Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 5 აპრილი


„თვითმკვლელმა სისტემას გვერდი აუარა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერორისტული აქტის გამოძიების პირველი ცნობებია თავმოყრილი. დასახელებულია ტერორისტის ვინაობა - ყირგიზეთის მკვიდრი, 22 წლის აქბარჯონ ჯალილოვი, რომელმაც 16 წლისამ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, არ იმყოფებოდა სამართალდამცავი ორგანოების აღრიცხვაზე, აქტიურად ვარჯიშობდა ხელჩართულ ორთაბრძოლებში და თავს ირჩენდა რესტორანში მიმტანად და ავტოსახელოსნოში ზეინკლად მუშაობით.

„კომერსანტის“ მიხედვით, ტერორისტმა მეტროპოლიტენში ასაფეთქებელი მოწყობილობა ზურგჩანთით შეიტანა. ცხადია, რომ არ იმუშავა პეტერბურგის მეტროპოლიტენის ანტიტერორისტულმა სისტემამ, რომლის აღჭურვაზე მრავალი ასეული მილიონი რუბლი დაიხარჯა. გამოძიების ვარაუდით, შესაძლოა, სისტემამ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა გულგრილობის გამო არ იმუშავა. სწორედ მათ უნდა ედევნებინათ თვალი მეტროს შესასვლელებში დამონტაჟებული მეტალოდეტექტორების მაჩვენებლებისთვს. გარდა ამისა, შიდასაუწყებო ინსტრუქციის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებმა უნდა შეძლონ მგზავრებს შორის იმათი ამოცნობა, რომლებიც შეიძლება რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ არა მხოლოდ მოწყობილობების ჩვენებების მიხედვით, არამედ იერსახითაც. უნდა გაესაუბრონ მათ, საჭიროების შემთხვევაში კი გაჩხრიკონ. „გამართულ მეტალოდეტექტორს შეუძლებელია არ მოეხდინა რეაგირება ლითონის ბურთულებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ორი ცეცხლსაქრობის შეტანაზე, ჩხრეკისას კი შეუძლებელი იყო თუნდაც არასპეციალისტი ვერ მიმხვდარიყო, რომ საქმე ჰქონდა ნაღმთან“, - წერს „კომერსანტი“.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი იმის შესახებ წერს, რომ უდმურტიის გუბერნატორი ალეკსანდრ სალავიოვი, რომელიც ქრთამის აღებაში ამხილეს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. გამოცემა შენიშნავს, რომ სალავიოვი რიგით მეოთხე გუბერნატორია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

გამოძიების მასალების მიხედვით, 2014-2016 წლებში გუბერნატორმა 139 მილიონი რუბლის ქრთამი აიღო იმ კომპანიებისგან, რომლებიც მდინარეებზე, კამასა და ბუიზე, ხიდებს აშენებენ. გარდა ამისა, სალავიოვმა 2,7 მილიონი რუბლის ქრთამი აიღო კომერციული ორგანიზაციის წილის სახით, რის სანაცვლოდაც უნდა უზრუნველეყო შესრულებული სამუშაოს რიგგარეშე ანაზღაურება რეგიონალური და ფედერალური ბიუჯეტებიდან.

რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გუბერნატორის დაკავება დაგეგმილი იყო. ფონდ „პეტერბურგის პოლიტიკის“ პრეზიდენტის, მიხაილ ვინოგრადოვის, თქმით, ამას ადასტურებს სალავიოვის გადაყენების სისწრაფე. პოლიტოლოგი კონსტანტინ კოსტინი კი მიიჩნევს, რომ თავს იჩენს ძველი თაობის გუბერნატორების შეცვლის ტენდენცია ახალი თაობის ტექნოკრატებით. „საუბარი იმაზე, თუ რა რისკების შემცველი შეიძლება იყოს გუბერნატორების დაპატიმრება, ჯერ ნაადრევია. დაპატიმრების სერია ძირს უთხრის ხელისუფლებისადმი ნდობას, მაგრამ ფედერალურ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ შესაძლებელია ნეგატიური ეფექტის თავიდან აცილება“, - მიაჩნია პოლიტოლოგ კონსტანტინ კოსტინს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG