Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 4 იანვარი


„ჩვიდმეტი წელი არ იქნება“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც ნახევრად ხუმრობით იმ შიშებზეა საუბარი, რომლებიც ოქტომბრის რევოლუციისა თუ გადატრიალების მეასე წლისთავს უკავშირდება. როგორც ირკვევა, რუსეთი აპირებს 2017 წელი რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს, რადგანაც, სტატიის ავტორის თქმით, რევოლუციის წლისთავს რუსეთი შეხვდა სრულებით არარევოლუციური განწყობით. საერთოდაც, ვკითხულობთ სტატიაში, რუსეთის ხელისუფლება, ბიზნესი და საზოგადოება დიდი სიამოვნებით გამოტოვებდნენ ამ წელს. რევოლუციის ყველა ხილული საფრთხე წინასწარ იქნა მოხსნილი 2016 წელს, ყველა დიდი გეგმა კი გადატანილი იქნა 2018 წლისთვის: „როცა კი საუბარი შეეხება 2017 წლის გეგმებს, ყველა ცდილობს ილაპარაკოს 2018, 2019, 2020 წლებზე, სადაც, თითქოსდა, ყველაფერი მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია, 2017 წლის გეგმებში კი რაღაც დაძაბული და შეუვალი სიცარიელეა. რაღაც იქნება, მაგრამ განსაკუთრებულს არავინ არაფერს ელის. და, საერთოდ, ეს წელი არათუ უნდა წავიდეს, არამედ უნდა გაფრინდეს წამიერად. უმჯობესი იქნებოდა, ეს ჩვიდმეტი წელი საერთოდ არ ყოფილიყო“, წერს გაზეთი „კომერსანტი“.

გაზეთმა „იზვესტიამ“ კი გამოაქვეყნა იმ საკანონმდებლო ცვლილებების ათეული, რომლებიც 2017 წლის 1 იანვრის დადგომის შემდეგ შევიდა ძალაში. სიის თავშია მოქცეული საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებული სიახლე: მამაკაცების საპენსიო ასაკი განისაზღვრა 65, ხოლო ქალებისა 63 წლით. საინფორმაციო აგრეგატორების კანონის მიღების შემდეგ, ინტერნეტ-აგრეგატორები, რომელთა ყოველდღიური აუდიტორია შეადგენს ერთ მილიონს, გაუთანაბრდებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და ექნებათ ვალდებულება გავრცელებამდე გადაამოწმონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ცნობები და დაუყოვნებლივ აღკვეთონ მათი გავრცელება კანონმდებლობის შესაბამისად. 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილება კანონში „პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ“. ახალი წლიდან პარტია ყოველ მიღებულ ხმაზე ბიუჯეტიდან მიიღებს 152 რუბლს, ნაცვლად უწინდელი 110 რუბლისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მმართველი პარტია მიიღებს 4,3 მილიარდ რუბლს, კომუნისტური პარტია და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია-თითო-თითო მილიარდს.

ახალი წლიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აიკრძალა ლუდის გაყიდვა 1,5 ლიტრზე მეტი ტევადობის პლასტიკატის ბოთლებით. კანონის დარღვევისთვის კერძო პირი დაისჯება 200 ათასი რუბლით, ხოლო იურიდიული პირი - 500 ათასი რუბლით.

„რეცესიასა და ზრდას შორის“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა „როსბიზნესკონსალტინგმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს, მთავრობის არაერთი დაპირების მიუხედავად, ვერ მოხერხდა ვერც რეცესიის და ვერც ინვესტიციებისა და შემოსავლების შემცირების შეჩერება, თუმცა, მეორე მხრივ, აშკარაა ინფლაციის რეკორდულად დაბალი დონე და ეკონომიკური ზრდის მოლოდინი. საქმე ის არის, რომ 2016 წელს, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პირველად, ინფლაცია ჩამოცსდა ორნიშნა რიცხვს. 2014 წელს რუსეთში ინფლაციამ 12,9 პროცენტი შეადგინა, 2016 წლის ბოლოს კი - 5,8 პროცენტი. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2017 წელს ინფლაცია 4 პროცენტზე მეტი არ იქნება და ასეთი ვითარება შენარჩუნდება, სულ ცოტა, შემდეგი ორი წლის განმავლობაში, თუმცა, როგორც რუსული გამოცემა შენიშნავს, ვითარება კვლავ მძიმეა შემოსავლების თვალსაზრისით - რუსეთში შემოსავლების მოცულობა მესამე წელია მცირდება. 2016 წლის აგვისტოში ვარდნის მაჩვენებელმა 8,5 პროცენტი შეადგინა. რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, მცირდება, ასევე, ინვესტიციების მოცულობა: 2016 წელს საშუალოდ 3,7 პროცენტით ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე 2015 წელს. რუსეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ინფლაციის დაბალი დონე წაახალისებს ინვესტიციების ზრდას, წერს გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG