Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 18 მაისი


საქართველომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შესთავაზა ერთობლივი წვრთნები გამართონ საქართველოს ტერიტორიაზე - ამის შესახებ წერს გაზეთი კომერსანტი“, რომლის მიხედვითაც, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში შეხვდნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს შესთავაზა ასევე თანამშრომლობა იმ სამ პროგრამასა და პროექტში, რომლებიც ხორციელდება საქართველოში ნატოს დახმარებით. გამოცემა ციტირებს საქართველის თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის სიტყვებს: „საქართველომ გამოთქვა სურვილი უმასპინძლოს ამ ტიპის სწავლებებს 2017 წლისთვის. ვფიქრობ, ღირსეულ პარტნიორობას გავუწევთ თურქეთის მხარეს სწავლების უმაღლეს დონეზე ორგანიზების კუთხითაც. ამის თაობაზე უკვე მივიღეთ თანხმობა. ასე რომ, ვემზადებით 2017 წლის გაზაფხულისთვის“.

საქართველის თავდაცვის მინისტრის თქმით, მხარეები ემზადებიან ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მორიგი სამმხრივი შეხვედრა მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართოს ბათუმში.

„კომერსანტი“ მკითხველს აქვე სთავაზობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების პოზიციას საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნების (Noble Partner 2016) მიმართ, რომელშიც, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის 150 სამხედრო მოსამსახურე, ამერიკის შეერთებული შტატების ჯავშანტექნიკა და 650 სამხედრო პირი მონაწილეობს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ნატო თანმიმდევრულად ითვისებს საქართველოს ტერიტორიას და შეგნებულად არყევს სამხედრო პოლიტიკურ ვითარებას სამხრეთ კავკასიაში.

გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ კი ნავთობის გაძვირების მიზეზის დადგენას შეეცადა. „რატომ და რამდენი ხნით გაიზარდა ნავთობის ფასი“ - ამ სათაურით დაბეჭდილ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ 16 მაისს ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა, პირველად 2015 წლის 5 ნოემბრის შემდეგ, მიაღწია 49 დოლარს. ინვესტბანკ Goldman Sachs-ის ანალიტოკესების შეფასებით, დაიწყო ნავთობის ბაზრის რებალანსირება, ანუ მოთხოვნისა და მიწოდების გათანაბრება, რამაც 2016 წლის პირველ კვარტალში დღიური ზეწარმოების 1,4 მილიონ ბარელამდე შემცირება გამოიწვია. მეტიც, მაისში ბაზარზე გარკვეული დეფიციტი გაჩნდა და, იმავე ანალიტიკოსების ვარაუდით, დეფიციტური იქნება მთელი მეორე კვარტალი.

სტატიის მიხედვით, ნავთობის მსოფლიო მოპოვება მცირდება: 2016 წლის პირველ კვარტალში მან შეადგინა 96 მილიონი ბარელი დღეში, მაშინ როცა გასული წლის ბოლო კვარტალში დღიური მოპოვება იყო 97 მილიონი ბარელი. ყოველივე ამის მიზეზად კი დასახელებულია ტექნიკური შეფერხებები - კანადაში ტყის ხანძრები, ნიგერიაში თავდასხმები ნავთობსადენზე და სხვა. ამასთან, პროგნოზის შესაბამისად, ნავთობის ფასი 2016-2018 წლებში 40-50 დოლარის ფარგლებში იქნება.

„ჩინოვნიკები წესიერების ფიცს დადებენ“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აპირებს დიდი ყურადღება დაუთმოს კორუფციასთან ბრძოლის მორალურ-ეთიკურ მხარეს. რუსეთის პრეზიდენტის დავალებით, შესაბამისი უწყებები ამზადებენ ფიცის ტექსტს, რომელიც, სავარაუდოდ, ასე დაიწყება: „ვფიცავ დავიცვა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია, დავიცვა ქვეყნის მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები, პატიოსნად ვემსახურო ხალხს და გადაწყვეტილების მიღებისას არ ვიხელმძღვანელო პირადი ინტერესებით“.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, სამომავლოდ რუსი ჩინოვნიკები, სამსახურში მიღების წინ, ასევე ვალდებული იქნებიან დადონ კორუფციისა და ამორალური ქმედებების მიუღებლობის ფიცი.

სტატიის ფინალში რუსული გამოცემა მკითხველს სთავაზობს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც 2015 წელს სხვადასხვა დონის 18 ათასი სახელმწიფო მოხელე იქნა მიცემული პასუხისგებაში, 800 თანამდებობის პირი კი სამსახურიდან დაითხოვეს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG