Accessibility links

გაზეთი „კომერსანტი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ 1970 წელს დაბადებული ოკსანა სევასტიდის შეწყალების შესახებ წერს. 2016 წლის 3 მარტს კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ სევასტიდის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოში გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო, რასაც მოსამართლემ სახელმწიფო ღალატის კვალიფიკაცია მიანიჭა. საქმე ის არის, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოჭში ოკსანამ სევასტიდიმ დაინახა მატარებელი, რომელსაც გადაჰქონდა საბრძოლო ტექნიკა აფხაზეთის მიმართულებით და ამის შესახებ დაწერა საქართველოში თავისი მეგობრისთვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში. 2015 წლის იანვარში ის დააპატიმრეს, ბრალი წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულში - სამშობლოს ღალატში, 2016 წლის მარტში კი დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. ოკსანა სევასტიდის ადვოკატმა ევგენი სმირნოვმა განაცხადა, რომ აპირებს ბოლომდე იბრძოლოს გამამტყუნებელი განაჩენის შესაცვლელად:

„მიუხედავად შეწყალებისა, ჩვენ მოვითხოვთ განაჩენის შეცვლას და ოკსანა სევასტიდის გამართლებას, რადგანაც ეს განაჩენი თავისთავად უკანონოა და შეუძლებელია, რომ ასე დარჩეს“.

„რუსეთი ახალი დემოგრაფიული კრიზისის ზღურბლზეა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სტატია, რომლის მიხედვითაც 2016 წელს რუსეთში დაფიქსირდა შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში: რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს რუსეთში დაიბადა 1,9 მილიონი ბავშვი, ანუ 51 ათასით ნაკლები, ვიდრე წინა წელს. რუსი დემოგრაფები აფრთხილებდნენ მთავრობას მოახლოებული კრიზისის შესახებ, რადგანაც არა მხოლოდ დემოგრაფიული ტენდენციები ახდენენ გავლენას შობადობის რიცხვზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც. მათი თქმით, მხოლოდ დედობის კაპიტალი საკმარისი არ არის. შესაბამისად, მაღალია იმის ალბათობა, რომ დადებითი დემოგრაფიული ტენდენცია ნულამდე დავიდეს. გამოცემა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რუსეთში მოსახლეობის დადებითი ბუნებრივი ნამატი ფიქსირდება მხოლოდ 2013 წლიდან. 2015 წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ამ ტენდენციის კომენტირებისას სიამაყით განაცხადა: „ჩვენ უბრალოდ კი არ ვცხოვრობთ, არამედ სულ უფრო და უფრო მეტნი ვხდებით, რაც შეუძლებელი იყო ბოლო ოცი წლის განმავლობაში. რუსეთს ვეღარავინ განიხილავს გადაშენების პირას მყოფ სახელმწიფოდ“.

თუმცა 2014 წელს ნამატმა შეადგინა 30 ათასი ადამიანი, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 5 ათას 400 იყო.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვეყნებს ასევე სტატიას რუსეთის მიერ ევროვიზიის კონკურსის შესაძლო ბოიკოტის თაობაზე. კონკურსში მონაწილეობაზე უარის მიზეზი შეიძლება გახდეს უსაფრთხოების საკითხი. რუსეთში შიშობენ, რომ კონკურსის მასპინძელი ქვეყანა, უკრაინა, ვერ უზრუნველყოფს რუსი შემსრულებლების სათანადო დაცვას. გამოცემის თანახმად, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ტელევიზია უარს იტყვის ევროვიზიაზე, რადგანაც, პირველი, რუსეთის პირველი არხი, როგორც წესი, უკრაინის ხელისუფლებას ხუნტად მოიხსენიებს და, მეორე, 12 მარტი კონკურსში მონაწილის წარდგინებისა და ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე სიმღერის ვიდეოვერსიის ატვირთვის ბოლო ვადაა. სტატიის მიხედვით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ წლევანდელი ევროვიზია რუსეთის გარეშე ჩატარდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG