Accessibility links

„რუსეთსა და ამერიკას შორის ომს ვერავინ გადაურჩებოდა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც მიმოხილულია ოლივერ სტოუნის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია რეჟისორის კითხვაზე: „ომის შემთხვევაში იქნებოდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები დომინანტი?“ - სწორედ ამ კითხვაზე პუტინის პასუხია გამოტანილი სტატიის სათაურში. ფილმში ვლადიმირ პუტინი მკვეთრად აკრიტიკებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, რომელსაც ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტს უწოდებს. „იქ არ არიან მოკავშირეები, იქ მხოლოდ ვასალები არიან. როცა ქვეყანა ხდება ალიანსის წევრი, მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთი ძლიერი ქვეყნის ზეწოლას, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ალიანსი გამუდმებით ეძებს მტერს, რადგანაც ის მტერი, ვის გამოც შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, აღარ არსებობს“, ამბობს პუტინი ოლივერ სტოუნის ფილმში. სტატია მთავრდება ციტატით ჟურნალ Variety-დან, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინი ოლივერ სტოუნის ფილმში წარმოჩნდება როგორც შემაშინებლად კომპეტენტური ლიდერი, რომელიც ფლობს უნარ-ჩვევების ფართო სპექტრს.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი იმის შესახებ წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება კვლავ გამოთქვამს უკმაყოფილებას რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო. სტატიიდან ირკვევა, რომ საუბარია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, დისკრიმინაციულად იქნა ცნობილი ე.წ. გეი-პროპაგანდის აკრძალვა. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო სამი ლგბტ აქტივისტის სარჩელის პასუხად. სწორედ ეს აქტივისტები დააჯარიმა რუსეთის სასამართლომ 2013 წელს, როცა ისინი გეი-პროპაგანდის შესახებ კანონს აპროტესტებდნენ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს ჰქონდათ უფლება გამოეთქვათ თავიანთი შეხედულებები, ხოლო რუსეთის ხელისუფლების არგუმენტები მორალის დარღვევის თაობაზე უსაფუძვლოა. რუსეთის ხელისუფლებამ კომპენსაციის სახით აქტივისტებს უნდა გადაუხადოს 49 ათასი ევრო როგორც მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე სასამართლოს ხარჯების ასანაზღაურებლად. სტატიის თანახმად, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. სტრასბურგის გადაწყვეტილება მკვეთრად გააკრიტიკეს რუსმა პოლიტიკოსებმა. სენატორ ანდრეი კლიშასის თქმით, ეს არის რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა.

გადამზიდავები „ოპოზიციურ ფრონტს“ ქმნიან, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომლის მიხედვითაც, შორსმავალი სატვირთო ავტომობილების მძღოლები აპროტესტებენ გზებზე დაბეგვრის სისტემას, თუმცა არ სჯერდებიან მხოლოდ საპროტესტო გამოსვლებს და 2018 წლის არჩევნებისთვის ორგანიზებულად ემზადებიან. საუბარია იმაზე, რომ რუსეთის გადამზიდავთა გაერთიანების რეგიონალური ფილიალები შესაძლოა იქცნენ პრეზიდენტობის მომავალი სახალხო კანდიდატის საარჩევნო შტაბებად. როგორც ირკვევა, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს თავად გაერთიანების პრეზიდენტი, რომელიც ამომრჩევლებს შეხვდება პირდაპირ საგაფიცვო ბანაკებში, ხოლო სარეკლამო მასალა განთავსდება ტრაილერებზე. „ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, რუსეთის გადამზიდავთა გაერთიანება ფლობს 80-მდე რეგიონალურ ფილიალს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG