Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2017 წ. 26 ივლისი


რუსეთის ბეჭდური მედია, საინფორმაციო სააგენტო „ალანია ინფოზე“ დაყრდნობით, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დაწყებული სამხედრო წვრთნების შესახებ წერს. როგორც ირკვევა, სამხედრო წვრთნებში ჩაბმულია როგორც ცხინვალში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზა, ასევე რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის ნაწილები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წვრთნის მიზანია პირადი შემადგენლობის განგაშზე რეაგირების დამუშავება, იარაღისა და ეკიპირების მიღება, ტექნიკის მომზადება, გამოყვანა პარკიდან და თავშეყრის ადგილზე გაყვანა. ოფიცრები ასევე ამუშავებენ საბრძოლო მზადყოფნის პერსპექტიულ მიმართულებებს ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისად. სულ, ჯამში, წვრთნებში ჩართულია 16 ათასი სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო ტექნიკის 4 ათასი ერთეული.

„ამერიკის შეერთებული სანქციები“- ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც საუბარია რუსეთისათვის დაწესებული ახალი სანქციების შესახებ. გამოცემა საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი ჩართო ე.წ. მსოფლიო ბოროტების ღერძში ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად. ამასთან, ეკონომიკური სანქციების თვალსაზრისით, დოკუმენტი ერთგვარად შერბილებულია, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, თუმცა, მთლიანობაში, ახალი სანქციებით გათვალისწინებული ზომები ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ეს იყო ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს. რუსეთის ბრალდებებს ყირიმისა და დომბასის შემდეგ ასევე დაემატა სირია და ამერიკის შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოება, რის გამოც სანქციები დაუწესდება როგორც ეკონომიკის ძირითად დარგებს, ასევე ძალოვან სტრუქტურებს - თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურებს. სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია კანონპრექტზე ვეტოს დადება, თუმცა ასეთ შემთხვევაში მას მოუწევს კონგრესის წინააღმდეგ წასვლა.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, რომ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 6 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს ტემირხან ესკერხანოვს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, მკვლელობისათვის მსჯავრდებულ პირს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ესკერხანოვის პატიმრობის პირობები გათანაბრებულია წამებასთან, ხოლო წინასწარი პატიმრობა იყო ძალიან ხანგრძლივი.

გენადი ონიშჩენკო მხარს უჭერს რუსეთში მაკდონალდსის რესტორნების დახურვის ინიციატივას, რომელიც სენატორ ალეკსეი პუშკოვს ეკუთვნის, - წერს გაზეთი „იზვესტია“. სტატიიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ყოფილ მთავარ სანიტარიულ ექიმს, გენადი ონიშჩენკოს, ახლა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია. რუსი სენატორი კი რესტორნების ქსელის დახურვას ითხოვს ინტერნეტით გავრცელებული ფოტოების გამო, რომელშიც ასახულია ლუიზიანის შტატში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მძიმე სანიტარიული მდგომარეობა, თუმცა ონიშჩენკო მაკდონალდსის ქსელის დახურვას სულ სხვა მიზეზით ითხოვს. ციტატა სტატიიდან: „ლუიზიანაში აღმოჩენილი სანიტარიული ცოდვების გამო რუსეთში რესტორნების ქსელის დახურვა არალოგიკური იქნება. თანაც, ყველა რესტორანს თავისი კოლექტივი ჰყავს და, შესაბამისად, ყველა მათგანში სანიტარიული მდგომარეობაც განსხვავებულია. მსგავსი ვითარება შეიძლება იყოს ბევრ ჩვენს რესტორანშიც. ეს არ არის სისტემური პრობლემა. სისტემური პრობლემაა ის, რომ ათწლეულების განმავლობაში გვინგრევენ კვების კულტურას. აი, ამის გამო უნდა დატოვოს რუსეთი არა მარტო მაკდონალდსმა, არამედ კოკა-კოლამ და პეპსი-კოლამაც“. - გენადი ონიშჩენკოს თქმით, ამგვარი გადაწყვეტილებით რუსეთი უპასუხებს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს, წერს აზეთი „იზვესტია“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG