Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 30 მარტი


„ინტერ რაომ“ შესაძლოა საქართველოში აქტივების ნაწილი გაყიდოს - ასეთი ცნობა გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“, კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, საუბარია კომპანია „მტკვარი ენერგეტიკის“ ორ ენერგობლოკზე, ჯამური სიმძლავრით 600 მეგავატი.

რუსული გამოცემის ცნობით, „ინტერ რაოს“ პრესსამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებას აწარმოებს რუსულ კომპანიასთან.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ „ინტერ რაოსა“ და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ შორის მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა“ - ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესცენტრიდან.

„კომერსანტი“ მკითხველს შეახსენებს, რომ 2015 წლის ზაფხულში საქართველოში მოქმედმა ენერგოკომპანიებმა, მათ შორის, რუსულმა „ინტერ რაომ“ და „თელასმა“ მოითხოვეს ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა, ლარის დევალვაციითა და ბუნებრივი აირის გაძვირებით გამოწვეული ზარალის თავიდან ასაცილებლად.

„კომერსანტი“ ასევე წერს მოახლოებული ტურისტული სეზონის შესახებ და ვარაუდობს, რომ სეზონის ლიდერი იქნება აფხაზეთი, რომელსაც მილიონ-ნახევარზე მეტი რუსი ტურისტი ეწვევა. გამოცემის თანახმად, რუსეთში მზარდი მოთხოვნით სარგებლობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების კურორტები. სტატიის ავტორის გათვლებით, ერთ-ნახევარჯერ გაიზრდება საქართველოსადმი ინტერესიც, თუმცა, ბევრი სხვა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკისგან განსხვავებით, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებულია გარკვეული სახის სირთულე. კერძოდ, საქართველოში მოსახვედრად საჭიროა საზღვარგარეთული პასპორტი და, როგორც წესი, საავიაციო ტრანსპორტი. რაც შეეხება აფხაზეთს, სტატიის ავტორის თქმით, რუს ტურისტებს იზიდავთ, პირველ რიგში, ზღვა, რუბლის ზონა და ხელმისაწვდომი ფასები, რაც, შარშანდელთან შედარებით, ფაქტობრივად, არ გაზრდილა.

„რუსეთის მოქალაქეებს ნაკლებად ეშინიათ ინფლაციის, თუმცა კრედიტის აღებას კვლავინდებურად ერიდებიან“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „იზვესტიამ“ სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ცენტრალური ბანკისა და „საზოგადოებრივი აზრის ფონდის“ მონაცემებით, 2016 წლის მარტში მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის მოქალაქეთა ინფლაციური მოლოდინი, თუმცა რუსი მომხმარებლები მაინც ერიდებიან მსხვილი თანხის დახარჯვას და ამჯობინებენ ფული შეინახონ.

სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ფასები უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ადრე. ამასთან, პრაქტიკულად არ შეცვლილა მსხვილი შესყიდვების სტრუქტურა: ყველაზე დიდი ხარჯი მოდის ბინების რემონტსა და მკურნალობაზე.

2015 იანვრიდან ნეგატიურია მოსახლეობის დამოკიდებულება კრედიტით შესყიდვის მიმართაც: 2016 წლის მარტში გამოკითხულთა 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არახელსაყრელია კრედიტის აღება. 2014 წელს ასე ფიქრობდა 40 პროცენტი, ხოლო 2015 წელს - 64 პროცენტი.

მარტის გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ გაიზარდა იმ მოქალაქეთა წილი, რომლებსაც ბოლო სამი თვის განმავლობაში მოუწიათ ეკონომიის გაწევა ყოველდღიური მოხმარების ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა სურსათი და ტანისამოსი. რაც შეეხება ოჯახის მატერიალური მდგომარეობის ცვლილებას, გამოკითხულთა 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ ერთი წლის განმავლობაში ვითარება გაუარესდა, ხოლო 7 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი ოჯახების მდგომარეობა გაუმჯობესდა, წერს გაზეთი „იზვესტია“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG