Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 16 ნოემბერი


„მინისტრი ქრთამზე გამოიჭირეს“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა "იზვესტიამ” სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მოქმედი მინისტრი ალეკსეი ულუკაევი 2 მილიონი დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. პუბლიკაციის თანახმად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განმარტა, რომ საუბარია სახელმწიფო კომპანია „როსნეფტისათვის“ ქრთამის გამოძალვაზე, რასაც თან ახლდა მუქარა. ქრთამის სანაცვლოდ ეკონომიკის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა, რომელიც „როსნეფტს“უფლებას აძლევდა შეესყიდა კომპანია „ბაშნეფტის“ აქციების ის ნაწილი (50%), რომელსაც ასევე სახელმწიფო ფლობდა.

თუ დანაშაული დადასტურდა, წერს „იზვესტია“, ალეკსეი ულუკაევი იქნება კორუფციაში მხილებული ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი პოსტელცინურ ეპოქაში. ულუკაევამდე ფედერალური მთავრობის წევრთაგან სამართალდამცავი უწყებების სამიზნეში მოხვდა იუსტიციის ექს-მინისტრი ვალენტინ კოვალიოვი, მაგრამ ეს იყო შორეულ 1999 წელს.

„იზვესტია“ იმასაც წერს, რომ მინისტრის დაკავების შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტ პუტინს პირადად მთავრობის მეთაურმა მიაწოდა. დმიტრი მედვედევის თქმით, „ამ და ნებისმიერი მსგავსი ისტორიიდან რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ერთი დასკვნა გამომდინარეობს: ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი, არც მინისტრი, არც დეპუტატი, არც გუბერნატორი და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო მოსამსახურე არ ფლობს იმუნიტეტს კორუფციული დანაშაულის ჩასადენად”.

სტატიის მიხედვით, ბასმანის სასამართლომ ალეკსეი ულუკაევს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა.

გაზეთი „კომერსანტი“ კი ბულგარეთსა და მოლდავეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ წერს. საუბარია არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივაზე. საქმე ისაა, რომ მოლდავეთში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა სოციალისტმა იგორ დოდონმა, რომელიც კრემლმა უკვე მიიპატიჟა მოსკოვში. გამოცემის შენიშვნით, ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კონტაქტი ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის 2012 წლის შემდეგ. იგორ დოდონმა უკვე განუცხადა რუსულ მედიას, რომ აპირებს შეხვედრისას განიხილოს მოლდოველი ფერმერებისათვის ბაზრის გახსნისა და რუსეთში მოლდოველი შრომითი მიგრანტების მდგომარეობის საკითხები. დოდონი იმედოვნებს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგება და მხარეები შეძლებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას მიგრაციის სფეროში.

თუმცა თავად რუსული გამოცემა ეჭვს გამოთქვამს, რომ მოლდავეთი და რუსეთი იოლად შეძლებენ ურთიერთობების დალაგებას: „იგორ დოდონი პრეზიდენტი ხდება რთულ დროში: ერთი მხრივ, პრეზიდენტის უფლებამოსილება საკმაოდ შეზღუდულია და არ იძლევა საშუალებას ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, მეორე მხრივ, პარლამენტსა და მთავრობას აკონტროლებს დემოკრატიული პარტია, რომლის ხელმძღვანელობა არ არის შემჩნეული მოსკოვისადმი სიმპათიებში“.

„კომერსანტი“ წერს ასევე ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული რუმენ რადევის შესახებ, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გამოდიოდა რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გაუქმების მოწოდებით და იმ სარგებელზე საუბრობდა, რომელსაც მოუტანს ბულგარეთს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. „კომერსანტი“ ვარაუდობს, რომ ბულგარეთის ახალი ლიდერი სოფიას დაუახლოვებს მოსკოვს, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე.

„პუტინისა და ტრამპის „მეგობრობის“ აჩრდილი აშინებს ძველ სამყაროს“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სტატია, რომელშიც საუბარია ევროპელი პოლიტიკოსების შიშზე, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა დაემუქრება ევროკავშირის ეროვნულ უსაფრთხოებას, თუმცა, რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელ ნიკოლაი მირონოვის ვარაუდით, ტრამპის იმ განცხადებების დრო, რომლებიც ევროპელებში ციებ-ცხელებას იწვევს, დამთავრდება იანვარში, თანამდებობის დაკავებისთანავე. რუსი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ვერ გამოიყვანს რუსეთს იმ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა კრემლის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG