Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკ კეივი - "Push the Sky Away"


დღეს ვისაუბრებთ ნიკ კეივისა და "The Bad Seeds"-ის ახალ ალბომზე, რომელსაც Push the Sky Away ჰქვია. გარეკანით დავიწყებ, სადაც მისი შიშველი ცოლი, როგორც ამბობენ, სულ შემთხვევით აღმოჩნდა. რომელიღაც ფრანგული ჟურნალისათვის ფოტოსესია საძინებელში მიმდინარეობდა, როცა მუსიკოსი გადასაღებ მოედანზე შეიძურწა, ხელმარდმა ფოტოგრაფმა კი მომენტი გამოიყენა. ფოტოს ნამეტანი გულახდილობის გამო, ნიკ კეივმა თავიდან კი იჭოჭმანა, მაგრამ, ბოლოს, დისკის ყდაზე მაინც გამოიტანა. გაშიშვლებული ცოლის საქვეყნოდ გამოჭენება პოეტურად ახსნა: ალბომში საოცრად ნატიფი და ფაქიზი სიმღერებია, რომლებშიც სიუზი ასევე ჰაეროვნად დასეირნობსო.



დეკემბერში დაანონსებულ ალბომს მსმენელი მოუთმენლად ელოდა. განსაკუთრებული ვნებათაღელვა, რა თქმა უნდა, იმ თავგადაკლულ, გამოუსწორებელ "კეივისტებში" შეიმჩნეოდა, ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან ფეხდაფეხ რომ მოჰყვებიან მის ნამოქმედარს. გუნება-განწყობაც ისეთივე სიხშირით ეცვლებათ, როგორც ეს კეივის შემოქმედებას ახასიათებს. ჩემს ნაცნობ-მეგობრებში კი ასეთი ემოციური მხოლოდ მხატვარი ვახო კაკულია მეგულება, რომელსაც კეივის მუსიკისამდი მძაფრი ლტოლვა ბავშვობიდანვე დაჰყვა. რა ქარცეცხლში არ გამოუვლია - რომანტიკული "The Good Son"-ის ხანა, მელოდისტი, ლირიკოსი და შეყვარებული კეივის პერიოდები, საიქიოში სეირნობის წლები, მკვლელის ბალადები და, ბოლოს, Grinderman-ის პროექტიც გადაუტანია. თუმცა ყველაზე მეტად 80-იანების
ნიკ კეივი. მხატვარი ვახო კაკულია
ნიკ კეივი. მხატვარი ვახო კაკულია
გიჟური, ხმაურიანი "The Bad Seeds"-ის ღრიანცელი უყვარს და, მგონი, ერთადერთია, ვისაც ზუსტად ესმის იმდროინდელი კეივის გულისნადები. პორტრეტებზეც ასეთივე ნაღდი ჰყავს: მეამბოხე, ახალგაზრდული ბრაზით სავსე, დაბღვერილი, ბნელი, სიგიჟითა თუ ნევროზით არეული. ჰოდა, ამ ბოლო ალბომმაც ცოტა არ იყოს წაახდინა, რადგან მასში არაფერია წარსულთან ზიარი - არც ძველებური მუხტი, არც მელოდიკის ჩვეული მრავალფეროვნება და არც იგავური თხრობის ტრადიცია. წამლად, ერთ დასრულებულ, გამართულ სიუჟეტსაც ვერ მოისმენ. ადრე თუ თავადვე ბრძანდებოდა საკუთარი ისტორიების გმირი, ახლა თითქოს განზე გადგა და, მისსავე განმარტებას თუ ვენდობით, ამბის სიტყვებად ქცევას ვიკიპედიასა და გუგლში ქექვა არჩია - ათასგვარ სულელურ კურიოზებს, ისტორიულ თუ მეტად საეჭვო ფაქტებს იწერდა რუბრიკიდან "ეს საინტერესოა" და ერთმანეთს აწებებდა. ჰოდა, კითხულობს ამ ტექსტებს ელექტრო-ორღანის თრიპ-ჰოპ ფრაზების, თავშეკავებული ბასური ხაზისა და ვიოლინოთა კვნესა-ოხვრის ფონზე.



თუმცა სამართლიანობასა თუ ღირსებაზე მთლად ხელს არ ავიღებ და ვიტყვი, რომ Push the Sky Away სასმენად საამო და ძალიან გემოვნებიანი ალბომია. მუსიკოსი არ ტყუოდა, როცა ნატიფ და ფაქიზ ნამუშევრად მოიხსენიებდა. მართალია, მასალის არანჟირებაში კეივის ყოფილი კოლეგის მიკ ჰარვის არყოფნა იგრძნობა, მაგრამ რამდენიმე თხზულებას მაინც გამოვყოფდი: მაგალითად, ულამაზესი მელოდიური მისამღერით გამორჩეულ "Mermaids" და ალბომის, ჩემი აზრით, საუკეთესო სიმღერას: Higgs Boson Blues-ს. 8 წუთიანი მედიტაციური ბლუზი აპოკალიფსური მოგზაურობაა, სადაც გმირი ჟენევაში გია დვალის ჰადრონული კოლაიდერის სანახავად მიემგზავრება, გზად ტყეები იწვის, ვინმე რიჩარდ ჯონსონი ეშმაკს ურიგდება, პიგმეები მაიმუნებს გეახლებიან, პიგმეებს კი დედები მიირთმევენ... მოკლედ, სევდითა თუ იუმორით სავსე 9 სიმღერაში ყველა თავის საყვარელ კეივს იპოვის - ძველ ინტონაციებსაც ამოიცნობს და ახალ მუსიკალურ ფორმებსაც დააგემოვნებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG