Accessibility links

გვეუბნებიან, რომ არ ვენდოთ ადამიანს და ვენდოთ სისტემას.

მაგრამ როდის ყოფილა სისტემა სანდო, რომ მას მაინცდამაინც ახლა უნდა ვენდოთ?

როდის იყო სანდო - როცა 90-იანების ბოლოს ხალხი პროკურატურის ფანჯრებიდან ცვიოდა და სისტემა კი ამბობდა, რომ ეს "შემთხვევითობის შედეგი" იყო?!

როდის იყო სანდო - როცა ერთი მხრივ ნარკოტიკის მომხმარებლებს და გამსაღებლებს დასდევდნენ დასაჭერად და პარალელურად კი თავად სისტემა იყო ჩართული ნარკოტიკის გასაღებაში?!

როდის იყო სანდო - როცა მდევნელი სისტემა თავად იყო კრიმინალური?!

როდის იყო სანდო - როცა "ჩადება" ქართული სამართალაღსრულების ერთ-ერთ მთავარ და შეუცვლელ პროფესიულ ჩვევად დამკვიდრდა?!

როდის იყო სანდო - როცა 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ხალხს იტაცებდნენ და კრიმინალებსა თუ გამტაცებლებს სწორედ სისტემა მფარველობდა, როგორც პარტნიორი და თანამზრახველი?!

როდის იყო სანდო - როცა რეციდივისტი და სერიული მკვლელიც კი მრავალჯერ უსხლტებოდა სასჯელს, თუკი მას ძლიერი მფარველი ჰყავდა სისტემაში?!

როდის იყო სანდო - როცა მაღალჩინოსნების ბრძანებით ოქროყანის ტყეში აწამეს ორი ადამიანი, ერთს სასიკვდილოდ დაუსერეს მთელი სხეული და არაადეკვატური სისტემა კი ფარად დაუდგა სწორედ მკვლელებს და არა ჩაგრულებს?!

როდის იყო სანდო - როცა ნაგვემ და ნაცემ კაცს "მამხილებლური" ვიდეო გამოუდეს, რათა ის არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ სოციალურადაც მოესპოთ და მისი მჩაგვრელები კი აღარც გახსენებოდა არავის?!

როდის იყო სანდო - როცა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ის, ვინც თავში დანა ჩაარჭო ადამიანს, საზოგადოებისთვის თურმე არც ყოფილა საშიში, ხოლო სხვა, ვის ბრალეულობაზეც, სულ მცირე, უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს, ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს რვა წლით თავისუფლების აღკვეთას?!

როდის იყო სანდო - გუშინ? გუშინწინ? ათი წლის წინ? ოცდაათი წლის წინ? თუ იქნებ მთელი "სამოცდაათი წლის" განმავლობაში - როცა საბჭოთა სისტემა მართალი იყო და მილიონობით დახვრეტილი და გადასახლებული კი ცალსახად მტყუანი?!

ნდობის რა გამოცდილება გვაქვს, რომ სისტემას ვენდოთ და არა ადამიანს?!

და თუკი არ ვენდობით, ვისი ბრალია - ჩვენი თუ სისტემის?!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG