ახლა ხიდის 200 მეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი წყალში, ცხრა მეტრის სიღრმეზეა. ასფალტისა და ფოლადის ნამსხვრევები ქერჩის სრუტეში გემების მიმოსვლას აფერხებს. რუსეთს გაურთულდა როგორც ნახევარკუნძულზე განლაგებული ჯარის, ისე იქ მცხოვრები ხალხის მომარაგება.
უკრაინას ხიდზე ადრეც დაურტყამს მას შემდეგ, რაც რუსეთმა მის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. თებერვალში ომის დაწყებიდან ხუთი წელი შესრულდება. თუმცა 16 და 17 ნოემბერს რაკეტებითა და დრონებით რამდენიმე ტალღად განხორციელებულმა შეტევამ ხიდს აქამდე ყველაზე მძიმე ზიანი მიაყენა.
ჩამოინგრა საავტომობილო ხიდის მონაკვეთი. სარკინიგზო ხიდზე მოძრაობა აღდგა, შემდეგ, 19 ნოემბრის შეტევისას კვლავ შეფერხდა.
„ვფიქრობ, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია. როგორც ჩანს, შესაძლოა, ხიდის კონსტრუქციის მთლიანობაც დაირღვა. სავსებით შესაძლებელია, მასზე გადაადგილება უკვე სახიფათო იყოს“, — ამბობს ბრაიან კლარკი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცერი და ვაშინგტონში მდებარე ჰადსონის ინსტიტუტის ექსპერტი.
ინგლისის შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი სემ რიგბი წინა დარტყმებთან კიდევ ერთ განსხვავებაზე მიუთითებს — ამჯერად ხიდის გაცილებით დიდი და კონსტრუქციულად უფრო რთული მონაკვეთი დაზიანდა.
„რუსეთმა ხიდის გარშემო მითი შექმნა — ის იმის სიმბოლოდ აქცია, თითქოს ყირიმი „სამუდამოდ რუსული“ იყო. ახლა ხიდის ნაწილი წყლის ქვეშაა“, — ნათქვამია უკრაინის სამხედრო სარდლობის განცხადებაში.
კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი პირობას დებს, რომ ხიდს აღადგენენ და ის „უწინდელზე უკეთესიც“ იქნება.
მეტი ტვირთი სანაპირო გზაზე
2018 წელს აშენებულ ყირიმის ხიდს ქერჩის ხიდსაც უწოდებენ. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ეს ერთადერთი გზა იყო, რომლითაც რუსეთის ტერიტორიიდან ყირიმში პირდაპირ, ბორნის გარეშე შეიძლებოდა როგორც მგზავრების გადაყვანა, ისე ტვირთის გადატანა.
2018 წლის მაისში, ხიდის გახსნისას, ვლადიმირ პუტინი თავად მიუჯდა მძიმე სატვირთო მანქანის საჭეს და ხიდი გადაიარა.
მანამდე სრუტის ერთი ნაპირიდან მეორეზე მგზავრები და ტვირთი ბორნებს გადაჰქონდათ. თუმცა ბორნები შეზღუდული დატვირთვით მუშაობენ და მათი მოძრაობა ამინდზეც არის დამოკიდებული. 18 ნოემბერს, ხელისუფლების ცნობით, უამინდობის გამო ყველა საბორნე რეისი გაუქმდა.
2022 წელს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ მოწყობილმა სატვირთო მანქანის აფეთქებამ ხიდის სავალი ნაწილი დააზიანა. მის სრულად აღდგენას ხუთ თვეზე ნაკლები დასჭირდა. 2025 წელს ხიდზე უკრაინული წყალქვეშა დრონით შეტევას კონსტრუქციისთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია.
რუსეთს ყირიმამდე მეორე სახმელეთო გზაც აქვს. 2022 წლის გაზაფხულზე, აზოვის ზღვაზე უკრაინის უდიდესი საპორტო ქალაქის, მარიუპოლის, აღების შემდეგ, რუსეთის ჯარმა უკრაინის სანაპიროზე კონტროლი განიმტკიცა. სანაპიროს გასწვრივ გამავალი M-14 რუსეთის ტერიტორიიდან მომარაგების კიდევ ერთ მთავარ გზად იქცა.
წელს უკრაინულმა ძალებმა გაახშირეს დრონებით დარტყმები ამ გზაზე მოძრავ სატვირთო მანქანებზე. თავდასხმები სარკინიგზო გადაზიდვებსაც შეეხო.
ამ ფონზე კიდევ უფრო გაიზარდა ყირიმის ხიდის მნიშვნელობა. მასზე დამოკიდებულია ნახევარკუნძულის ორი მილიონი მცხოვრების სურსათითა და ენერგიით მომარაგება. ამავე გზით იღებს იარაღსა და მარაგს ასიათასობით რუსი სამხედრო, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან.
ახლა, როგორც ჩანს, თავად ხიდზე მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადატანა კარგა ხანს მხოლოდ მატარებლით იქნება შესაძლებელი.
ისრაელელი სამხედრო ექსპერტის, დავით გენდელმანის თქმით, რუსეთის სამხედრო სარდლობას სანაპირო გზატკეცილზე მეტად დაყრდნობა მოუწევს. ამ გზას კი, სადაც სამოქალაქო და სამხედრო ტრანსპორტი ისედაც მოძრაობს, შეზღუდული გამტარუნარიანობა აქვს.
„თუ მოძრაობას იქით გადაიტანენ, ეს, პირველ რიგში, სამხედრო ტვირთების გადაზიდვას შეანელებს და გაართულებს. შეფერხება იმ ტვირთსაც შეეხება, რომელიც აქამდეც სახმელეთო დერეფნით გადაჰქონდათ. სამხედრო თვალსაზრისით, ყირიმის ხიდზე ეს დარტყმა სამხრეთში განლაგებული მთელი დაჯგუფების მომარაგებას ართულებს“, — ამბობს გენდელმანი.
სახმელეთო გზაზე კიდევ ერთი დაბრკოლება გაჩნდა. გავრცელებული ცნობებით, 17 ნოემბერს უკრაინულმა ძალებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხიდი დააზიანეს იმ გზაზე, რომელიც ყირიმს საპორტო ქალაქ ტაგანროგის გავლით დონის როსტოვთან აკავშირებს. როსტოვი უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების თავმოყრის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია.
„ძალიან დიდი მოცულობის საინჟინრო სამუშაოა საჭირო“
ინფრასტრუქტურის ინჟინრების შეფასებით, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, საავტომობილო მონაკვეთის აღდგენას საუკეთესო შემთხვევაშიც კი დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.
„ძალიან დიდი მოცულობის საინჟინრო სამუშაოა საჭირო. არ მგონია, ამას ექვს თვეზე ნაკლები ეყოს. უფრო სავარაუდოა, რომ წელიწადზე მეტი დასჭირდეს“, — უთხრა უკრაინელმა ავიაინჟინერმა კონსტანტინ კრივოლაპმა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.
ბრიტანეთში მოქმედი საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია COWI-ის უფროსი ტექნიკური დირექტორი დევიდ მაკენზი განმარტავს, რომ ახალი კონსტრუქციის ადგილზე მიტანასა და დამონტაჟებას თავად ორი ხიდის ურთიერთმდებარეობაც ართულებს.
მაკენზის შეფასებით, ქერჩის სრუტეში გემებისთვის გზის გასათავისუფლებლად ნამსხვრევების გატანას შესაძლოა ერთი-ორი კვირა ეყოს, თუ ამინდი და საომარი მოქმედებები სამუშაოებს ხელს არ შეუშლის. თუმცა კრემლს მოუწევს გადაწყვიტოს, რას მიანიჭოს უპირატესობა — ნაოსნობის აღდგენას თუ ავტომობილების მოძრაობას.
„ხიდზე მანქანებისთვის დროებითი გზის მოწყობა და იმავდროულად გემებისთვის გასასვლელის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება“, — წერს მაკენზი რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილში.
მაიკ პიტერსენი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი უფროსი მრჩეველი და ვაშინგტონის მახლობლად მდებარე საზღვაო ანალიზის ცენტრის ექსპერტი რუსეთის სამხედრო საკითხებში, ამბობს, რომ სანაოსნო გზის გახსნის ვადის პროგნოზირება ძნელია. მისი შეფასებით, საომარ პირობებში სამუშაოები შესაძლოა გაურკვეველი ვადით გაიწელოს. შედარებისთვის მას ბალტიმორის მაგალითი მოჰყავს — 2024 წელს, ფრენსის სკოტ კის ხიდის ჩამონგრევის შემდეგ, აშშ-ის ხელისუფლებას სანაოსნო გზის გასაწმენდად 76 დღე დასჭირდა.
„არც ადგილის გეოგრაფია, არც წყლის სიღრმე და დინება, არც კლიმატური პირობები სწრაფად მუშაობის საშუალებას არ იძლევა. ამას ემატება ისიც, რომ სამუშაოების ჩატარებას, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლიან“, — ამბობს პიტერსენი.
მისივე შეფასებით, რუსეთის საზღვაო გადაზიდვებზე სრუტის ჩაკეტვის საერთო გავლენა მაინც შეზღუდული იქნება. უკრაინამ რუსულ გემებსა და პორტებზე დარტყმები რომ გაახშირა, მოსკოვმა ტვირთების დიდი ნაწილი უკვე გადაამისამართა ბალტიის ზღვისა და წყნარი ოკეანის პორტებში.
„ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგი ის არის, რომ რუსეთმა ექსპორტის დიდი ნაწილი დასავლეთისა და სამხრეთის ტერმინალებიდან შორეულ აღმოსავლეთში გადაიტანა. ამით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონმა რუსეთის ეკონომიკური ინტერესებისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა“, — ამბობს პიტერსენი.
თავად ყირიმიდან ვრცელდებოდა ცალკეული ცნობები, რომ ზოგიერთ მაღაზიაში ხალხი სურსათს იმარაგებდა, ბენზინგასამართ სადგურებთან კი მანქანების რიგები იდგა. ზაფხულში, ტურისტული სეზონის განმავლობაში, ნახევარკუნძულს სურსათისა და საწვავის მიწოდება სერიოზულად უფერხდებოდა. გარკვეული ხნით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბენზინზე ტალონებიც კი შემოიღო.
„რა ჯანდაბაა, რა პანიკაა, ვინმემ ამიხსენით! ბენზინგასამართებთან რიგებია. ხალხი დაერია და საჭმელს იმარაგებს. რატომ? მერე რა, რომ ხიდი ააფეთქეს? რა, პირველად ხდება?“ — ამბობს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ქალი, რომელიც თავს ვლადად წარადგენს.
სხვა ქალის, ვიქტორია ბატურინა-კაზბანოვას თქმით კი, მართალია, ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურთან რიგი იდგა, მაგრამ „კრიტიკული არაფერი ხდება“.
„ყველაფერი რიგზეა. საჭმელი არ გაძვირებულა. ყველა მშვიდადაა, აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგშია. და ყველა დარწმუნებულია, რომ ხიდის ახალი მონაკვეთი ძველზე ლამაზიც იქნება და გამძლეც“, — ამბობს ის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
18 ნოემბერს, გვიან საღამოს, ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ხიდს ერთი კვირის განმავლობაში მესამედ შეუტიეს. სტატიის განახლების დროისთვის ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.