Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ ლიპარტელიანი. 27 ივლისი


ოლიმპიურ სოფელში ვართ. ძალიან მომწონს აქაურობა. ყველაფერი ბრწყინვალედ არის მოწყობილი. ნამდვილი სპორტული სიტუაციაა. ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. ყველაფერია, რაც სპორტსმენს შეიძლება ჭირდებოდეს - კარგად ორგანიზებული ტრანსპორტი, ვარჯიშის შესანიშნავი პირობები, გემრიელი საჭმელი...

დიდი სივრცეა ოლიმპიურ სოფელში. ყველა ქვეყნის დელეგაციებს თავიანთი ადგილები აქვთ მიჩენილი. ძალიან კარგ ადგილას დაგვაბინავეს ქართველები. ჩვენი მეზობლები არიან დიდი ბრიტანეთის და ამერიკის ოლიმპიური ნაკრებები.

დღეს უკვე დავიწყეთ ვარჯიში. ვნახოთ, რა იქნება. ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ სხვა სპორტის სახეობებზე დასწრება არ შეგვეძლება. ძიუდოისტებს მხოლოდ ძიუდოს დარბაზში შეგვიძლია შესვლა. ოლიმპიური სისტემა ასეთია: სპორტის ყველა სახეობას აქვს თავისი აკრედიტაცია და აქედან გამომდნარე, ყველა ასპარეზობაზე დასწრება არ შეიძლება. ჩვენ მარტო ძიუდოს დარბაზში და ოლიმპიურ სოფელში შეგვიძლია შევიდეთ. ოლიმპიურ სოფელშიც ვერ შემოდის ყველა - მარტო სპორტსმენები და დელეგაციის წარმომადგენლები.

რა თქმა უნდა, განწყობა საბრძოლოა, ყველანი საბრძოლველად ვართ აქ ჩამოსული. სხვანაირი განწყობა არც შეიძლება, გვქონდეს, და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება... ხვალ ბეთქილ შუკვანი იწყებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოგვცემს იმედს და სტიმულს...

დღეს ქუჩაში არ გავსულვართ. ისეა ჩვენი გეგმა გაწერილი, რომ ამისათვის ჯერ არ გვცალია: ვარჯიში; მერე დასვენება, და ასე შემდეგ. ასე რომ, ჯერ ვერ მოვახერხეთ ლონდონის დათვალიერება. მაგისთვისაც მოვიცლით, ოღონდ მერე. ჯერ შეჯიბრზე ვფიქრობთ ყველანი.

მაგრამ ლონდონს ავტობუსის ფანჯრებიდან მაინც შევავლეთ თვალი, როცა აეროპორტიდან ოლიმპიურ სოფელში მოვდიოდით. აქედანაც ჩანდა განსაკუთრებული განწყობა და ნამდვილი დღესასწაულის შეგრძნება. ბილბორდები, წარწერები ტრანსპორტზე. გადაჭრელებულია ოლიმპიური თამაშებით ყველაფერი...

მოკლედ, ძალიან კარგი განწყობაა. გუშინ დროშის აღმართვის ცერემონია იყო.

დღეს საღამოს ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე მივდივართ და ვემზადებით. ფორმები უკვე ჩავიცვით, ახლა ვიკრიბებით და ყველანი ერთად გავემგზავრებით. ამბობენ, გრანდიოზული გახსნა იქნებაო...
XS
SM
MD
LG