Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოუმი


სოუმი
სოუმი

ამერიკელმა მომღერალმა ლაურა კაბასოუმი კაკომამ, იგივე სოუმიმ, კარიერის დასაწყისშივე მიიქცია მსმენელის ყურადღება.

სოუმი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:32 0:00
გადმოწერა

უნივერსალური ვოკალური შესაძლებლობები და სხვადასხვა ჟანრის გემოვნებით შეხამების უნარი მისი ერთგვარი საშვი გახდა დიდი სცენისკენ მიმავალ გზაზე.

სოუმის სადებიუტო ალბომი „Eternal Motive“ 2003 წელს გამოიცა. კრიტიკოსებმა დისკზე წარმოდგენილი მუსიკა ნინა სიმონესა და დი დიდი ბრიჯუოტერის გვიანი შემოქმედების სინთეზად მონათლეს. საინტერესო გამოდგა შემდეგი პროექტიც, რომელსაც „Red Soil in My Eyes“ ერქვა. დისკის ჩაწერაში მონაწილეობა დასავლეთ აფრიკელმა ჯაზის არტისტებმა – გიტარისტმა ლაიონელ ლუეკემ, მესაყვირე ჯერემი პელტმა და პიანისტმა ტორუ დოდომ მიიღეს. ამ ბატონებმა სოუმის ჯაზის იმპროვიზაციული ბუნების სიკეთეები გააცნეს და მანაც დასავლურ და აფრიკულ მუსიკალურ მოტივებს შორის ლაღად, თავისუფლად დაიწყო მანევრირება. ალბომის ყველაზე წარმატებულ სიმღერად „Ingele“ იქცა. ერთ-ერთ აფრიკულ დიალექტზე შესრულებული თხზულება ჟურნალ „ბილბორდის“ მსოფლიო მუსიკის ჩარტში მოხვდა, სადაც პირველ ათეულში დიდი ხნით დაიმკვიდრა ადგილი.

2009 წელს სოუმიმ კიდევ ერთი ალბომი გამოსცა, სახელწოდებით „If the Rains Come First“, სადაც სუაჰილისა და უგანდურ დიალექტებზე იმღერა. საკუთარი თხზულებების ჩაწერაში მას ამჯერად გიტარისტი დევიდ გილმორი და ლეგენდარული სამხრეთ აფრიკელი მესაყვირე ჰიუ მასაკელა დაეხმარა. 2011 წელს კი, ყველასთვის მოულოდნელად, შეწყვიტა სტუდიური და საკონცერტო მოღვაწეობა და ორი წლით ნიგერიის ქალაქ ლაგოსში გაემგზავრა. როგორც თავად განმარტა, შემდეგი პროექტებისათვის მას ინსპირაცია, შესაბამისად, ახალი აკუსტიკური გამოცდილებისა და ინფორმაციის მიღება სურდა. ჰოდა, შედეგად გამოუშვა კიდეც ალბომი „The Lagos Music Salon“, რომელიც განსაკუთრებული გამოდგა და არა მარტო მუსიკალური თვალსაზრისით. სუომი საკუთარ კომპოზიციებში მწვავე სოციალურ თემებს შეეხო: იმღერა გარემოს დაბინძურების პრობლემებზე, გენოციდზე, იმ ქალებზე, რომლებსაც სხეულის ვაჭრობით უწევთ არსებობა და მათზეც, წინადაცვეთის ამაზრზენი ტრადიციის მსხვერპლად რომ იქცნენ. სუომიმ ცნობილი თხზულების „Four Woman“-ის საკუთრი ვერსია ჩაწერა, იმ განსხვავებით, რომ, თუ ნინა სიმონე აფროამერიკელების ყოფაზე მღეროდა, სუომიმ აფრიკის კონტინენტის ქალების ისტორიები მოყვა.

ალბომმა „The Lagos Music Salon“ დიდი რეზონანსი გამოიწვია. განსაკუთრებით, აფრიკის კონტინენტზე. ნიგერიაში მას თანამედროვე მირიამ მაკება უწოდეს. რუანდის მთავრობამ კი განაცხადა, რომ სუომიმ თავისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვით საკუთარი წვლილი შეიტანა მშვიდობის გამყარების საქმეში. გენოციდით სისხლისგან დაცლილ ქვეყანაში მას მშვიდობის ელჩის სტატუსი მიანიჭეს. 2011 წელს კი, არტისტმა ლიბანელ მესაყვირე იბრაჰიმ მაალუფთან ითანამშრომლა. პროექტი ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების თემას გამოეხმაურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG