Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

USAID-ის მისიის დირექტორი - „მოველით 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული დაპირებების შესრულებას ყველა მხარის მიერ“


USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, რადიო თავისუფლების შეკითხვას - მოელის თუ არა აშშ 8 მარტის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებას, რომელიც, ოპოზიციის განცხადებით, შეეხება პოლიტიკური პირების პატიმრობას - უპასუხა:

„აშშ-ის პოზიცია, რომელსაც ელჩი გამოხატავს, არის ის, რომ ჩვენ მოველით 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული დაპირებების შესრულებას ყველა მხარის მიერ. მართალია, ეს შეთანხმება მიღწეული იყო მანამდე, ვიდრე COVID-19-ის ვითარება მასშტაბს შეიძენდა საქართველოში და ამან გარკვეულწილად შეცვალა ვითარება, თუმცა ეს დაპირებები მნიშვნელოვანი იყო მაშინაც და მნიშვნელოვანია ახლაც. ასე რომ, ჩვენი მოლოდინია, რომ დაპირებები შესრულდება ყველა მხარის მიერ“.

რადიო თავისუფლებისთვის გასული კვირის ბოლოს მიცემულ ონლაინინტერვიუში პიტერ ვიბლერმა აგრეთვე განაცხადა:

„ვფიქრობ, ამ კრიზისის დროს ჩვენმა ქართველმა პარტნიორებმა დაამტკიცეს და აჩვენეს უნარი ეპასუხათ COVID-19-ის სპეციფიკური გამოწვევებისთვის. პანდემიამ ზეგავლენა კი იქონია სხვა საკითხებზე, რომლებიც უფრო გრძელვადიანია და პირდაპირ არ უკავშირდება არსებულ კრიზისს - როგორიცაა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მხარეებს არ შეუწყვეტიათ მათზე მუშაობა. მაგალითად, ჩვენი ჯგუფები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან და ჩვენს ევროკავშირელ მეგობრებთან ერთად მუშაობენ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან და მის საარჩევნო რეფორმების სამუშაო ჯგუფთან, რომ შევთავაზოთ ჩვენი რჩევა, ჩვენი წინადადებები, საუკეთესო საექსპერტო რჩევები მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლების გატარებაც საჭიროა ეუთოს რეკომენდაციების - რეალურად საქართველოს ხელისუფლებისთვის შეთავაზებული საერთაშორისო რეკომენდაციების შესასრულებლად, იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ძალიან მაღალი სტანდარტით, როგორსაც იმსახურებენ საქართველო და ქართველები. ჩვენ ვმუშაობთ ამ ფორმატში და ვთავაზობთ რჩევებს. ეს პროცესი არ შეჩერებულა, გვაქვს გაცვლა-გამოცვლა და წუხელ მივიღეთ რეკომენდაციები USAID-ის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ექსპერტისგან, რომლებსაც გავუზიარებთ სპიკერ თალაკვაძესა და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებს. ძალიან მალე გავაკეთებთ ამას იმის იმედით, რომ ის კვლავაც შეძლებს გვაჩვენოს შესანიშნავი თანამშრომლობა, რასაც ვხედავთ რეფორმის სხვადასხვა სფეროზე მუშაობისას“”.

პიტერ ვიბლერთან ინტერვიუს სრული ვერსია 11 მაისს გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების საიტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG