Accessibility links

„საქართველომ ევროპულ სტუმარმასპინძლობას გემო გაუსინჯა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით, საქართველო გახდა მეორე ქვეყანა მოლდავეთის შემდეგ, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ ვიზის გარეშე იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ევროპის კარის გახსნა იქცა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმატების დამადასტურებელ ფაქტად, არამედ კიდევ ერთ საბაბად მიმართონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში შესვლის წესების გასაცნობად ბროშურებიც კი გამოსცა აფხაზურ და ოსურ ენებზე, რითაც, „კომერსანტის“ ავტორის თქმით, თბილისმა კიდევ ერთხელ მიანიშნა სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომ ქართული პასპორტების აღების შემთხვევაში, საშუალება ექნებათ უვიზოდ გადაკვეთონ ევროკავშირის საზღვარი, თუმცა, როგორც თბილისში მცხოვრებმა აფხაზმა ისტორიკოსმა გიორგი ანჩაბაძემ უთხრა რუსულ გამოცემას, სავარაუდოდ, მხოლოდ აფხაზთა უმნიშვნელო რაოდენობა ისარგებლებს აღნიშნული შეთავაზებით, მთლიანობაში კი, ეს სიახლე გავლენას ვერ მოახდენს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ამ თემაზე სტატიაში მოტანილია ასევე სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი სანაკოევის, კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ვერ ისარგებლებს ამგვარი შეთავაზებით, უკიდურესი სიღარიბეა, ევროპაში მოგზაურობა კი ძვირი ჯდება.

სტატიის ფინალურ ნაწილში „კომერსანტი“ შეახსენებს მკითხველს, რომ 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის წინ, რუსეთის ფედერაციაც აწარმოებდა აქტიურ დიალოგს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, მაგრამ ბრიუსელმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ რუსეთის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის შემდეგ დადგებოდა.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი იმის შესახებ წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს სკოლის ყველა მოსწავლე გაიწვიოს „იუნარმიაში“, ანუ ე. წ. „ყმაწვილთა არმიაში“. გამომცემლობის ვარაუდით, ხელისუფლება შეაშფოთა იმ მოსწავლეთა რაოდენობამ, რომლებიც გასულ კვირას საპროტესტო აქციებზე იყვნენ გასული. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარემ ანატოლი ვიბორნოვმა განაცხადა, რომ დეპუტატები ამუშავებენ კანონპროექტს პატრიოტული აღზრდის შესახებ.

სტატიის მიხედვით, 2016 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააფუძნა სრულიად რუსეთის სამხედრო-პატრიოტული მოძრაობა „იუნარმია“, რომლის განყოფილებები შექმნილია რუსეთის ყველა რეგიონში და, მათ შორის, ყველა სამხედრო გარნიზონში.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „იუნარმიაში“ გაწევრიანებულია ორივე სქესის 56 ათასი ახალგაზრდა 11-დან 18 წლამდე, რომლებიც პერიოდულად მონაწილეობას იღებენ სამხედრო-პატრიოტულ თამაშებში, ეჯიბრებიან ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში და აწყობენ ლაშქრობებს საბრძოლო დიდების ადგილებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG