Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2017 წ. 6 სექტემბერი


რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, დასავლეთ უკრაინაში, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონაში, შეიყვანონ გაეროს სამშვიდობო ძალები – ამის შესახებ წერს გაზეთი „კომერსანტი“, რომლის მიხედვითაც, ცოტა ხნის წინ იგივეს მოითხოვდა ოფიციალური კიევი, რასაც სკეპტიკურად უყურებდა რუსეთის ხელისუფლება.

გამოცემა იმის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვლადიმირ პუტინის ამ წინადადებას პირველი გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი, რომელმაც ინიციატივას სანქციების გაუქმებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უწოდა. „რუსეთმა შეცვალა პოლიტიკა უკრაინაში. ჩვენ ეს ინიციატივა უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ“, – ციტირებს „კომერსანტი“ გერმანელი დიპლომატის სიტყვებს.

კიევი კი მკვეთრად უარყოფითად გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეჭვს გამოთქვამს, მომავალი სამშვიდობო კონტინგენტის ეროვნული შემადგენლობის გამო. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამორიცხულია აგრესორი ქვეყნის სამხედრო ან სხვა სახის პერსონალის უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება, სამშვიდობო ძალების სახით. მთლიანობაში, უკრაინის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ პუტინის ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მორიგი მცდელობა, აგრესია წარმოაჩინოს უკრაინის შიდა კონფლიქტად და დაამახინჯოს სამშვიდობო ოპერაციის იდეა და მიზანი.

გაზეთი „იზვესტია“ კი მკითხელს იმის შესახებ აუწყებს, რომ რუსეთის ფედერაცია ამზადებს სარჩელს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის თქმით, საუბარია აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე დიპლომატიური საკუთრების ჩამორთმევაზე, რის გამოც, რუსეთის მთავრობამ უკვე მიმართა მაღალი კვალიფიკაციის საადვოკატო ბიუროებს. ლავროვის თქმით, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, სარჩელი შევა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში, რათა გამოცდა ჩაუტარდეს „ამერიკის მართლმსაჯულების სანაქებო სისტემის ეფექტიანობას“.

ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ სასამართლოს მიმართა არა დიპლომატიური უწყებების დახურვის, არამედ ვაშინგტონის მოქმედების გამო.

გამოცემა განმარტავს, რომ, ამერიკის მთავრობის გადაწვეტილებით, გასულ კვირაში დაიხურა რუსეთის გენერალური საკონსულო სან-ფრანცისკოში და ასევე რუსეთის რამდენიმე დილომატიური ობიექტი.

„700 ათასი რუბლი თვითმფრინავში მოწევისათვის“ – წერს გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“, რომლის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, „აეროფლოტის“ შვილობილი ავიაკომპანია „პობედა“ პირველი ავიაკომპანიაა რუსეთში, რომელიც იმ მწეველ-მგზავრებს უჩივის სასამართლოში, ვის გამოც, ეკიპაჟი იძულებული გახდა, თვითმფრინავი იძულებით დაეშვა. საუბარია სამ საქმეზე, რომელთა ჯამურმა სასარჩელე თანხმამ 700 ათასი რუბლი, ანუ ათი ათას დოლარზე მეტი შეადგინა.

სტატიის მიხედვით, თვითმფრინავის სალონში მოწევა აკრძალულია რუსეთის ფედერალური კანონებითაც, მაგრამ ჯარიმა, სულ რაღაც, 500-დან 1500-მდე რუბლს, ანუ 10-25 დოლარს შეადგენს, მაშინ როცა, იძულებითი დაშვებით გამოწვეული ზარალი ბევრად მეტია, თუმცა სპეციალისტები იმასაც შენიშნავენ, რომ ეკიპაჟმა დეტალურად უნდა აღწეროს და დოკუმენტურად დაასაბუთოს სიგარეტის მოწევით გამოწვეული იძულებითი დაშვების აუცილებლობა, წინააღდმეგ შემთხვვაში, ძნელი იქნება მოსამართლის დარწმუნება, რომ სიგარეტის კვამლმა ავიაკომპანიას ნახევარი მილიონი რუბლის ზიანი მიაყენა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG