Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა სირიის კონფლიქტი სამოქალაქო ომი?


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, სირიაში „არა-საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი“ მიმდინარეობს, რაც, სხვა სიტყვებით, სამოქალაქო ომს ნიშნავს. თუმცა გაეროს ჯერჯერობით ეს განსაზღვრება არ დაუდასტურებია - შესაძლოა იმის გამო, რომ, დადასტურების შემთხვევაში, სირიის რეჟიმს ძალის გამოყენების უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სირიაში შექმილ ვითარებას „არა-საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს“ უწოდებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს მოუწოდებს გადადგეს და დასძენს, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას „სამოქალაქო ომი“ დაემუქრება. რუსეთის დიპლომატები სიფრთხილეს იჩენენ და სირიაში მიმდინარე ბრძოლას უბრალოდ „შეიარაღებულ კონფლიქტს“ უწოდებენ.

ასეთ ფონზე, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე აქტიურად არის ჩართული ბრძოლის დასრულების მცდელობებში, გაერო, თავს იკავებს ოფიციალური განსაზღვრების შემუშავებისგან, თუმცა გაეროს ცალკეულ მოხელეებს აქა-იქ წამოსცდებათ ხოლმე „სამოქალაქო ომის“ ცნება.
შეკითხვას, მაინც როგორია გაეროს ოფიციალური პოზიცია სიტყვიერი განსაზღვრების თაობაზე, გენერალური მდივნის პრესმდივანმა მარტინ ნესირსკიმ ასე უპასუხა:

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც აცხადებს, რომ ამ განსაზღვრებას, რომელიც ქვეყნის ზოგიერთი რეგიონისთვის უპრიანია, ზოგიერთისთვის არა, იურიდიული შედეგები ახლავს თან საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობასთან მიმართებით. ამიტომ არის ეს დეფინიცია მნიშვნელოვანი - ისევე როგორც მისი განსაზღვრა წითელი ჯვრის მიერ. ცხადია, ეს მისიისთვისაც მნიშვნელოვანია - თუ უკვე არ გაუკეთებია ეს, მან უნდა დაადგინოს, ეს რას ნიშნავს პრაქტიკული თვალსაზრისით.“

მაინც რას ნიშნავს ეს? გაერო, ფაქტობრივად, წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტს მისდევს კონფლიქტის განსაზღვრების საქმეში. კომიტეტის მიერ დადგენილ დეფინიციას კი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს - ის გავლენას ახდენს დიპლომატიურ პროცესებზე. სამომავლოდ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზეც, წაუყენებენ თუ არა სამთავრობო ან მეამბოხეების ძალებს ომის დანაშაულების ჩადენის ბრალდებებს. კონფლიქტისთვის მიცემული კლასიფიკაცია იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ ის გავლენას ახდენს უფლებების დაცვის მოთხოვნის სიმკაცრეზეც - მათ შორის, სიცოცხლის საყოველთაო უფლების, სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი თავშეყრის უფლებების.

თუ საქმე სამოქალაქო ომთან გვაქვს და არა საშინაო კონტექსტში განხორციელებულ საპოლიციო ოპერაციასთან, ჩანს, რომ ამით მთავრობას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა ...
ჯეფრი ლორენტი

მაგალითად, როცა გარკვეული პერიოდის წინ წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტმა დაადგინა, რომ სირიის სამ რეგიონში - იდლიბში, ჰომსსა და ჰამაში - სამოქალაქო ომის მდგომარეობაა, გაერომ გაიზიარა ეს კლასიფიკაცია. შესაბამისად, უეჭვო გახდა ის, რომ ამ რეგიონებთან მიმართებით საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა უნდა ამოქმედებულიყო.

გაეროს საქმიანობის ანალიტიკოსი და “Century Foundation”-ის წამყვანი ექსპერტი, ჯეფრი ლორენტი, იმ სხვა შესაძლო შედეგებზეც საუბრობს, რაც „სამოქალაქო ომის“ განსაზღვრების გამოყენებას მოჰყვება:

„თუ საქმე სამოქალაქო ომთან გვაქვს და არა საშინაო კონტექსტში განხორციელებულ საპოლიციო ოპერაციასთან, ჩანს, რომ ამით მთავრობას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა მძლავრი ძალა გამოიყენოს იმ შეიარაღებული ელემენტების წინააღმდეგ, რომლებიც ახლა უკვე ქვეყნის შიგნით მოქმედ ომის მხარედ არიან მიჩნეული. ხალხის კედელთან მიყენება და უბრალოდ დახვრეტა არ შეიძლება - ეს ნებისმიერი საზომით სასტიკ დანაშაულად ჩაითვლება, იმის მიუხედავად, ამას სამოქალაქო ომს ვუწოდებთ თუ არა. მაგრამ ეს დეფინიცია სამხედრო ოპერაციებს მართლაც ანიჭებს ლეგიტიმურობის უფრო დიდ ხარისხს კონფლიქტის ორივე მხარესთან მიმართებით.“

დეფინიციის მნიშვნელობაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრესმდივანი ალექსის ჰიბიც საუბრობს. ამბობს, რომ კონფლიქტის სამოქალაქო ომად გამოცხადებით მებრძოლები საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობას დაექვემდებარებიან, რაც, მისი აზრით, დადებითი ფაქტორი იქნება:

„ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველაზე მძიმე პირობებშიც - ბრძოლის დროსაც - იმოქმედებს გარკვეული კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვან. არა-საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ჩვენ ვლაპარაკობთ სამოქალაქო პირების დაცვაზე - იმ ადამიანების დაცვაზე, რომლებიც არ არიან ან აღარ არიან შეტაკებების მონაწილეები. ისინი დაცული უნდა იყვნენ - თუ დაიჭრებიან, მათ უნდა მოუარონ და ასე შემდეგ. ჯანდაცვაც მაქვს მხედველობაში - კონფლიქტის მსხვერპლთაც და დაჭრილებსაც საავადმყოფოებამდე მიღწევის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმებს, მედდებს, სასწრაფო დახმარების მანქანების მძღოლებს და ა. შ. ჰქონდეთ თავიანთი საქმის კეთების საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობაში. მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს.“

სირიაში უკვე 16 თვეა მიმდინარეობს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხება, რასაც, გავრცელებული შეფასებით, 17,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG