Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 14 დეკემბერი


რუსეთის მედია აქტიურად აშუქებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკსეი ნავალნის გადაწყვეტილებას კენჭი იყაროს 2018 წლისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. „ნავალნი პრეზიდენტობისათვის ბრძოლას საინტერესოს გახდის“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ვედომოსტიმ“ სტატია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, არჩევნებში ნავალნის მონაწილეობა ხელს აძლევდეს კიდეც კრემლს. გამოცემა შენიშნავს, რომ აქამდე ოპოზიციონერ დეპუტატს არ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომპანია „კიროვლესის“ საქმეზე გამოტანილი იმ განაჩენის გამო, რომელიც სულ ახლახან გააუქმა სააპელაციო სასამართლომ.

ნავალნის მონაწილეობა არჩევნებში უთუოდ გაზრდის ამომრჩევლის აქტივობას და საარჩევნო კამპანიასაც საინტერესოს გახდის, თუმცა ყოველივე ეს ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნის რუსეთის მოქმედ ხელისუფლებას, - ვარაუდობს ლევადას ცენტრის დირექტორი ალეკსეი გრაჟდანკინი, რომლის თქმითაც, მისი მონაწილეობა შეიძლება გამოყენებული იქნეს ახალი ან „ძველი ახალი“ პრეზიდენტის ლეგიტიმაციისათვის.

გაზეთი „ვედომოსტი“ აქვეყნებს, ასევე, სტატიას რუსეთის პრეზიდენტისადმი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ. როგორც ირკვევა, რუსეთის მოსახლეობის თითქმის მესამედი - დაახლოებით, 29 პროცენტი - ამბობს, რომ გაუუარესდა დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინისადმი. გამოცემის თანახმად, ასეთი შედეგი აჩვენა ნოემბრის თვეში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ, რომლის მიხედვითაც, საგრძნობლად შემცირდა იმათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი წარმატებით და ღირსეულად ართმევს თავს ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს, თუმცა გამოკითხულთა თითქმის ნახევარს - 48 პროცენტს - კვლავინდებურად სჯერა, რომ პუტინი გულწრფელად ცდილობს ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ამაში ხელს უშლის ბიუროკრატია.

კვლავინდებურად მაღალია და 86 პროცენტს შეადგენს პუტინის საქმიანობის მოწონების რეიტინგი, თუმცა თავი იჩინა გარკვეული სახის პრეტენზიებმა, რომლებიც მიყუჩებული იყო კრიზისის გამო, მაგრამ საკითხი ისეც არ დგას, რომ სერიოზულად დაისვას კითხვა - ართმევს თუ არა თავს პრეზიდენტი თავის უფლება-მოვალეობას.

გაზეთი „კომერსანტი“ კი ტურიზმის ბიზნესის შესახებ წერს სტატიაში, რომლის სათაურია „ტურიზმის ვარდნა შენელდა“. პუბლიკაციის თანახმად, ვარდნის ტემპი თითქმის სამჯერ შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ გასული ტურისტების რაოდენობა მხოლოდ 6 პროცენტით შემცირდა, მაშინ როცა 2015 წელს შემცირების მაჩვენებელი 20 პროცენტი იყო.

სტატიაში, რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებსაც უპირატესობას ანიჭებენ რუსი ტურისტები. როგორც ირკვევა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწინაურდნენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები - ყაზახეთი და უკრაინა. ასევე ლიდერთა შორის არის აფხაზეთი, თუმცა გამოცემა იმასაც შენიშნავს, რომ აფხაზეთში სტუმრობა, ხშირ შემთხვევაში, წმინდა ტურისტულ მიზნებს არ ემსახურება. რუსი ტურისტებისთვის ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნების ათეულში ასევე შედიან: ჩინეთი, რომლის პოპულარობა გაიზარდა 30 პროცენტით, ესტონეთი, საბერძნეთი და კვიპროსი. იანვარ-სექტემბრის განმავლობაში კი ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი იყო ტუნისში, სადაც 600 ათასამდე რუსი ტურისტი გაემგზავრა. „კომერსანტის“ მიხედვით, რუს ტურისტებში მაღალი პოპულარობით სარგებლობს საქართველოც, რომელსაც წელს 595 ათასი რუსეთის მოქალაქე ესტუმრა - 18 პროცენტით მეტი, ვიდრე 2015 წელს, - წერს გაზეთი „კომერსანტი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG