Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 14 ივნისი


„მიმართულების ცვლილება“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც ავტორმა სცადა ეპასუხა კითხვაზე: რატომ ატარებს რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე შვებულებას საქართველოში? რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონაცემებით, ბოლო დროს რუსი ტურისტები მონაკოს ნაცვლად ბათუმს ირჩევენ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? სტატიაში ვკითხულობთ: „ეს ქვეყანა ბევრს მოწონს: ძალიან ლამაზია მისი დედაქალაქი, რომელიც განთქმულია თავისი სტუმართმოყვარეობით, ასევე არის სამთოსათხილამურო კურორტები, მრავალფეროვანი სამზარეულო, თან რუსებს არ ექცევიან უდიერად. შესაბამისად, ჩვენი კლიენტები ძალიან კმაყოფილები არიან“, - ამბობს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი.

სტატიის მიხედვით, ხუთ-ექვსდღიანი ტური ავიაგადაფრენით ერთ კაცზე 500-600 დოლარი ჯდება, რაც თურქეთთან შედარებით ძვირია, თუმცა ამის მიუხედავად საგზურებზე მოთხოვნა არ იკლებს. ასევე ძვირია დასვენება ბათუმში, სადაც აპარტამენტების ფასი ღამეში 80 დოლარიდან იწყება. სტატიაში იმაზეცაა საუბარი, რომ ღირს დაფიქრება გადაწყვეტილების მიღების წინ, რადგანაც საქართველოში ზღვას ვერ დაარქმევ სუფთას, სერვისს კი ხარისხიანს.

გაზეთი „როსბიზნესკონსტალტინგი“ კი ვლადიმირ პუტინის ყოველწლიური პირდაპირი ეთერის სამზადისზე წერს. სტატიის მიხედვით, კონფერენციის მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარეს პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს პანსიონატში, სადაც მიწვეული იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები რეგიონებიდან. რედაქცია ელაპარაკა ტრენინგში მონაწილე ერთ-ერთ პირს, რომლის თქმითაც, პანსიონატში მიწვეულები დაყვეს ჯგუფებად და თითოეულ მონაწილეს დაასმევინეს კითხვა.

„ჟურნალისტი გოგონები გულმოდგინედ გვისმენდნენ და წიგნაკებში იწერდნენ შენიშვნებს“, - იხსენებს „როსბიზნესკონსალტინგის“ რესპონდენტი, რომლის თქმითაც, ინსტრუქტორებმა ასევე ურჩიეს პრეზიდენტთან მიწვეულ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ალკოჰოლისა და ბევრი სითხის მიღებისგან, რადგანაც შესაძლებელია პრეზიდენტთან ურთიერთობა 5 საათი გაგრძელდეს. რუსული გამოცემა ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ვლადიმირ პუტინი პირდაპირ ეთერში გააკეთებს რამდენიმე ელვარე განცხადებას ეკონომიკის, სოციალური დაცვისა და თავდაცვის შესახებ, რომლებიც შემდეგ საფუძვლად დაედება მის საარჩევნო პლატფორმას.

„აეროფლოტი ცდილობს ფულით შეინარჩუნოს მფრინავები“ - წერს გაზეთი ვედომოსტი, რომლის ინფორმაციითაც, ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში რუსეთიდან ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში 300-მდე რუსი მფრინავი გადაბარგდა - ხომალდის მეთაურები და მეთაურ-ინსტრუქტორები, წინასწარი ინფორმაციით იმავეს გაკეთებას აპირებს ამავე კატეგორიის კიდევ 400 მფრინავი. საქმე ისაა, რომ ჩინეთში მფრინავის საშუალო ხელფასი ოთხჯერ მეტია ვიდრე რუსეთში და 17 ათასიდან 25 ათას დოლარამდე მერყეობს. შესაბამისად, სტატიის მიხედვით, აეროფლოტი აპირებს ხომალდის მეთაურისთვის ხელფასის 650 ათას რუბლამდე გაზრდას, თუმცა ავტორი იქვე შენიშნავს, რომ მფრინავებისთვის, ხელფასის გარდა, მნიშვნელოვანია შრომის პირობები, რომლებიც ასევე ბევრად უკეთესია აზიის ქვეყნებში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG