Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აღმოჩნდა თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში?


აფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი

თბილისში გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, იგი ორშაბათს საღამოს შემდეგ არ ეხმიანებოდა სატელეფონო ზარებს. მუსტაფაევამ მიმართა საქართველოს პოლიციას. ჟურნალისტის ახლობლები შიშობდნენ, რომ მუხთარლი შესაძლოა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა.

სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ცნობილი გახდა, რომ მუხთარლი ბაქოში იმყოფება. რადიო თავისუფლება ესაუბრა მის ადვოკატს, ნემათ ქარემლის, რომლის თქმითაც, მუხთარლი თავად დაუკავშირდა მას ბაქოდან და უთხრა, რომ ადვოკატის დახმარება სჭირდება. მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი მეუღლის პასპორტი, რომელიც თბილისში დარჩა. ჯერჯერობით არ არის ნათელი, როგორ აღმოჩნდა მუხთარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი. 2015 წლიდან იგი იძულებული იყო თბილისში ეცხოვრა.

როგორც აზერბაიჯანული საინტერნეტო არხი Meydan TV იტყობინება, ახლახან ერთ-ერთ საიტზე, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლდება, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თბილისში მოქმედებს აზერბაიჯანის ოპოზიციონერთა „იატაკქვეშეთზე“. მის აქტივისტებს შორის დასახელებულია ფარმან ჯეირანოვი, გეზალ ბაირამლი, აფგან მუხთარლი. Meydan TV-ს ცნობით, ჯეირანოვი და ბაირამლი ამ დღეებში დააკავეს - ერთი საქართველოს სამართალდამცველებმა, მეორე კი აზერბაიჯანის საზღვარზე, მას შემდეგ, რაც ის იძულებული შინ დაბრუნებულიყო, ვინაიდან საქართველომ მას არ გაუგრძელა ვიზა.

როგორც მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა სამშაბათს "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში" გამართულ პრესკონფერენციაზე, მისი მეუღლის გაუჩინარება პოლიტიკურად არის მოტივირებული ვინაიდან, მუხთარლი იკვლევდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესს საქართველოში.

ლეილა მუსტაფაევამ მომხდარისთვის საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მისი თქმით, ის თავის ტერიტორიაზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG