქმა უნდა, "თავისუფალი ჯაზის" შექმნა ორნეტ კოულმანის ახირებულ საქსოფონს მიეწერება, თუმცა ზემოხსენებულ ალბომს მონათესავე სულების გარეშე რომ ვერ გაახერხებდა, ესეც უტყუარი ფაქტია. მონათესავე სულებში კონტრაბასისტ ჩარლი ჰეიდენს, დრამერ ბილი ჰიგინსსა და კორნეტისტ დონ ჩერის ვგულისხმობ. ამ უკანასკნელს კი არანაკლები წვლილი მიუძღვის ჯაზ-ავანგარდის განვითარებაში. ბოლოს და ბოლოს, ისიც ორნეტივით დარტყმული ბრძანდებოდა, მასაც საქსოფონისტივით ლანძღავდნენ წინაპართა მუსიკალური ტრადიციების შეურაცხყოფისათვის და ჯაზური ენის წაბილწვაში ადანაშაულებდნენ.



დონ ჩერი კორნეტზე უკრავდა, უჩვეულო ზომის, ერთ ციცქნა ინსტრუმენტზე, რომელსაც თავად ჯიბის საყვირს ეძახდა. ორნეტთან ერთად მიზანმიმართულად ანგრევდა სტანდარტულ ჰარმონიულ თუ რიტმულ ფორმულებს და ე.წ. "ჰარმოლოდიკის" პრინციპს აყალიბებდა, სადაც ჰარმონია, რიტმი და მელოდია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ირჯებოდნენ, თუმცა თანასწორობასა და თანაარსებობასაც ახერხებდნენ. დონ ჩერის ერთი ჩვევა ჰქონდა - რეპეტიციებსა თუ ტურნეებში თავის გერს მუდამ თან დაატარებდა. პატარა გოგონა მუსიკის სიყვარულში ჰყავდა შემჩნეული და ფიქრობდა, რომ უფროსი თაობის მუსიკოსთა გარემოცვაში გაცილებით უკეთ დაეუფლებოდა ჯაზურ აზროვნებას, ვიდრე ნებისმიერ კოლეჯსა თუ აკადემიაში. ჰოდა, როცა ბავშვობაში ორნეტ კოულმანის, არჩი შეპის ან, თუნდაც, სონი როლინსის მიერ მოყოლილ ჯაზურ ზღაპრებს ისმენ, როცა მაილს დევისი კისერზე შემომჯდარს დაგასეირნებს, ერიკ დოლფი და ფარაო სანდერსი მუსიკის ანა-ბანას გიხსნის, დიდი უნამუსობა იქნება მუსიკას არ გაჰყვე. გოგონაც ასე მოიქცა, თუმცა რატომღაც ჯაზური გზით არ წასულა - რეპში, ჰიპ-ჰოპსა და სოულში ტრიალებდა. მას ჩვენც კარგად ვიცნობთ 90-იანი წლების ამ ჰიტით: 7 seconds.



დიახ, სიუჟეტს მერიან კარლსონზე, იმავე ნენე ჩერიზე, საუბრით გავაგრძელებ. ვერ ვიტყვი, აღტაცებული ვიყო ამ ქალბატონის შემოქმედებით. იუსუ-ნ-დურთან ერთად ჩაწერილი ეს უცნაური სიმღერაც 20 წლის წინანდელია და მას მერე არც იმოდენა უქნია რამე, ყურადღებად რომ ღირდეს. თუმცა ამას წინათ ერთი საინტერესო პროექტი - The Cherry Thing - გამოსცა, რომელიც 8 თხზულებას აერთიანებს. უფრო სწორად, ისეთი თემების "ფრი-ჯაზ" ვერსიებს, როგორიცაა, მაგალითად: ნორვეგიელი საქსოფონისტის მატს გუსტაფსონის აღმოსავლური ინტონაციებით სავსე Sudden Moment, იგი პოპის 1970 წლის ბლუზი "Dirt", პანკჯგუფ "რამოუნსის" სიმღერა "Too Tough to Die", დონ ჩერის "The Thing" და ორნეტ კოულმანის "What Reason Could I Give". მართალი გითხრათ, პირველი მოსმენისას არ მომეწონა. ბგერათა ვიბრაციის, მელოდიური სვლებისა თუ მოტივის მოხელთებაც გამიჭირდა, კრიზისში მყოფი მუსიკოსების ბოდვაა-მეთქი. ნორვეგიულ-შვედური ტრიო კი, რომელიც ნენე ჩერის აკომპანირებას უწევს, ალაგ-ალაგ აჩენს მუსიკალურ სტრუქტურებს, შემდეგ დისონანსური აკორდებითა თუ ალოგიკური აქცენტებით უმოწყალოდ ანგრევს, ბოლოს კი, კვლავ აშენებს სრული ანარქიის ფონზე. ჰოდა, ბოლოს გემოც ამაში ვიპოვე - ჰარმონიულ, რიტმულ თუ მელოდიურ ქაოსში, ნგრევისა და შენების იმ დინამიკაში, გასულ საუკუნეში ნენე ჩერის ზემოხსენებულმა მამინაცვალმა და მისმა საძმაკაცომ რომ იქადაგა.

The Cherry Thing ნენე ჩერის ბავშვობის მუსიკალური შთაბეჭდილებების გაზიარებისა და "ფრი ჯაზის" შემქმნელთა პატივის მიგებად შეიძლება მივიჩნიოთ. თუ როგორ გამოუვიდა, ინდივიდუალური გემოვნების საქმეა. ასე რომ, გამგებ-დამფასებელიც გამოუჩნდება და, რა თქმა უნდა, აუგის მთქმელიც. ჩემთვის კი The Cherry Thing იმედის მომცემი განაცხადია, ნენე ჩერის პირველი ნაბიჯებია "ფრი-ჯაზის" ტერიტორიაზე, იმ სამყაროში, სადაც ტრადიციული ჯაზური ფორმები დესტრუქციის საგანს წარმოადგენს, სადაც მთავარი გამოხატვის თავისუფლებაა და სადაც ყველა მუსიკოსი, წინასწარი მონახაზის გარეშე, ერთდროულად იმპროვიზირებს. ასე რომ, არა მხოლოდ მივუტევე ოცწლიანი პოპნაცოდვილარი, არამედ მუსიკოსთა იმ მარაქაშიც გავრიე, მოწიწებასა და პატივისცემას რომ იმსახურებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG