Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 20 აპრილი


„ნავთობის გაიაფებამ რუბლი დაასუსტა“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც, 17 აპრილს დოჰაში გამართული ნავთობის მომპოვებელი უმსხვილესი ქვეყნების სამიტი, ფაქტობრივად, ჩაიშალა, რამაც ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა და, შედეგად, რუსული რუბლის კიდევ უფრო დასუსტება გამოიწვია.

არადა, რუსეთში იმედოვნებდნენ, რომ გასულ უქმეებზე ყატარის დედაქალაქში შეკრებილი ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელი ქვეყნები შეთანხმდებოდნენ „შავი ოქროს“ მოპოვების „გაყინვაზე“, თუმცა პოლიტიკურმა უთანხმოებამ საუდის არაბეთსა და ირანს შორის შეთანხმების გაფორმების ყველა მცდელობა ჩაშალა. ირანმა ადრეც განაცხადა, რომ აპირებდა ნავთობის მოპოვების გაზრდას იმ მოცულობამდე, რასაც მოიპოვებდა სანქციების დაწესებამდე. ხელშეკრულების ჩაშლის მიზეზებზე საუბრისას, რუსული გამოცემა ციტირებს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალეკსანდრ ნოვაკის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, საუდის არაბეთმა გადაწყვიტა შეთანხმების პროცესში ჩაერთო ნავთობის მომპოვებელი ყველა ქვეყანა, მათ შორის, კოლუმბია და ნორვეგია, რამაც, საბოლოო ჯამში, შეუძლებელი გახადა შეთანხმების გაფორმება.

„კომერსანტის“ სტატიაში საუბარია ასევე იმაზე, თუ რა ნეგატიურ გავლენას იქონიებს შეთანხმების ჩაშლა რუსეთის ეკონომიკაზე. საქმე ისაა, რომ ნავთობის ფასმა უკვე დაიწყო დაცემა, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რუსეთის ბიუჯეტს, რომელიც დიდწილად ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული. სტატიაში მოტანილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2016 წლის თებერვლიდან ნავთობის ფასის ორთვიანმა მატებამ (ბარელზე) 15 დოლარით რუსეთის ბიუჯეტს დამატებით 350 მილიარდი რუბლის შემოსავალი მისცა.

გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ კი იმის შესახებ წერს, თუ როგორ უნდა აიძულოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ მობილური კავშირის ოპერატორები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯები გასწიონ. სტატიიდან, რომლის სათაურია „ტრილიონები მიყურადებისთვის“, ირკვევა, რომ ანტიტერორისტული ნორმები, რომელთა მიღებასაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აპირებს, დაავალდებულებს ოპერატორებს შეინახონ აბონენტების საუბრებისა და ტექსტური შეტყობინებების შინაარსი სამი წლის განმავლობაში, რაც, სპეციალისტების შეფასებით, კომპანიებს ტრილიონობით რუბლი დაუჯდებათ. კომპანია „მეგაფონს“ მოუწევს სამი წლის განმავლობაში შეინახოს, დაახლოებით, 700 მილიარდი წუთის ხმოვანი გამოძახება, 50 მილიარდი ტექსტური შეტყობინება და 6 მილიონი ტერაბაიტი ინტერნეტ-ტრაფიკის მონაცემები, რისთვისაც კომპანიამ 1,4 ტრილიონი რუბლი, ანუ. დაახლოებით, 21 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯოს. სტატიის მიხედვით, მონაცემთა ცენტრებში 12 საათის შესაბამისი ინფორმაციის შესანახი ინფრასტრუქტურის შექმნას, სულ ცოტა, 3 მილიარდი რუბლი სჭირდება. შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში შენახვისათვის საჭირო ხარჯი რამდენჯერმე აღემატება კომპანიის შემოსავალს. ამ აზრს იზიარებენ რუსეთის მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის სამივე ლიდერი კომპანიის - მეგაფონის, ემ-ტე-ესისა და ვიმპელკომის - წარმომადგენლები.

„რუსეთში „იეჰოვას მოწმეთა“ სექტის აკრძალვა უნდათ“, - წერს გაზეთი „იზვესტია“, რომლის მიხედვითაც, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გააფრთხილა „იეჰოვას მოწმეები“ ორგანიზაციის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, ექსტრემისტული საქმიანობის განხორციელების ბრალდების საფუძველზე. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ გამოცემას თავად „იეჰოვას მოწმეთა“ პრესსამსახურმა მიაწოდა. მისივე ცნობით, რუსეთის სასამართლოებმა ექსტრემისტულად ცნეს ორგანიზაციის მიერ გამოცემული 88 საინფორმაციო მასალა. ყველა მათგანი შეტანილია ექსტრემისტული მასალების ფედერალურ ნუსხაში.

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილემ ვიქტორ გრინმა „იეჰოვას მოწმეებს“ შესთავაზა, ორი თვის ვადაში მიიღონ სათანადო ორგანიზაციული და პრაქტიკული ზომები, რათა არ დაუშვან ფედერალური კანონმდებლობის შემდგომი დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც ახალი დარღვევების აღმოჩენის პირობებში, როგორც გენპროკურორის მოადგილე იმუქრება, ორგანიზაცია ლიკვიდაციას დაექვემდებარება. პროკურატურის გაფრთხილების პასუხად, თავად რელიგიური ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ექსტრემიზმთან საერთო არაფერი აქვთ. „რუსეთის ხელისუფლებამ 60 წელზე მეტია იცის, რომ ჩვენ ისევე შორს ვართ ექსტრემიზმისგან, როგორც ცა და მიწა ერთმანეთისგან. ჩვენი მორწმუნეები ციხეებში და დახვრეტაზე მიდიოდნენ იმისათვის, რომ ადამიანზე იარაღი არ აეწიათ“, ვკითხულობთ „იეჰოვას მოწმეების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG