Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2017, 11 იანვარი


„ჰაკერები სახელმწიფო სამსახურში - ინტერნეტში კიბერჯარები შეიყვანეს“ - ამ სათაურით გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია სახელმწიფო სამსახურში მყოფი ჰაკერების რაოდენობაზე ქვეყნების მიხედვით. როგორც ირკვევა, რუსეთში მოქმედი ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის (Zecurion Analytics) შეფასებით, კიბერჯარების განვითარების დონით, რუსეთი შედის მსოფლიოს ქვეყნების ხუთეულში - ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ. სპეციალისტები კიბერჯარებს უწოდებენ საომარი ან დაზვერვის მიზნით შექმნილ კიბერუსაფრთხოებაზე სპეციალიზებულ ქვედანაყოფებს. ასეთი ქვედანაყოფები ოფიციალურად არსებობს რამდენიმე ქვეყანაში, ქვეყნების უმეტესობაში კი არაოფიციალურად მოქმედებენ. ყველაზე ძლიერი კიბერჯარი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს: სახელმწიფო დაფინანსება, დაახლოებით, 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოზე მომუშავე ჰაკერების რაოდენობა 9 ათასს აღწევს. სტატიის თანახმად, საინფორმაციო უსაფრთხოების ბაზარზე რუსეთის კიბერჯარების რიცხოვნება ათასამდე აღწევს, ყოველწლიური დაფინანსება კი 300 მილიონ დოლარამდეა.

კიბერჯარების ძირითად საქმიანობად სახელდება შპიონაჟი, კიბერშეტევები და საინფორმაციო ომი, რომელიც მოიცავს ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის განწყობასა და ქცევაზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებას. ამასთან, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მოწყვლადია კიბერშეტევების მიმართ.

„ნოვაია გაზეტა“ კი წერს, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან პენიტენციურ სისტემაზე უფრო მეტი ფული იხარჯება, ვიდრე მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროზე. სტატიის თანახმად, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური, საბიუჯეტო ხარჯების მიხედვით, მეექვსე ადგილზეა ყველა სხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებას შორის. 2003 წლიდან რუსეთის ციხეების დაფინანსება 7-ჯერ გაიზარდა, მაშინ როცა ამავე პერიოდში პოსტპენიტენციარული დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა ორჯერ - 25 პროცენტიდან 50 პროცენტამდე.

სტატიის ავტორი, თანამედროვე საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი ოლგა კიუცინა, შენიშნავს, რომ, დაფინანსების გაზრდისა და უზარმაზარი თანხების ხარჯვის მიუხედავად, ციხეების სისტემაში შესამჩნევი გაუმჯობესება არ შეინიშნება არც შენახვის პირობებისა და ადამიანის უფლებების და არც მსჯავრდებულთა გამოსწორების თვალსაზრისით.

2015 წელს რუსეთის ფედერაციის ციხეების სისტემის ბიუჯეტმა შეადგინა, დაახლოებით, 5 მილიარდი დოლარი, პატიმრების რაოდენობამ კი - 646 ათასი ადამიანი. შესაბამისად, ერთ პატიმარზე საშუალო თვიური ხარჯი, დაახლოებით, 40 ათასი რუბლი, ანუ 667 დოლარია. ამასთან, კვებაზე დღეში ერთ პატიმარზე 86 რუბლი, ანუ 1,4 დოლარია გამოყოფილი, ხელფასი კი, დაახლოებით, 50 დოლარია - ათჯერ ნაკლები, ვიდრე საშუალო ხელფასი მთელი რუსეთის მასშტაბით. სტატიიდან ისიც ირკვევა, რომ პატიმრებს გამომუშავებული თანხის, დაახლოებით, 75 პროცენტს უქვითავენ, ასე რომ, ხელზე მიღებული თანხა 15 დოლარსაც კი არ აღწევს. უცნაური ისაა, რომ დიდ სარგებელს ვერც ბიუჯეტი იღებს: პატიმრების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა, დაახლოებით, 25 მილიონი დოლარია, ანუ სასჯელაღსრულების სისტემა მასზე გაწეული ხარჯის მხოლოდ 5 პროცენტს ანაზღაურებს, არადა, როგორც რუსული გამოცემა წერს, 30 წლის წინ სისტემა მომგებიანი იყო, ხოლო პატიმრები იღებდნენ ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის თანაზომიერ ანაზღაურებას.

გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტა“ სტატიაში „შემოსავლების შემცირება და პარადოქსული ოპტიმიზმი“ წერს, რომ რუსეთის მოქალაქეების რეალური შემოსავალი განაგრძობს შემცირებას, თუმცა პარალელურად ამავე მოქალაქეების ეკონომიკური ოპტიმიზმის მაჩვენებელი იზრდება. ამაზე მეტყველებს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის - „ვციომ“-ის - გამოკითხვის შედეგები. 2016 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ყველაზე ცუდი დღეები უკან დარჩა. 2015 წლის დეკემბერში ასე ფიქრობდა მხოლოდ 19 პროცენტი. გარდა ამისა, მკვეთრად შემცირდა იმათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი სიძნელეები წინ ელით. ამჟამად პესიმისტთა წილი 42 პროცენტია, მაშინ როცა 2015 წელს 52 პროცენტი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 46 პროცენტიდან 56 პროცენტამდე გაიზარდა იმათი წილი, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთში კარგი ვითარებაა. ამავე ხანებში 51 პროცენტიდან 41 პროცენტამდე შემცირდა იმათი რაოდენობა, ვინც დარწმუნებულია, რომ, მთლიანობაში, რუსეთის საქმეები ცუდად მიდის.

რუსული გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ ოპტიმიზმის ზრდის პარალელურად რუსეთში მოსახლეობის შემოსავლები მესამე წელია შემცირებას განაგრძობს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG