Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


რუსეთის მოქალაქეების შემოსავალი 2013 წლის დონეს მხოლოდ 2022 წლისთვის მიაღწევს, პენსია კი - მხოლოდ 2025 წელს, წერს გაზეთი „ვედომოსტი“, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. ამავდროულად კეთდება პროგნოზი, რომ გაიზრდება ეკონომიკა დასაქმებულებისა და საინვესტიციო აქტივობის ზრდის ხარჯზე. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას კი ხელს უწყობს საპენსიო ასაკის გაზრდა მამაკაცებში 65 წლამდე, ხოლო ქალებში 63 წლამდე. საპენსიო ასაკის გაზრდა საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობას შეამციროს პენსიონერთა რაოდენობა 23 პროცენტით, ანუ 7 მილიონი ადამიანით. „რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ხელფასი და შემოსავლები უახლოესი ოცი წლის განმავლობაში უფრო ნელი ტემპით გაიზრდება, ვიდრე ეკონომიკა. რეფორმების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ეკონომიკა 3,5 პროცენტით გაიზრდება მხოლოდ 2026 წლისთვის, შემდეგ კი ზრდის ტემპი შენელდება“, წერს გაზეთი „ვედომოსტი“.

„რუსეთში მოწევა აღარ არის მოდაში“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „იზვესტიამ“ სტატია, რომლის მიხედვითაც, მავნე ჩვევისგან გათავისუფლების სურვილი აქვს მწეველთა 79 პროცენტს. საყურადღებოა ისიც, რომ სპეციალური კანონის მიღების შემდეგ საგრძნობლად შემცირდა მწეველთა რაოდენობა. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, ოთხი წლის წინ გამოკითხულთა 57 პროცენტს სურდა მოწევისთვის თავის დანებება, წელს კი ეს მაჩვენებელი 79 პროცენტია. ამასთან, 2017 წელს მოწევას თავი დაანება გამოკითხულთა 20-მა პროცენტმა, ხოლო 49 პროცენტმა თქვა, რომ არასოდეს მოუწევია. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ყოველი მეხუთე მწეველი ეწევა დღეში ერთ კოლოფს ან მეტს.

სტატიაში იმაზეცაა საუბარი, რომ სახელმწიფოს ყველა ინიციატივას, შეზღუდოს მოწევა, როგორც წესი, საზოგადოების დიდი წინააღმდეგობა ხვდება და რომ კანონის ცვლილებასთან ერთად საჭიროა უფრო ფაქიზი ინსტრუმენტების გამოყენება. საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა. რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების 34 პროცენტი რეგულარულად არის დაკავებული ფიზკულტურით.

რუსეთის პრესამ ასევე აქტიურად გააშუქა 29 მაისს მომხდარი სტიქიური უბედურება, რომლის დროსაც ძლიერმა ქარიშხალმა თხუთმეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაზეთ „ვედომოსტის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სიკვდილიანობის თვალსაზრისით, მაისის ქარიშხალი იყო ყველაზე მასშტაბური მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში. ძლიერმა წვიმამ და 22 მეტრი/წამში სიძლიერის ქარიშხალმა დააზიანა შენობა-ნაგებობები, წააქცია ხეები და მწყობრიდან გამოიყვანა, ჯამში, 200 მილიონი რუბლის ღირებულების ავტომობილები.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG