Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესა აქტიურად აშუქებდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გაზარდოს ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ სამხედრო მრჩევლებმა შეძლეს ტრამპი დაერწმუნებინათ, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გამოყვანა ამ ქვეყანას სახიფათო პოლიტიკურ ვაკუუმში დატოვებდა. თუმცა, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანი არა სახელმწიფოს მშენებლობა, არამედ ტერორისტების დახოცვაა. არის თუ არა ეს სწორი სტრატეგიაო – ჟურნალისტები ამ კითხვაზე ეძებდნენ პასუხებს.

ბრიტანეთში გამომავალი, კონსერვატიული ორიენტაციის ტაიმსი 22 აგვისტოს ნომერში გამოთქვამდა შვებას, რომ ტრამპმა უკან დაიხია ჯარის ავღანეთიდან გამოყვანის თავისი დაპირებისგან: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან იზოლაციას ჩართულობა არჩია ურთულეს საერთაშორისო პრობლემასთან მიმართებით - რომელიც ვერ გადაწყდება ამერიკის მონაწილეობის გარეშე. ეს არის საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო აზრის დომინანტური მიმართულებების გამარჯვება იმ იზოლაციონისტურ და არატიპურ პოზიციებზე, რომლებიც თეთრი სახლის უკვე ყოფილ მრჩეველს, სტივ ბენონს ჰქონდა. თუ გაგვიმართლა, ეს შესაძლოა, სხვა ფრონტებზეც ნიშნავდეს ამერიკის ჩართულობის აღდგენას“.

ავსტრიაში გამომავალი, ლიბერალურ-კონსერვატიული პრესე 23 აგვისტოს წერდა, ტრამპის მიერ გამოცხადებული სტრატეგია - ჯარის რაოდენობის გაზრდა - ვერ დაასრულებს ავღანეთში უკვე ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომსო: „საიმისოდ, რომ პროცესები დადებითად წარიმართოს, აუცილებელი იქნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა დაინტერესებულ ჯგუფებს შორის, კორუფციის შემცირება და მომუშავე სტრუქტურების შექმნა. ამაზე თავად ავღანელმა ხალხმა უნდა იმუშაოს. მაგრამ, ომის და ქაოსის ათწლეულების ფონზე, ქვეყნის ბევრ ნაწილში ხელისუფლებაში მოვიდა ხალხი, ვინც არ იზიარებს ამ პრიორიტეტებს. და გრძელვადიანი წარმატება არც საერთაშორისო დახმარებას მოუტანია. ბევრ რეგიონში არასაკმარისი იყო სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობა და საერთაშორისო თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი მთავრობის კორუმპირებული წევრების ჯიბეებში გაუჩინარდა - მათი, ვისაც დასავლეთი უჭერდა მხარს, როგორც მოკავშირეებს თალიბანთან ბრძოლაში“.

მიმდინარე კვირაში პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე ტურიზმის საკითხი - უფრო სწორად, მისით უკმაყოფილების. ვენეციაში, ბარსელონასა და სხვა ადგილებში აქტივისტებმა დემონსტრაციები გამართეს ტურისტების მზარდი რაოდენობის წინააღმდეგ. მასობრივ ტურიზმთან დაკავშირებული პრობლემები - ბინის ქირის ზრდა, გარემოს დაბინძურება და ხმაური - ბევრ აქტივისტს შემოქმედებითი გამოსავლის პოვნისკენ უბიძგებს, თუმცა ამ უკმაყოფილებას მკვეთრად ნეგატიური შედეგებიც აქვსო, წერდნენ ჟურნალისტები.

ტურისტების გმობა ქსენოფობიის ახალი გამოვლინებააო - წერდა სლოვენიაში გამომავალი, მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის დნევნიკი 24 აგვისტოს: „ისინი მოძრაობენ ჯგუფებად, ხმამაღლა, მხოლოდ ინგლისურ ან სხვა გაუგებარ ენებზე ლაპარაკობენ, მათ სხვა კულტურა აქვთ, ჩვენს კულტურას ვერ იგებენ, ცუდ ხასიათზე არიან და შეუფერებლად აცვიათ - ამ შეფასებებს გამოთქვამენ დღეს ტურისტების შესახებ. როცა საქმე ლტოლვილებს და მიგრანტებს ეხებოდა, ხალხს ის მაინც შეეძლო ეთქვა, უკან დაბრუნდით, საიდანაც მოხვედითო. ... ცნობილი იყო - რომ მხოლოდ მილიონამდე ლტოლვილი არსებობდა და ყველას გერმანიაში უნდოდა მოხვედრა. ... მაგრამ ევროპაში 300 მილიონამდე ტურისტი ჩამოდის და ყველას სამხრეთში უნდა წასვლა. მათ დასახვედრად კი სამუშაოს მაძიებელი მიგრანტების დახმარება იქნება საჭირო“.

პორტუგალიაში გამომავალი, ლიბერალურ-კონსერვატიული დიარიო დე ნოტიციასი წერდა: „ტურისტთა ავტობუსებს თავს ესხმიან, უჭრიან საბურავებს, კედლებზე გრაფიტით წერენ ტურისტთა საწინააღმდეგო ლოზუნგებს. ევროპელები გაგიჟდნენ! ტურიზმის ფობია ძლიერდება - და მას დაჰკრავს იმ ხალხის ტიპური გაუთვითცნობიერებულობის ელფერი, რომლებსაც სხვა საქმე უბრალოდ არ აქვთ. ... სხვაგვარად როგორ აიხსნება ის გარემოება, რომ ამდენ ხალხს, რომელიც სხვა შემთხვევაში დაიცავდა თავისუფლებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებს, ახლა სურს ხალხს შეუზღუდოს მათთვის სასურველ ადგილებში მოგზაურობის საშუალება? რომ უეცრად ტურიზმის დემოკრატიზაცია უარყოფითი მოვლენა გახდა? ახლა მხოლოდ იმ დროის ნოსტალგიაღა გვაკლია, როცა მოგზაურობა მხოლოდ პრივილეგირებულთა შესაძლებლობა იყო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG