Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2016 წლის 12 ოქტომბერი


„სააკაშვილი არ დაბრუნდა: რას უნდა ველოდეთ საქართველოს განახლებული ხელისუფლებისგან“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „როსბიზნესკონსალტინგმა“ ანალიტიკური სტატია, რომლის ავტორი, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის დოცენტი სერგეი მარკედონოვი, ცდილობს უპასუხოს შეკითხვას: 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, მოსალოდნელია თუ არა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეცვლა?

რუსი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, გამარჯვება 2016 წლის ერთადერთი ელექტორალური გამარჯვება არ არის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიმტკიცა მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი, რომელთანაც სხვა ვერც ერთი პარტია ახლოს ვერ მივა ვერც ამომრჩევლების რაოდენობით და ვერც რესურსებით. ამასთან, როგორც სერგეი მარკედონოვი თვლის, პარტიას წინ ელის სერიოზული სამუშაო რებრენდინგის სახით, პირველ რიგში, მისი ლიდერის შორს ყოფნის გამო. საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ არჩევნების წინ განაცხადა უკრაინაში თავისი კარიერული პრიორიტეტების შესახებ. სტატიაში „ნაციონალური მოძრაობა“ დახასიათებულია, როგორც მკვეთრად დასავლური ორიენტაციის პარტია. „ქართული ოცნებისათვის“ დათმობილ ნაწილში სტატიის ავტორი წერს, რომ სააკაშვილის შემდეგ მოსკოვმა და თბილისმა შეძლეს დაპირისპირების უკიდურესი ზღვრიდან გამოსვლა, თუმცა ურთიერთობის სრულფასოვან ნორმალიზებაზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია საუბარი. მხარეებს პრინციპული უთანხმოება აქვთ როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, ასევე საქართველოს კოოპერაციაზე ნატოსა და ევროკავშირთან:

„შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას, იქნება ეს მოსკოვთან თუ ვაშინგტონთან ურთიერთობა. შენარჩუნდება როგორც ნატოსთან, ევროკავშირთან და ამერიკასთან კოოპერაციის, ასევე რუსეთის მიმართულების რაციონალიზაციაზე აღებული კურსი. „ევროსკეპტიკოსების“ პოზიციების გამყარება კი დამოკიდებულია მათ უნარზე მოძებნონ შეხების წერტილები და უარი თქვან პირად ამბიციებზე. ხმების რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეების მიუხედავად, მესამე ადგილზე გასული „პატრიოტთა ალიანსი“ შეიძლება განვიხილოთ როგორც გარკვეული სიგნალი. აშკარაა საზოგადოების მოთხოვნა მესამე ძალაზე. საკითხი მხოლოდ მისი ხარისხობრივი გაფორმებაა“. სერგეი მარკედონოვის ამ მოსაზრებას „როსბიზნესკონსალტინგი“ აქვეყნებს.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი იმის შესახებ წერს, ემუქრება თუ არა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს „ცივი ომი“. ამ კითხვის პასუხად გაზეთი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ცივი ომის სრულმასშტაბიანი გაშლა შეუძლებელი იქნება ღია საზღვრებისა და ხელმისაწვდომი ინტერნეტის პირობებში. რუსული გამოცემის მიხედვით, ახალ ცივ ომს აქვს ჰიბრიდული ხასიათი. ეს არის ნარევი ისეთი ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე კონფლიქტებისა, რომლებშიც მოსკოვსა და ვაშინგტონს თავიანთი ინტერესები აქვთ და მათი შეჯახების შედეგია დიპლომატიური ნოტები, რიტორიკული ჩხვლეტები, სანქციები და ანტისანქციები, ურთიერთობების გაყინვა ერთ სფეროში და მეორეში შენარჩუნება. „ნეზავისიმაია გაზეტას“ ავტორის დასკვნით, ამ კონფლიქტში რუსეთის მთავრობის მიზანი იდეოლოგიური ტრიუმფი კი არ არის, როგორც ადრე იყო, არამედ სუვერენიტეტის შენარჩუნება ამერიკის დომინირების ეპოქაში.

„საშუალო კლასი ღარიბდება“ - წერს გაზეთი „ვედომოსტი“, „სბერბანკის“ მონაცემებზე დაყრდნობით. სტატიიდან მკითხველი შეიტყობს, რომ ხანგრძლივმა კრიზისმა შეცვალა რუსეთის მოქალაქეების სამომხმარებლო გემოვნება, გააღარიბა საშუალო კლასი და გააუარესა ცხოვრების ხარისხი. საქმე ის არის, რომ „სბერბანკმა“ გამოაქვეყნა ყოველკვარტალური სამომხმარებლო ნდობის ინდექსი „ივანოვი“, რომელიც დაიანგარიშეს ასი ათასზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქებში მცხოვრები 2 300 რესპონდენტის გამოკითხვით. სტატიის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოკითხულთა განწყობა გაუმჯობესდა, მაგრამ ეს გამოიწვია არა ეკონომიკურმა წინსვლამ, არამედ არსებულ ვითარებასთან შეგუებამ. „ივანოვების“ საშუალო ხელფასი გაიზარდა ინფლაციაზე ნაკლებად, ხოლო დანაზოგის არმქონე მოქალაქეების წილი გაიზარდა 39-დან 42 პროცენტამდე.

იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საშუალო შემოსავალი აქვთ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შემცირდა 60-დან 50 პროცენტამდე. 34-დან 45-მდე გაიზრდა იმათი რაოდენობა, ვინც საშუალოზე ნაკლებს იღებს, თუმცა გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნონით გამოთქვამს აზრს, რომ ლაპარაკი საშუალო კლასის მნიშვნელოვან შემცირებაზე ნაადრევია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG