Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 16 ივნისი


„ჯაშუშობისათვის გასამართლებულები საქართველოში დაბრუნდნენ“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთის საპატიმროებიდან გათავისუფლდა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის გასამართლებული სამი პირი.

ივნისის ბოლოსათვის იგეგმება კიდევ ერთი პირის გათავისუფლება და, როგორც „კომერსანტს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, გათავისუფლებულთა რაოდენობა მიაღწევს შვიდს. რუსული გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ საქართველომაც ამნისტიის საფუძველზე ასევე გაათავისუფლა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული რუსეთის ოთხი მოქალაქე.

სტატიის მიხედვით, რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებები ჯერჯერობით არ ასახელებენ გათავისუფლებულთა ვინაობას, თუმცა „კომერსანტისათვის“ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მათგანია ეკატერინე ხარებავა - 1992-1993 წლების ომის დროს აფხაზეთიდან სოჭში გაქცეული ქალი, რომელმაც მიიღო ლტოლვილის სტატუსი და მუშაობის უფლება რუსეთის ფედერაციაში. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხარებავა 2008 წლის ომის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცემდა ინფორმაციას რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ. 2014 წლის 14 ნოემბერს კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ ეკატერინე ხარებავას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„კომერსანტის“ ცნობით, ამჟამად საქართველოს ციხეებში რუსეთის არც ერთი მოქალაქე არ იხდის სასჯელს ჯაშუშობისთვის, რუსეთის ციხეებში კი ჯერ კიდევ რჩება საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ჯაშუშობის მუხლით არიან გასამართლებულები.

„დასავლეთი რეალურად აპირებს რუსეთის შეკავებას“ - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომელიც დაწვრილებით მიმოიხილავს ბალტიის რეგიონში მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნებს, უმსხვილესს ცივი ომის დამთავრებიდან, თუმცა სტატიაში იმის შესახებაცაა საუბარი, რომ 8-9 ივნისს ვარშავა უმასპინძლებს ალიანსის სამიტს, რომლის გახსნამდე ერთი დღით ადრე სტარტი აიღო პოლონეთის უახლეს ისტორიაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმსხვილესმა სამხედრო მანევრებმა. ამასთან, პოლონელებთან ერთად სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი სამხედროები.

რუსული გამოცემის თანახმად, ნატოს წვრთნებში ჩაერთვებიან ასევე ფრანგი სამხედროებიც - მეხუთე რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვეითთა დანაყოფი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სწავლებაში, სახელწოდებით Iron Wolf 2016:

„სწავლებაში ასევე ჩაერთვება 5 ათასი სამხედრო დანიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან და ლუქსემბურგიდან. მარტო ამერიკის შეერთებული შტაბები წარმოდგენილი იქნება ათასი სამხედრო მოსამსახურითა და ოთხასამდე საბრძოლო მანქანით. საფრანგეთი განიხილავს 150 სამხედროს განთავსებას ბალტიის ამ ქვეყანაში. რეგიონში მიმდინარეობს ასევე ნატოს სწავლება Saber Strike 2016, რომელშიც მონაწილეობს 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე 12 ქვეყნიდან. მათი მთავარი ამოცანაა სამხედრო კონტინგენტის გადასროლის ოპერაციის დამუშავება დასავლეთ ევროპიდან ბალტიის ქვეყნებში, რუმინეთსა და ბულგარეთში“.

გარდა ამისა, პოლონეთში დაიწყო სამხედრო სწავლება „ანაკონდა 2016“, რომელშიც მონაწილეობს 27 ათასი სამხედრო 22 ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები ათი ათასი სამხედროთი. გამოცემა მკითხველს სთავაზობს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მარეკ ტომაშიცკის კომენტარს:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად რაოდენობრივი პოტენციალი, რამდენადაც მონაწილეთა რიცხვი, რადგან ის უჩვენებს პოლიტიკური ჩართულობის დონეს“.

გასული კვირის ბოლოს დაიწყო სამხედრო-საზღვაო წვრთნები Baltops 2016, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ესტონეთის ნაპირებს მიადგა ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ფლაგმანი. გარდა ამისა, წვრთნებში მონაწილეობს 50 საბრძოლო ხომალდი, 60 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 6 ათასი მეზღვაური 12 ქვეყნიდან.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ იმის შესახებაც წერს, რომ რუსი სამხედრო ექსპერტები სამხედრო სწავლებების ასეთ კასკადს მიიჩნევენ ძალის დემონსტრაციად და პროვოკაციად, მით უმეტეს, რომ, რუსული გამოცემის თანახმად, ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების სარდალს გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯერს უთქვამს, ალიანსმა უნდა შეძლოს რუსეთის რეალურად შეჩერება და ამისათვის საჭიროა რეგიონში ალიანსის ძალების გაზრდაო. „ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ფინეთმა და შვედეთმა ასევე გამოთქვეს სურვილი თავიანთ ტერიტორიებზე მუდმივად განათავსონ ალიანსის ძალები“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG