Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 22 ივნისი


„’გაზპრომმა’ საქართველოში მყიდველი იპოვა“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც რუსული კომპანია იწყებს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოში მომუშავე კერძო კომპანიისათვის. როგორც სტატიიდან ირკვევა, „გაზპრომი“ და კომპანია „გაზკო პლუსის“ პრეზიდენტი გიორგი მამალაძე შეთანხმდნენ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე დასავლეთ საქართველოში.

რუსული გამოცემა იმის შესახებაც წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციურმა პარტიებმა ეროვნული ინტერესების ღალატში დასდეს ბრალი და უსაყვედურეს ხალხის ზურგს უკან მოქმედების გამო. საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ისიც უთქვამს, რუსული მონოპოლისტის დაბრუნება მიუღებელია იმის გამოც, რომ ძირს უთხრის სტრატეგიულ ურთიერთობას აზერბაიჯანთანო.

ბრალდების პასუხად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ გარიგებაში მთავრობის ხელი არ ურევია.

„კომერსანტი“ მკითხველს შეახსენებს, რომ თბილისი რუსეთისგან ბუნებრივ აირს არ ყიდულობს 2007 წლიდან, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველო იღებს რუსული გაზის 2,5 მილიონ კუბურ მეტრს ტრანზიტის საფასურის სახით.

ცნობას რუსული აირის საქართველოსათვის მიწოდების შესახებ გამოეხმურნენ ბაქოდანაც. „კომერსანტის“ მიხედვით, „სოკარ ენერჯი ჯორჯიის“გენერალურ დირექტორს მაჰირ მემედოვს უთქვამს, რომ რუსული გაზის ექსპორტი გავლენას ვერ იქონიებს საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდებაზე, რაც საქართველოს მოთხოვნილების 90 პროცენტს შეადგენს.

რუსული გამოცემა „როსბიზნესკონსალტინგი“ კი მკითხველს სთავაზობს ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის მოსაზრებებს რუსეთისა და ევროკავშირის მომავალზე. სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით „რუსეთი მსოფლიო სახელმწიფოდ - დერჟავად - ყალიბდება“, აგებულია ამერკელი მილიარდერის მიერ ლონდონში მიხეილ ხოდორკოვსკის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ღია რუსეთის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების მსვლელობისას გამოთქმულ მოსაზრებებზე.

„ვხედავ, როგორ ყალიბდება რუსეთი მსოფლიო სახელმწიფოდ, მაშინ როცა ევროკავშირი იშლება“ - გამოცემა ციტირებს ცნობილი მილიარდერისა და ფილანტროპის ამ სიტყვებს. სოროსისავე თქმით, ევროკავშირის კოლაფსი დაეხმარებოდა პუტინს ძალაუფლების შენარჩუნებაში, რადგანაც ევროკავშირის დაშლა გაათავისუფლებდა რუსეთს მისთვის დაკისრებული სანქციების დიდი ნაწილისგან. მილიარდერის თქმით, მსგავსი მექანიზმით, ევროკავშირი ყვაოდა, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა.

რუსული გამოცემის მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ 2017 წელს რუსეთს ემუქრება გაბანკროტება, რადგანაც მოუწევს გაისტუმროს საგარეო ვალების დიდი ნაწილი. სოროსის ვარაუდით, ვლადიმირ პუტინი სწორედ ამისგან თავის დაღწევის მიზნით ცდილობს უბიძგოს ევროკავშირს კრახისკენ. სწორედ ამ სურვილითა და ძალისხმევით აიხსნება რუსეთის პოლიტიკა სირიაში, საიდანაც საომარი მოქმედებების შედეგად იზრდება ლტოლვილების ნაკადი ევროპაში.

რუსეთში ფარული უმუშევრობის სწრაფი ზრდის საფრთხეზეა ლაპარაკი „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის მიხედვითაც 2016 წელს ფარული უმუშევრობის მაჩვენებელი სამჯერ მეტია, კრიზისულ 2009 წელთან შედარებით. რუსეთის სახალხო მეურნეობის აკადემიის პრორექტორის ალექსანდრ საფონოვის თქმით, მოცემულ მომენტში ფარული უმუშევრობა შეადგენს 3,8 მილიონ ადამიანს, მაშინ როცა 2009 წელს იყო 1,1 მილიონი ადამიანი.

პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის შრომის სამინისტროს პორტალზე „სამუშაო რუსეთში“ ფორმალურად 1,4 მილიონი ვაკანსია ირიცხება, მაგრამ მათი დიდი ნაწილი აბსურდულია შეუსაბამოდ მცირე ანაზღაურების გამო. მაგალითად, რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურს ესაჭიროება სწავლული მდივანი 8,4 ათასი რუბლის ანაზღაურებით, რომელშიც 3 ათასი რუბლი სამეცნიერო ხარისხის დანამატია. „ნეზავისიმაია გაზეტა“ მკითხველს შეახსენებს, რომ რუსეთში მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი თვეში 10 ათას 500 რუბლია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG