Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვდარი ზონა


2451 წელი. თბილისი.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ე.წ. გვიანდელ ჰომინიდთა საზმაუს ტერიტორიაზე აღმოჩენილია პირველი არხის მიძინებულ მარად უსუფთაო ვულკანად ქცეული ტუალეტის ნაშთები და ევოლუციის მიღმიერი საზმაუს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უკიდურესად ადრეული (პრეჰომინიდური) თავის ქალა (რიგით – მეექვსე).

საზმაუს ტუალეტის ნაშთებში აქტიურად წარმოებს ქიმიურ-დიქლოფოლოგიური წმენდა, თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ოდესმე სრულად მოხდება საზმაუს ტუალეტის ნაშთების დეზინფექცია-ამოტუმბვა. მოსაქმულის კოეფიციენტი აქ მეტისმეტად მაღალია – საუკუნეების წინ ნასაქმარი დღემდე ავრცელებს ტოქსიკურ არომატს, თუმცა საუბარია ამ ნაშთების კონსერვაცია-დაფლვაზეც.

ნაპოვნია საზმაუს ოთახებში ჩახარშულ-შედგმული სუპ-ბორშჩის ნარჩენებიც. ფაქტობრივად, არ მოიძებნება სუპის სახეობა, რომელიც საზმაუს ოთახებში არ დამზადებულა. სუნი აქაც კრისტალიზებულია.

რეალურად, ესაა ერთადერთი არქეოლოგიური ძეგლი პლანეტაზე, რომელსაც სპეციფიკური სუნი უდის.

დერეფანში ნაპოვნია გვიან-დიაოხური ეპოქოს სამი ცალი ბარელიეფი: „დოდო შონავა ებრძვის საზმაუს დერეფანში მორბენალ გიგანტურ ვირთხას“, „ეკა კვესიტაძე სამარადჟამო გამოუფხიზლებლობით წყევლის რიგით მე-6 გვიან ჰომინიდ თ. ტყემალაძეს“ და „ბორდს ცეცხლოვან ფუნაში აფლობს პოეტი ჰომო-ერექტუსი ი. კაკაბაძე“.

დერეფანშივე ნაპოვნია ემზარ გოგუაძის პოსტ-კიკლადური ხანის ბიუსტი, რომელსაც თან ახლავს წარწერა: „დაფეთებული მამრი. სავარაუდოდ - ჰომინიდი“.

გვხვდება პრეისტორიული კომპიუტერული ეკრანიც, რომელზედაც სამუდამოდაა შეყინული ბორდის წევრ ნ. დანელიას ნამტირალევი სახე. ასევე აღმოჩენილია მეექვსე ჰომინიდ ტყემალაძის ტომობრივი ფიცის ტექსტის დასაწყისი („შვილიშვილებს ვფიცავარ...“ – მერე წაშლილია) და, სავარაუდოდ, მის მიერვე ჩამოწერილი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2013 წლის საზმაუს სატელევიზიო ბადის მონახაზი:

„დაუბრუნდეს ეკრანს დიქტორი, უკეთუ... (წაშლილია)“
„11. 00. – „ცეროდენას ეკრანი“.
„13. 00. – 16. 00. შესვენება“.
„16. 15. – რჩეული ნეკროლოგები“.
„17. 00. – პროგრ. „ნაშუადღევს“ (საღამოს გავიდეს, არა უჭირს, ვინ უყურებს)“.
„19. 00. – 22. 00. – შესვენება“.
„22. 00. – პროგრ. „ვრემია“.
„22. 40. – ქართული მხატვრული ფილმი „რაიკომის მდივანი“ (ახალგაზრდებს მოეწონებათ).

საერთო გადაწყვეტილების თანახმად, „ტყემალაძის ბადე“ საქართველოს ოქროს ფონდში იქნება დაცული. გათხრები კვლავაც გაგრძელდება.

გვიანმა ჰომინიდებმა მიგრაცია, სავარაუდოდ, აქ დაასრულეს.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG