Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უწესო რეპერი


ამასწინათ ემინემი ვნახე სიზმარში, რაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცუდად მენიშნა.

არა, ახლა კი ვიცი, რის ნიშანიც ყოფილა, მაგრამ, გამოღვიძებულს, დარდად გამომყვა მისი ამბავი: მეთქი, რამე ცუდი არ შეამთხვიოს ტრამპის ადმინისტრაციამ. კაცი მთელი ცხოვრება იმაზე მღერის, რა შავადაა საქმე, ზოგადად, სამყაროში და კონკრეტულად წინა- და პოსტსაარჩევნო ამერიკაში და რა იცი, ვის რა ეწყინოს ხელისუფლებაში...

თუმცა, რაც მართალია მართალია, ჩემი აზრით, არცთუ მოსაწონი საქციელია, როცა ახალგაზრდა და პერსპექტიული ხელოვანი (კი ბატონო, თუნდაც რეპერი) უზრდელური სიტყვებით, ჟარგონით და ამისთანა უგერგილო ტერმინოლოგიით ეხმიანება ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.

უკაცრავად და, რა რეპერის სალანძღავია ან სახელმწიფო ან სამართლადამცველი ორგანოები?!

ვინ ხარ შენ, დაუკითხავად რომ რეპავ ნარკოტიკზე, ამ ნარკოტიკის ე.წ. ჩამდებ სამართალდამცველებზე და უნამუსოდ აღიზიანებ როგორც საზოგადოებას, ასევე ნარკოტიკის ე.წ. ჩამდებ კანონდამცველს?

წესიერი რეპერი თუ ხარ, მშობლების სიყვარულზე უნდა მღეროდე ზრდილობიანი სიტყვებით, მილიარდერი მამა უნდა გყავდეს და შენ ყოველ მეორე სიმღერაში ის იმეორო, დედ-მამა როგორ გიყვარს და ქვეყანაში რა აღმშენებლობაა, რა ღირსეულ კონსტიტუციას ვიღებთ (და თან რა ღირსეული იყო ამ კონსტიტუციის განხილვა), რა ჭკვიანური და სამართლიანია სამასი ხმოსანი და თვრამეტი კერძო დენდროლოგი რომ აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს, ყველა გრძელი ხე ერთ შუშის ბაღში რომ ჩაირგვება და კიდევ რა უხერხულია, მაგრამ რა ბუნებრივი, როცა დღისით-მზისით, ქალაქის ცენტრიდან იტაცებენ სხვისი ქვეყნის მთავრობის (და არა, მადლობა ღმერთს, ჩვენი მთავრობის) კრიტიკოსს...

კარგი რეპერი - თუკი მას მართლა თავისი შრომით და ნიჭით აქვს მიღწეული წარმატებისთვის - ცუდზე და პრობლემურზე არავითარ შემთხვევაში არ გაამახვილებს ყურადღებას! ჯერ კიდევ როდის დაგვიბარა ეს სიბრძნე აწ განსვენებულმა თუფაქ შაქურმა...

ამიტომ, ქართველო რეპერებო, თავი დაანებეთ სოციალურ თემატიკას, მოეშვით სლენგით სიმღერას და თუკი გინდათ, რომ დაჭერას გადაურჩეთ, აქეთ და ადიდეთ... თუნდაც საპარტნიორო ფონდი, ან “პანორამა-თბილისი”.

რეპერს კარგის დანახვა უნდოდეს და თემებს რა გამოულევს!

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG