Accessibility links

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2017 წ. 12 აპრილი


„სახელმწიფო ალანიას ბიბილოვი უხელმძღვანელებს“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სტატია, რომლის მიხედვითაც, თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, თიბილოვს, არ უშველა ვლადიმირ პუტინთან ერთად გადაღებულმა ფოტოებმა და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან, ანატოლი ბიბილოვთან, რომელსაც ამომრჩეველთა 57-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბიბილოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე მისი მთავრი მიზანი იქნება რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება: „ამ ლოზუნგით მივედით გამარჯვებამდე. ჩვენ გავაღრმავებთ ურთიერთობას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია რუსეთის ფედერაციასთან, განუხრელად შესრულდება და, შესაბამისად, გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაცია“.

რაც შეეხება დამარცხებულ კანდიდატს, ყოფილ პრეზიდენტს, როგორც რუსულ გამოცემას თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილმა ელჩმა რუსეთის ფედერაციაში დმიტრი მედოევმა უთხრა, თიბილოვის გუნდი შოკშია, რადგანაც ადმინისტრაციული რესურსის, ფინანსური უპირატესობის, მოსკოვისა და ვლადიკავკაზის მხარდაჭერის მიუხედავად, მაინც გამანადგურებლად დამარცხდა. მედოევის თქმით, მარცხის მიზეზი გახდა მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც გამოიწვია იმედგაცრუებამ და უკიდეგანო კორუფციამ.

„ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატიიდან მკითხველი ასევე შეიტყობს, რომ სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად გაიმართა რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 80-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა თვითაღიარებული რესპუბლიკის სახელის შეცვლას: „სამხრეთ ოსეთს“ დაემატა „რესპუბლიკა ალანია“.

გაზეთი „კომერსანტი“ კი იმის შესახებ წერს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აფართოებს პოლიციის უფლებებს. საქმე ისაა, რომ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, პოლიციის შესახებ კანონში შედის ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო უზრუნველყოფს პოლიციელთა „ნდობის პრეზუმფციას“ და აწესებს ცეცხლსასროლი იარღის გამოყენების ახალ სტანდარტს. მოქმედი კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს არ შეუძლია ცეცხლის გახსნა მოქალაქეთა მნიშვნელოვანი თავშეყრის შემთხვევაში, თუკი არის საშიშროება შემთხვევით ადამიანები დაზიანდნენ, კანონპროექტით კი შეთავაზებულია შეზღუდვის მოხსნა ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა: ტერაქტის თავიდან აცილება, მძევლების გათავისუფლება, სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმა.

„წელს რუსეთში არყის წარმოება 66 პროცენტით გაიზარდა“ - ამ სათაურით გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ წარმოების გაზრდა არ ნიშნავს მოხმარების გაზრდას. ეს უფრო იმაზე მიანიშნებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა ეფექტიანობა სახელმწიფო კონტროლისა, რომელიც 2017 წლიდან საცალო ვაჭრობაზეც გავრცელდა. 2017 წლის იანვარ-მარტში რუსეთში წარმოებული იქნა 166 მილიონი ლიტრი არაყი, რაც 66 პროცენტით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე გაზრდილია 150 პროცენტით სპირტის შემცველი საკვები სითხეების წარმოება. სტატიის მიხედვით, მიუხედავად კონტროლის გაძლიერებისა, რუსეთში ალკოჰოლით საცალო ვაჭრობის პუნქტების 30 პროცენტი დღესაც არალეგალურად მუშაობს. შესაბამისად, ძლიერი ალკოჰოლის 50-70 პროცენტი ეკონომიკის ჩრდილოვან სექტორშია მოქცეული, - წერს „იზვესტია“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG