Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2016 წლის 26 ოქტომბერი


რუსეთი პოზიციებს თმობს ბიზნესის კეთების რეიტინგში – ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს გაზეთი „კომერსანტი“, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ რეიტინგში რუსეთმა მეორმოცე ადგილი დაიკავა და, შარშანდელთან შედარებით, ოთხი პუნქტით დაიწია უკან.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ფედერაციის რეიტინგი ითვლება ორი ქალაქის – მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის კომპანიების გამოკითხვით. ვლადიმირ პუტინის მიერ 2012 წელს გამოცემული განკარგულებების მიხედვით, 2018 წლისთვის რუსეთმა ბიზნესის კეთების რეიტინგში უნდა დაიკავოს მეოცეზე მაღალი ადგილი.

ახალ რეიტინგში რუსეთმა გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ბელგია, იტალია და ისრაელი, მაგრამ რუსეთი ჩამორჩა თავის უშუალო მეზობლებს – ბელორუსიასა და ყაზახეთს, რომლებმაც 37-ე და 35-ე ადგილები დაიკავეს. რეიტინგის ლიდერები კი არიან ახალი ზელანდია, სინგაპური და დანია.

მსოფლიო ბანკმა რუსეთის მთავრობის მიერ გატარებულ ერთადერთ საყურადღებო რეფორმად მიიჩნია სამშენებლო მოედნის შემოღობვისა და არასაცხოვრებელი შენობებისათვის არქიტექტურული გეგმების ნებართვის გაუქმება. მთლიანობაში, მშენებლობის ნებართვის კუთხით, რუსეთი 115-ე ადგილზეა. გარკვეული წინსვლა შეინიშნება ახალი ბიზნესის წამოწყების, საკუთრების რეგისტრირებისა და ელექტროქსელთან მიერთების ნაწილშიც.

„კომერსანტმა“ ასევე გამოაქვეყნა კიდევ ერთი რეიტინგი. სარეიტინგო სააგენტო Moody`s-ის ანალიტიკოსებმა გაზარდეს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი დიდი ოცეულის ქვეყნებისათვის. 2017 წლის საპროგნოზო რეიტინგში საერთო მაჩვენებლები გაიზარდა ჩინეთის, ბრაზილიისა და რუსეთის მშპ-ის პროგნოზის ზრდის ხარჯზე. Moody`s-ის პროგნოზით, 2017 წლისათვის რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 2%-ით, ნაცვლად ნავარაუდები 1,0%-ისა. სააგენტო ასევე ვარაუდობდა, რომ მიმდინარე წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 1,5%-ით შემცირდებოდა, თუმცა ეს პროგნოზიც შეცვალა – 0,5%-ით.

„გზა მესამე სამყაროში“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ვედომოსტმა“ სტატია, რომელშიც განხილულია რუსეთის ფედერაციის 2017-2019 წლების ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. გამოცემა არ მალავს შეშფოთებას განათლების, ჯანდაცვისა და მეცნიერებისათვის გათვალისწინებული ხარჯის წილის შემცირების გამო 2006 წლის ბიუჯეტის დონემდე და ვარაუდობს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა არ ეყოფა ცხოვრების ხარისხისა და შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნებას იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის საერთო რაოდენობა ისედაც მცირდება.

„ადამიანური კაპიტალის ამგვარი დეგრადაცია მიუახლოებს რუსეთს მესამე სამყაროს ქვეყნებს“ – წერს „ვედომოსტი“, რომლის ინფორმაციითაც, 2019 წელს რუსეთის ფედერაციის კონსოლიდირებულ ბიუჯეტში განათლების ხარჯების წილი შემცირდება 3,5%-ით, რაც არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2005 წლის შემდეგ და შეესაბამება ლათინური ამერიკისა და აზიის განვითარებადი ქვეყნების დონეს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG