Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკო სამადაშვილი - ვერდავიწყებული დიდი პოეტი


ხსოვნის საღამო
ხსოვნის საღამო

საქართველოს მწერალთა სახლმა დიდი ქართველი პოეტის, ნიკო სამადაშვილის, ხსოვნის საღამოს უმასპინძლა. 110 წლის წინ, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაბადებულმა პოეტმა ერთი ლექსიც კი ვერ გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ მას განსაკუთრებულ პოეტად აღიარებდნენ ვახტანგ კოტეტიშვილი, ერეკლე ტატიშვილი, გერონტი ქიქოძე და გალაკტიონ ტაბიძე. პოეტის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოიფინა ნიკო სამადაშვილის ხელნაწერები და სხვა საარქივო მასალა, პოეტებმა წაიკითხეს უფროსი კოლეგის ლექსები.

„დავიღუპები, ჩაყოლილ ხსოვნებს
ოდესმე სადმე გაეღვიძებათ.
ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს,
რაც სიცოცხლეში არ შეიძლება...“

მწერალთა სახლის ბაღში გამართულ ხსოვნის საღამოზე პოეტმა გიორგი ლობჟანიძემ წაიკითხა ნიკო სამადაშვილის ლექსი „იქით“, რომელიც, სხვა ოცდაექვს ლექსთან ერთად, შევიდა 1973 წელს გამომცემლობა „მერანის“ მიერ დასტამბულ პოეტის პირველ კრებულში „ბეთანია“. ამ დროს წიგნის ავტორი უკვე ათი წლის გარდაცვლილი იყო.

„ჩემი ლექსები შენს მწველ უბეში
ბეღურებივით იფართხალებენ.
და ერთხელ მაინც, ჩემო ნუგეშო,
იქ, სამარეში, გამახარებენ.

დამედებიან მკერდზე ღუღუნით,
ამოკენკავენ ჩემს გულს, შენს თვალებს,
შეესევიან მერე უკუნეთს
და უკუნეთიც კი ივალალებს“.

გიორგი ლობჟანიძის თქმით, ნიკო სამადაშვილმა გააგრძელა ქართული პოეზიის ბარათაშვილის ხაზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითქოს ლითონისგან ჩამოსხმული სიტყვებით აგებული ფრაზა და რომელიც აღარ განვითარებულა ნიკო სამადაშვილამდე:

„იყო გალაკტიონი, რომელმაც აკაკის ხაზი განავითარა და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ღირებულება შესძინა ამ ზედნაშენს, მაგრამ მივიწყებული იყო და ვითარდებოდა ბარათაშვილის ხაზი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პოეზიისთვის. ნიკო სამადაშვილმა ეს ხაზი განავითარა თავის ლექსებში და მოგვცა სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული ღირებულება მთელი თავისი პოეზიის სახით. ეს რაც შეეხება ფორმის თვალსაზრისით, თუმცა შინაარსსაც მოიცავს, გარკვეულწილად, და ნებისმიერი სტრიქონიდან გამოსჭვივის ის, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ პოეტთან“.

ზოგი რითმას უწუნებდა, ზოგი - ვერსიფიკაციას, ზოგი - რას და ზოგი - რას. ზოგჯერ ეჭვიც კი შემპარვია ჩემს თავსა და ჩემი მეგობრების ცოდნასა და გემოვნებაში...
არჩილ სულაკაური

გიორგი ლობჟანიძემ ასევე გაიხსენა გალაკტიონის მიერ ნიკო სამადაშვილის ლექსზე გაკეთებული მინაწერი: „დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში; მომავლისაკენ! წინ! იერიში!“. თუმცა უნდა ითქვას, რომ, გალაკტიონისა და რამდენიმე სხვა მწერლისგან განსხვავებით, ნიკო სამადაშვილის შემოქმედების მაღალ მხატვრულ ღირებულებას თითქმის არავინ აღიარებდა. არჩილ სულაკაური „თბილისურ ჩანახატებში“ სინანულით იხსენებს იმ დროს, როცა ნიკო სამადაშვილის სოცოცხლეში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით გაანგრია გულგრილობის კედელი.

„უცნაური რამ ხდებოდა. იმ დროს ჩემთვის გაუგებარი: ნიკო სამადაშვილის ლექსები უბით დამქონდა, ზოგი უკვე ზეპირად ვიცოდი, ვუკითხავდი ნაცნობ პოეტებს, ვუკითხავდი არაპოეტებსაც, უბრალოდ - პოეზიის მოყვარულებს და ყველანი შეთქმულებივით გულგრილად მომჩერებოდნენ, უკეთეს შემთხვევაში, დაეჭვებულნი იღიმებოდნენ, არც ისეთი ლექსებია, შენ რომ გგონიაო. ზოგი რითმას უწუნებდა, ზოგი - ვერსიფიკაციას, ზოგი - რას და ზოგი - რას. ზოგჯერ ეჭვიც კი შემპარვია ჩემს თავსა და ჩემი მეგობრების ცოდნასა და გემოვნებაში“.

მაშინდელი საზოგადოების ამგვარი გულგრილობა არ უკვირს და ბუნებრივად მიაჩნია პროფესორ ზურაბ კიკნაძეს, რომლის თქმითაც, ნიკო სამადაშვილი გამორჩეული იყო არა მხოლოდ ნიჭიერებით, რამედ უკომპრომისობითაც, რის გამოც ის არათუ არ მიიღეს, საერთოდ პოეტადაც კი არ აღიარეს.

ზურაბ კიკნაძე
ზურაბ კიკნაძე

„სრულიად განსხვავებული პროფესია ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ბუღალტერ-რევიზორობას შეაფარა თავი. ჰყავდა უფროსი მეგობარი ერეკლე ტატიშვილი, ცნობილი პიროვნება, რომელიც უკრძალავდა ბეჭდვას, თუ დაბეჭდავ, კომუნისტები აუცილებლად გაგაფუჭებენო, ეუბნებოდა და მართლაც ასე მოხდებოდა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ კიკნაძემ, რომლის თქმით, შინაგანი კონსტიტუციითა და ბუნებით ნიკო სამადაშვილი ნამდვილი მხატვარი იყო. მისი ლექსები გამოირჩევა ვიზუალურობით. მიუხედვად იმისა, რომ მეტაფორები ძალიან უჩვეულოა, ყველაფერის დანახვის საშუალებას იძლევა:

„უჩვეულო, ანგრეული რითმებით გამოხატავდა როგორც თავის შინაგან სახეს, ასევე ქვეყნის ბედს. დიდი პარალელიზმი და მზგავსებაა მის ლექსწყობასა და შინაგან წყობას შორის. აი, მაგალითად:

„დავიხოცებით... დაგვსუნავს ლოდი,
გარემოც ყვითლად დაიფერება,
შორს გამოჩნდება ჭროღა სამრეკლო
და შენი ჩუმი ქვეყნიერება“. („გენია და სამრეკლო“) - მსგავსი სტრიქონები ქართულ პოეზიაში არ მეგულება. კი, აქა-იქ არის სევდა და ყველაფერი, მაგრამ ასე თამამად ნათქვამი და გამოხატული აბსოლუტური დასასრულის გრძნობა და განცდა არსად არაა“.

ხსოვნის საღამო
ხსოვნის საღამო

ნიკო სამადაშვილის პოეზიის მხატვრობასთან კავშირზე წერს თამაზ ჩხენკელიც 1973 წელს გამოცემული ლექსების კრებულის წინასიტყვაობაში. „თავისუფალი და ღრმად ეროვნული მსოფლგანცდა“, „წარმართული კოსმიზმის წარმოდგენები და ქრისტიანული დღესასწაულების პათეთიკური სილამაზე“ - ასეთია თამაზ ჩხენკელის თვალით დანახული ნიკო სამადაშვილის შემოქმედება. და კიდევ:

„ნიკო სამადაშვილის სიტყვა ხვიფლიანი და ფერადოვანია. იგი მოკლებულია კლასიკურ დაკრისტალებასა და რაფინირებას, რასაც იმპულსურ ძალმოსილებად განიცდის ხოლმე მკითხველი. მისი ლექსები მოგვაგონებს გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძელგი, შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი”.

ნიკო სამადაშივლი 1963 წლის 1 მაისს, 58 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა (ქვევიდან მიმავალი, ყოფილი ბელინსკის (ახლანდელი ჭოველიძის) ქუჩის თავში ჩაიკეცა), მისი ლექსები კი პირველად პოეტის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ გამოქვეყნდა, როცა „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორად რევაზ თვარაძე დაინიშნა. სიცოცხლეში ნიკო სამადაშვილის პოეტობას მხოლოდ კოლეგების ძალიან ვიწრო წრე და ერთი-ორი მეგობარი აღიარებდა. ნიკო სამადაშვილის უახლოესი მეგობრის ალექსანდრე გამყრელიძის ქალიშვილი, ნანა გამყრელიძე, იხსენებს:

ნანა გამყრელიძე
ნანა გამყრელიძე

„პატარა სახლი გვქონდა ვაკეში, სადაც ძალიან ხშირად, ლამის ყოველკვირა, მოდიოდა და გვიანობამდე რჩებოდა. თავის ლექსებს უკითხავდა მამას, რომელსაც ანგარიშს უწევდა. რას აკეთებდა, იცით? რაღაც მომენტში ლექსებს დაწერდა და თუ არ მოეწონებოდა, ქაღალდს დაჭმუჭნიდა და დახევდა ხოლმე. მამის თხოვნით, ამ ნაკუწებს ვკრეფდი, ვაერთებდი და ვიწერდი ხოლმე ლექსს, რომ არ დაკარგულიყო. რამდენიმე ცნობილი ლექსი სწორედ ამ გზით გადავარჩინეთ. ასევე ჩვენს ოჯახში ინახება ნიკო სამადაშვილის ხელით გადაწერილი ეს რვეულები. ჩემი მშობლები სულ ეჯიჯღინებოდნენ, გასაგებია, რომ არ გიბეჭდავენ ლექსებს, მაგრამ მაინც მოვაგროვოთ, რათა ერთად გქონდეს, ეგება როდისმე დაიბეჭდოსო. ბოლოს ასე გამოვიდა კიდეც, მაგრამ მაშინ ყოვლად წარმოუდგენელი იყო“.

ეს სულ სხვა რამეა, ჩემო არჩილ, სულ სხვა... მითხარი, შეიძლება, კაცმა სამოცი წელი იცხოვროს ქვეყანაზე და ერთხელ მაინც ვერ იგრძნოს, რომ ის ადამიანია?! ამ ქაოსიდან ვერ გავედი, ვერა და ვერ გავედი...
არჩილ სულაკაური

ნიკო სამადაშვილი, როგორც საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი, ორჯერ - 1943 და 1947 წლებში - გაასამართლეს, რადგანაც, როგორც პოეტის ქალიშვილი, მზია სამადაშვილი, მამაზე დაწერილ მოგონებებში წერს, მთელი თავისი არსებით ვერ ეგუებოდა კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც თავისუფალ პიროვნებას სულიერად და მორალურად ანადგურებდა. მოგონებებში ასევე ვკითხულობთ:

„მამა სამუშაოს სამუშაოზე იცვლიდა, რომ თავისი დიდი ოჯახი ერჩინა. ხან რევიზორ-ბუღალტრად, რევიზორ-ექსპერტად და სტილისტად მუშაობდა. ერთხანს გორში პედაგოგობდა კიდეც. განუწყვეტელმა დევნამ, სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნამ თავისი ნაყოფი გამოიღო – იგი ჰიპერტონიით დაავადდა.
მამის არქივში დაცულია სხვადასხვა სახის განცხადებები, სადაც ძირითადად სამსახურში აღდგენას ითხოვს“.

ქალიშვილის გარდა, ნიკო სამადაშვილს ორი ვაჟი ჰყავდა - თამაზი და ნუგზარი. როგორც მზია სამადაშვილი წერს, განსაკუთრებით უყვარდა უმცროსი, ნუგზარი, რომელსაც ყოველთვის უზომოდ ანებივრებდა. ბოლო წერილიც ნუგზარს გაუგზავნა 1963 წლის 21 აპრილს: „შენ რომ წახველ, მე ვეღარ ვისვენებ, აღარ ვიცი რა ვქნა…ეცადე, მანდ კარგად ისწავლო და არ შემარცხვინო. თამაშს მოესწრები და სწავლას კი ვეღარ…“ ბოლო წერილის ადრესატი, ნუგზარ სამადაშვილი, მამის შესახებ ამბობს:

ნუგზარ სამადაშვილი
ნუგზარ სამადაშვილი

„უსაზღვროდ უყვარდა თავისი სამშობლო და თავისი ხალხი. თავისი წრე ჰყავდა, ძალიან განათლებული ხალხი. ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენთან. ლაპარაკობდნენ ყველაფერზე - პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე და ა.შ. მე შვილი ვარ და ყოველთვის ვერიდები ნიკოს შემოქმედების მნიშვნელობაზე ლაპარაკს, რადგანაც მეშინია სუბიექტური ვიყო. დიდი პოეტია თუ პატარა პოეტია - ამგვარი მსჯელობისას ვცდილობ განზე გავდგე. ყველაფერს წყვეტს ხალხი. ნამდვილი პოეზია და ხელოვნება ყოველთვის იპოვის თავის გზას“.

ნიკო სამადაშვილს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე რუსთაველის მოედანზე შეხვდა არჩილ სულაკაური. შეხვედრა „გემოში“ გაგრძელდა. როგორც არჩილ სულაკაური მოგონებებში წერს, დამშვიდობებისას ნიკო სამადაშვილმა ასეთი რამ უთხრა:

„სულ მინდოდა კაცურად მეცხოვრა. თითქოს ვიცხოვრე, კაცურად გავიარე ცხოვრების გზა, მაგრამ... რა არის, იცი, ერთი დღე არ მახსოვს ისეთი, თავი რომ ადამიანად მეგრძნო. ეს სულ სხვა რამეა, ჩემო არჩილ, სულ სხვა... მითხარი, შეიძლება, კაცმა სამოცი წელი იცხოვროს ქვეყანაზე და ერთხელ მაინც ვერ იგრძნოს, რომ ის ადამიანია?! ამ ქაოსიდან ვერ გავედი, ვერა და ვერ გავედი...“

გივი შაჰნაზარი
გივი შაჰნაზარი

ნიკო სამადაშვილის ნიჭი და პოეზია წლების შემდეგ დაფასდა.1973 წელს გამოიცა ლექსების პირველი კრებული, „ბეთანია“. გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოიცა პოეტის ლექსების ორი კრებული („შეხვედრები და სინანული“, „წუთისოფლიდან უკვდავებამდე“). მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეზიის ჩვიდმეტტომეულის მეთხუთმეტე ტომში ნიკო სამადაშვილი წარმოჩენილია სამოცდაერთი ლექსით, რითაც, როგორც პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი ამბობს, ნიკო სამადაშვილს დამკვიდრებული აქვს თავისი ადგილი ქართული პოეზიის განვითარების დიდ გზაზე:

„ერთი უზარმაზარი პოეტი, გალაკტიონი, სხვა იყო და ერთი დამალული, დაფარული, უბრწყინვალესი, ძალიან ტკივილიანი ნიკო სამადაშვილი მეორე გზით წავიდა. ავიღოთ ეს ლექსი - „თვალს არ აშორებდა“:

„ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,
წყალგაღმით ჩრდილებს აენთოთ კვარი,
იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,
თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი.

წყევლა ესმოდათ ფეხმძიმე ნისლებს,
სადღაც კი ყეფდნენ ქუში ქედები,
მღვიმეში იდგა ჟამთა სისველე
დაოსებული შემოქმედებით.

ცისკრის ამოსვლა ბეწვზე ეკიდა,
ნანგრევს დაეხრა სამრეკლოს კარი,
ის მიდიოდა და მაინც კიდევ
სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG