Accessibility links

„თბილისი და ბაქო პასუხს აგებენ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სტატია, რომელშიც საუბარია თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მხარდამჭერი აქციებისა და დასავლეთის ნეგატიური რეაქციის შესახებ. სტატიის თანახმად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატები ამზადებენ სარჩელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესატანად. აქვე ციტატის სახით მოტანილია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლითაც ვაშინგტონი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც დაპატიმრებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფით, რითაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე - მათ შორის გაეროსა და ეუთოს დონეზე - ნაკისრ ვალდებულებებთან, თუმცა, როგორც სტატიის ავტორი შენიშნავს, მსგავსი განცხადებები ოფიციალურ ბაქოს დიდად არ აწუხებს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესსამსახურის უფროსის, ჰიქმეთ ჰაჯიევის, თქმით, არ ღირს სიტუაციის დრამატიზება. „ის ხალხი, ვინც შეგნებულად ახდენს აღნიშნული საკითხის პოლიტიზებას, უშედეგოდ ცდილობს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭებას, რაც არასოდეს მოხდება“ - აზერბაიჯანელი დიპლომატის ამ განცხადებას „ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვეყნებს.

გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანიის „ქართულ გეგმებზე“ წერს. საქმე ისაა, რომ ავიაკომპანია „სევერსტალმა“ პირველი რეისი შეასრულა ვოლოგდიდან ბათუმში, თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, პირველ ჯერზე ბილეთების თითქმის ნახევარი გაუყიდავი დარჩა. როგორც ავიაკომპანიის დირექტორი ედუარდ სოლოვიოვი ამბობს, ტუროპერატორების გარდა საქართველოსთან რეგულარული რეისის დანიშვნა მოითხოვეს იმ ბიზნესმენებმა, რომლებსაც ინტერესები აქვთ საქართველოში. თავდაპირველად თურმე განიხილებოდა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები, თუმცა არჩევანი გაკეთდა ბათუმზე, რომელიც ზღვის პირას მდებარეობს.

გამოცემის თანახმად, „სევერსტალი“ პირველი რუსული ავიაკომპანია არაა, რომელმაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისები დანიშნა. ბათუმში უკვე დაფრინავენ „ურალის ავიახაზები“ და ავიაკომპანია „სიბირი“.

როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშიორისადმი? გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს „ლევადას ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, გამოკითხულთა 54 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა. მხოლოდ 21 პროცენტის აზრია, რომ ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალა, 17 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ, პირიქით, გაუარესდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეგობრულად განწყობილ ქვეყნებად მიიჩნევენ ბელორუსიას (46 %), ჩინეთსა (39 %) და ყაზახეთს (34 %).

რაც შეეხება მტრულად განწყობილი ქვეყნების ჩამონათვალს, რუსეთის მოქალაქეების აზრით, 69 პროცენტით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც მოსდევს უკრაინა - 50 %-ით, გერმანია, ლიტვა და ლატვია - 24-24 პროცენტით. გამოკითხულთა 21 პროცენტი მიიჩნევს, რომ პოლონეთი მტრულადაა რუსეთის მიმართ განწყობილი. რაც შეეხება საქართველოს, მას მტრად მიიჩნევს გამოკითხულთა 9 პროცენტი და საქართველო ამ ჩამონათვალში უსწრებს საფრანგეთსა და თურქეთს. ნიშანდობლივია ისიც, რომ გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG