Accessibility links

სეინ ზაჰური პაკისტანელი მუსიკოსია. ის 1945 წელს პენჯაბის პროვინციის ქალაქ ოკარაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. როგორც ამბობენ, სიმღერა 5 წლის ასაკში დაიწყო და უცნაურ სიზმრებსაც ხედავდა, უფრო ზუსტად კი, მისტიკური ხმა ჩაესმოდა, რომელიც კერის დატოვებას და სუფიურ გზაზე დადგომას ურჩევდა. 13 წლის რომ შეიქნა, ასეც მოიქცა. გუდა-ნაბადი აიკრა და ღვთისკენ მიმავალ გზას გაუყვა. სინდის, პენჯაბისა და აზად-ქაშმირის რეგიონებში სუფიზმის მიმდევართა დასახლებები მოიარა, თავს კი ქუჩებში სიმღერით ირჩენდა.

როგორც თავად სეინ ზაჰური იხსენებს, პაკისტანის სამხრეთში ყოფნისას ერთ-ერთ ტაძართან სწორედ სიზმარში გაგონილი ხმა ჩაესმა, რომელიც იქ დამკვიდრებას ურჩევდა. ასე აღმოჩნდა დერვიშების ყველაზე ცნობილ სალოცავში, დარგაჰში, სადაც შეგირდად ვინმე ალი გჰარანას დაუდგა და ჯალალ-ედ-დინ რუმის ღაზალების შესწავლას შეუდგა. საინტერესოა ისიც, რომ პაკისტანელი წერა-კითხვის უცოდინარია. მიუხედავად ამისა, ფენომენალური მეხსიერებით გამოირჩევა და სუფიური სიტყვის გამოჩენილი ოსტატების ტექსტებს უშეცდომოდ ამღერებს.

როგორც უკვე ვთქვი, სეინ ზაჰური ქუჩის მოხეტიალე მუსიკოსი გახლდათ, რომელიც მეტწილად ტაძრებში და რელიგიურ რიტუალებზე მღეროდა. მსოფლიომ მისი არსებობის შესახებ მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს შეიტყო. 1989 წელს ხალხური მუსიკისადმი მიძღვნილ ფორუმზე მიიწვიეს, სადაც პროფესიული სცენიდან პირველად წარდგა მსმენელის წინაშე. არტისტის მუსიკალური აზროვნების სიღრმემ, სიმძაფრემ და მაღალმხატვრულობამ, ვოკალურმა და ემოციურმა დიაპაზონმა მრავალი უცხოელი ეთნომუსიკოლოგის ყურადღება დაიმსახურა.

2006 წელს, სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სი"-ს რადიომ პაკისტანელს სპეციალური გადაცემა მიუძღვნა. მუსიკალურმა რედაქციამ ზაჰური "მოხეტიალე მუსიკოსების მეფედ" მოიხსენია, ხოლო მისი შემოქმედება შინაგანი წონასწორობის, ჰარმონიისა და სულიერი განწმენდის შესახებ სიმღერად თქმულ სუფიურ ტრაქტატს შეადარა. იმავე წელს ბრიტანელებმა მუსიკოსი BBC World Music-ის ჯილდოზე წარადგინეს და ეთნომუსიკის ჟანრში წლის საუკეთესო არტისტად დაასახელეს, პრიზის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე კი მის დამსახურებაზეც ისაუბრეს თალიბანის მიერ შევიწროებული სუფიური კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების გადარჩენის საქმეში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG