რაში დასჭირდა რუსეთის იმპერიას ევროპული თბილისი? - ახალი კვლევა ვორონცოვის ეპოქაზე

კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის პორტრეტი და ნანა შარიქაძისა და ეკა კიკნაძის ახალი მონოგრაფიის გარეკანი XIX საუკუნის თბილისის ხედის ფონზე.
კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის პორტრეტი და ნანა შარიქაძისა და ეკა კიკნაძის ახალი მონოგრაფიის გარეკანი XIX საუკუნის თბილისის ხედის ფონზე.

მოკლედ

  • მონოგრაფია „ვორონცოვის კულტურის პოლიტიკა: „ევროპეიზაციის“ რუსული გეგმა საქართველოში“ იკვლევს, როგორ იყენებდა რუსეთის იმპერია კულტურასა და ევროპეიზაციას საქართველოში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად;
  • მონოგრაფიის ავტორები ვორონცოვს წინააღმდეგობრივ ფიგურად მიიჩნევენ და ცდილობენ, მისი საქმიანობა ამ ჭრილში განიხილონ;
  • სიონის ტაძრის მოხატულობა და ოპერის ფარდა იმ მაგალითებს შორისაა, რომლებშიც მკვლევრები ქართული კულტურის რუსეთის იმპერიულ სივრცეში მოქცევის მცდელობას ხედავენ;
  • საქართველოში ევროპული კულტურის ტრადიციები ვორონცოვის ჩამოსვლამდე - როგორი იყო ქართველი არისტოკრატია 1820-იან წლებში;

„ჩვენ ვსაუბრობთ კულტურაზე, როგორც ცდუნების იარაღზე და მოდერნულობაზე, როგორც კოლონიზაციის საშუალებაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ხელოვნებათმცოდნე ნანა შარიქაძემ, რომელიც ეკა კიკნაძესთან ერთად ვორონცოვის კულტურული პოლიტიკის შესახებ ახალი მონოგრაფიის ავტორია.

კვლევა აჩვენებს, როგორ შეიძლებოდა საქართველოს ევროპეიზაცია ერთდროულად ყოფილიყო კულტურული განვითარების შესაძლებლობაც და რუსეთის იმპერიული გავლენის განმტკიცების საშუალებაც.

თითქმის ორი საუკუნის შემდეგ საქართველოში კვლავ აქტუალური ხდება ქართული ისტორიის იმ მნიშვნელოვანი მონაკვეთის განხილვა, რომელიც კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის, თბილისში მოღვაწეობას უკავშირდება.

ამ ისტორიის ახლებურად გააზრებას ცდილობენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები, პროფესორები ნანა შარიქაძე და ეკა კიკნაძე მონოგრაფიაში „ვორონცოვის კულტურის პოლიტიკა: „ევროპეიზაციის“ რუსული გეგმა საქართველოში“.

ეს არის წიგნი, რომელსაც დიდი ფრანგი მოაზროვნის, ფუკოს ტერმინით, შეიძლება „აწმყოს ისტორია“ ვუწოდოთ

წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა.

ავტორები ცდილობენ ვორონცოვის მმართველობის ათწლეულის (1844 -1854) პროცესებში გარკვევას და მასში ამ მოღვაწის როლის განსაზღვრას, როგორც მისი დემონიზების, ისე ამ როლის გაზვიადების გარეშე.

მონოგრაფიის მთავარი კითხვაა, რა ტიპის ინტერესები იდგა სინამდვილეში იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივი და კულტურული განვითარების მიღმა და როგორ შეიძლებოდა ეს ინტერესები ერთდროულად ყოფილიყო ქვეყნისთვის როგორც ახალი შესაძლებლობების შემქმნელი, ისე რუსეთის იმპერიაში მისი ინტეგრაციის ხელშემწყობი.

„ეს არის წიგნი, რომელსაც დიდი ფრანგი მოაზროვნის, ფუკოს ტერმინით, შეიძლება „აწმყოს ისტორია“ ვუწოდოთ“, - ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი გიგა ზედანია და ამატებს - „ეს არის სრულიად აკადემიური, წყაროებზე დაფუძნებული, თეორიულად ძალიან გამართული კვლევა, თუმცა მისი სამოქალაქო მნიშვნელობაც არანაკლებ საინტერესოა. ნაშრომი გვახსენებს იმ ისტორიას, რომლის ნაწილიც ჩვენ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვართ. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ხშირად იჩენს თავს ნოსტალგიური დისკურსი რუსეთის იმპერიის მიმართ, ეს წიგნი კი ერთგვარად აანალიზებს ამ დისკურსის არსებობის ფესვებს, რუსეთის იმპერიის მაშინდელი პოლიტიკის კომპლექსურობის, ორაზროვნებისა და არაერთმნიშვნელოვნების გათვალისწინებით“.

ამ თემაზე კვლევები ადრეც არსებობდა, თუმცა გიგა ზედანიას აზრით, ამ ნაშრომში უდავო სიახლეა იმ სამი - საეკლესიო, ურბანული და სალონური - სივრცეების სინთეზი, რომელიც ვორონცოვის პერიოდის რეჟიმის შესასწავლად ძალიან მნიშვნელოვანია.

„იმ პერიოდის პოლიტიკის განხილვა სამ სხვადასხვა სივრცეზე ისე, როგორც ის თეორიული ენა, რომელიც ჩვენი ისტორიის ამ მონაკვეთის ანალიზისთვის გამოიყენება, ასევე სიახლეა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“, - ამბობს პროფესორი ზედანია.

ვინ იყო მიხეილ ვორონცოვი და რა გააკეთა საქართველოში?

მიხეილ ვორონცოვი (1782-1856) რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე იყო. 1844 წლის ბოლოს ის კავკასიის მეფისნაცვლად და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდლად დაინიშნა. თბილისში 1845 წელს ჩამოვიდა და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კავკასიაში რუსეთის იმპერიის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად იქცა.

მის სახელს ბევრი დადებითი რამ უკავშირდება, თუმცა მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარეც და ასე იყო ვორონცოვის შემთხვევაშიც

ვორონცოვის მმართველობის დროს თბილისში მნიშვნელოვანი კულტურული და ინფრასტრუქტურული ცვლილებები ხდება. მისი მხარდაჭერით აღდგა ქართული თეატრი, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, განვითარდა საგანმანათლებლო დაწესებულებები, გამოიცემოდა პერიოდული პრესა. 1851 წელს თბილისში იტალიური ოპერა გაიხსნა. ქალაქში აშენდა ახალი შენობები, მოეწყო ქუჩები და აიგო მტკვარზე ქვის ხიდი, რომელსაც მოგვიანებით ვორონცოვის სახელი დაუკავშირდა.

ამ ცვლილებებმა გავლენა მოახდინა თბილისის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. თუმცა ვორონცოვის საქმიანობა მხოლოდ ქალაქის ინფრასტურქტურის და კულტურული ცხოვრების განვითარებით არ სრულდებოდა. როგორც რუსეთის იმპერიის წარმომადგენელს, მას გაცილებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანაც ჰქონდა: კავკასიაში იმპერიის ძალაუფლების განმტკიცება და ადგილობრივი საზოგადოების იმპერიულ სისტემაში ინტეგრაცია.

კულტურა, განათლება და ევროპული ცხოვრების წესის გავრცელებაც მისი მმართველობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იყო.

სწორედ ამ ორმაგი მემკვიდრეობის გამო ერთი მხრივ, ვორონცოვის სახელს უკავშირდება თბილისის კულტურული განვითარება, მეორე მხრივ კი, ის იყო იმპერიის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს რუსეთის პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას ცდილობდა.

საქართველოს ევროპეიზატორი თუ იმპერიული ამბიციების გამტარებელი?

მიხეილ ვორონცოვი თბილისში არ ჩამოსულა უბრალო მოხელედ, რომელსაც ქალაქის კეთილმოწყობაზე უნდა ეზრუნა. ის საქართველოში რუსეთის იმპერიას წარმოადგენდა და კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა თუ თეატრალური და მუსიკალური ცხოვრების მხარდაჭერის მიღმა რუსეთის იმპერიისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და შორსმიმავალი მიზნები იდგა.

კვლევაში არავითარ შემთხვევაში არ ვაყენებთ ეჭვქვეშ ვორონცოვის საქმეებს საქართველოში, არ ვცდილობთ მის დემონიზებას

„ვორონცოვი XIX საუკუნის კავკასიისა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რუსეთის იმპერიის წარმომადგენელი. მის სახელს ბევრი დადებითი რამ უკავშირდება, თუმცა მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარეც და ასე იყო ვორონცოვის შემთხვევაში, ის საკმაოდ ამბივალენტური ფიგურაა, ჩვენს კვლევაში თამამად ვამბობთ იმას, რომ ის, ფაქტობრივად, ორსახოვანი იანუსია“, - ამბობს მონოგრაფიის ერთ-ერთი ავტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა შარიქაძე.

ავტორის თქმით, სწორედ ამ ორსახოვნებამ და მის მიმართ არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებამ უბიძგა მას და მის თანაავტორს, ეკა კიკნაძეს, ვორონცოვის ეპოქა ეკვლიათ.

„ჩვენს კვლევაში არავითარ შემთხვევაში არ ვაყენებთ ეჭვქვეშ ვორონცოვის საქმეებს საქართველოში, არ ვცდილობთ მის დემონიზებას. ჩვენი მიზანია, წარმოვადგინოთ ისეთი სურათი, რომელიც ვორონცოვის ქმედების სხვადასხვა მხრიდან შეფასების შესაძლებლობას მოგვცემს და არა მხოლოდ კარგის ან ცუდის ჭრილში“, - გვეუბნება ნანა შარიქაძე.

გიგა ზედანია
გიგა ზედანია

გიგა ზედანიაც იზოლირებულად კი არ აფასებს თბილისში ვორონცოვის საქმიანობას, არამედ განიხილავს მას სხვა ქალაქებში მისი მოღვაწეობის კონტექსტში. ეს ადგილები ინახავს და ყვება არა მხოლოდ ერთი მოხელის ისტორიას, არამედ იმპერიის სტრატეგიას.

„მახსოვს, პირველად ოდესაში რომ ვიყავი და ძველი ოდესის უბნებში ვსეირნობდი, მქონდა განცდა, თითქოს სოლოლაკში ვიყავი. და შემდეგ, როცა ერთმანეთს უკავშირებ ვორონცოვის საქმიანობის გავლენას ოდესასა და თბილისზე, ხვდები, რომ სინამდვილეში რუსეთის იმპერიის მიდგომა და მიზნები უკრაინისა და საქართველოს მიმართ თითქმის იდენტური იყო“, - ამბობს გიგა ზედანია.

რა დგას „ევროპეიზაციის რუსული გეგმის“ მიღმა?

ნანა შარიქაძე განმარტავს, რომ რუსეთი ცდილობდა რეგიონში ევროპული ცივილიზაციის გამტარებლის როლი ეთამაშა და ევროპისთვის დაემტკიცებინა, რომ თავადაც ევროპულ კულტურას ეკუთვნოდა:

საბჭოთა პერიოდის უკეთ გასააზრებლად ამ იმპერიული წარსულის სწორი კვლევა ნამდვილად გვჭირდება

„ცივილიზაციის გავრცელების მისიის განხორციელება ევროპული სტილის უნდა ყოფილიყო, რაც, პირველ რიგში, ევროპული კულტურული ცხოვრების ელემენტებს გულისხმობდა: ოპერა და თეატრი, საგანმანათლებლო პროექტები, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულება, რაც, რა თქმა უნდა, ასევე იყო ევროპეიზაციის ნაწილი. მაგალითად, გზების გაყვანა, ქვის ხიდი, რომელიც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებდა...

მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ XIX საუკუნეში აქ რუსეთის იმპერია იყო, რომელიც კავკასიას, მათ შორის, საქართველოს ნელ-ნელა იპყრობდა და აქ დიდხანს დარჩენას გეგმავდა. ასე რომ, რასაც აკეთებდა, უპირველესად, საკუთარი ინტერესებისთვისაც, იმისთვის, რომ თავადაც ეგრძნო თავი კომფორტულად“.

იქნებ სწორედ ეს არის ის „რბილი ძალა“, რომელზეც დღეს ასე ხშირად ვსაუბრობთ?

ნანა შარიქაძის თქმით, მათ ამ ტერმინის გამოყენებისგან, რომელიც ჯოზეფ ნაიმ XX საუკუნეში დაამკვიდრა, თავი შეიკავეს, რადგან იგი XIX საუკუნის იმპერიულ სტრატეგიას ბოლომდე არ შეესაბამება.

„ჩვენ ვსაუბრობთ კულტურაზე, როგორც ცდუნების იარაღზე და მოდერნულობაზე, როგორც კოლონიზაციის საშუალებაზე. რბილი ძალა კი მოდერნულობის მთელ არსს ვერ მოიცავს, ის მხოლოდ კულტურის, როგორც სატყუარას, გამოყენებას გულისხმობს“.

კულტურის, როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტის გამოყენების მექანიზმები, რომელთა საფუძველიც ვორონცოვმა XIX საუკუნეში შექმნა, საბჭოთა ეპოქაშიც, განსაკუთრებით კი სტალინის პერიოდში, განაგრძობდა მოქმედებას.

„სწორედ ამიტომ მიგვაჩნია ჩვენ, როგორც საბჭოთა კულტურაზე მომუშავე მკვლევრებს, რომ რუსეთის იმპერიის შესწავლა, კერძოდ, ვორონცოვის სტრატეგიული ხედვის გააზრება ყველა ამ მიმართულებით, ეპისტემიურ და ინსტიტუციურ დონეებზე, სხვადასხვა სივრცეში: საკრალურში, ურბანულსა და სალონურში, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი იმდენად სტრატეგიულად იყო დაგეგმილი, რომ შესაძლოა, საბჭოთა პერიოდში პირდაპირი ანალოგიების ძიებამ შედეგი არ გამოიღოს… თუმცა საბჭოთა პერიოდის უკეთ გასააზრებლად ამ იმპერიული წარსულის სწორი კვლევა ნამდვილად გვჭირდება“.

სიონი, ოპერა და თავადი გაგარინი: ვორონცოვის ეპოქის პარადოქსები

როგორ მუშაობდა კულტურა იმპერიის ინტერესებისთვის? მონოგრაფიის ავტორები ამის რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს განიხილავენ. ერთ-ერთი მათგანია თბილისის სიონის ტაძარი.

სიონი 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. მიხეილ ვორონცოვმა მისი ინტერიერის აღდგენა გადაწყვიტა და ეს საქმე მხატვარს, რუს თავადსა და ყოფილ სამხედროს, გრიგოლ გაგარინს მიანდო.

შედეგი საკმაოდ რადიკალური აღმოჩნდა: გაგარინმა უბრალოდ კი არ შეცვალა კედლის მხატვრობა, არამედ შექმნა მთელი იკონოგრაფიული კონტექსტი ნეობიზანტიურ სტილში, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ტრადიციული ქართული შუა საუკუნეების მხატვრობისგან.

თუმცა გუმბათქვეშა ოთხ მთავარ ბურჯზე გამოსახულნი იყვნენ წმინდა ნინო, წმინდა დედოფალი ქეთევანი, მეფე-მოწამე ლუარსაბ II და წმინდანად შერაცხული მეფე არჩილი.

ამით, სავარაუდოდ, ქართული ქრისტიანული ისტორიისადმი პატივისცემის ხაზგასმა იყო ნავარაუდევი, თუმცა ფრესკების წარწერები კირილიცით შესრულდა.

ეს კი უკვე ვორონცოვის კულტურული პოლიტიკის ბევრისმთქმელი პარადოქსის ნიმუშია: ტრადიციების პატივისცემა იმპერიული გადააზრების პირობებში.

„მნიშვნელოვანია იმ ნარატივებისა და გზავნილების წაკითხვა, რომლებსაც იმპერია მის მიერ შექმნილ სივრცეებში ათავსებდა. მაგალითად, იმპერიული სულისკვეთება რელიგიურ სივრცეში. სიონის ტაძრის საკრალურ სივრცეში, იქ, სადაც ნინოს ჯვარია დასვენებული, მდებარეობს ციციანოვის საფლავიც. ანუ ეს არის საკრალურ სივრცეში საკუთარი სამხედრო, მილიტარისტული პერსონალიით შესვლა“, - ამბობს ნანა შარიქაძე.

იმავე ფარულ შინაარსს ბევრი მკვლევარი კითხულობს გაგარინის ფარდაშიც, რომელიც მან 1851 წელს ოპერის თეატრის გახსნისთვის შექმნა.

ოპერის ფარდის საპროექტო ვარიანტი. 1851-1852წწ.
ოპერის ფარდის საპროექტო ვარიანტი. 1851-1852წწ.

ფარდის ესკიზები რამდენჯერმე გადაკეთდა. სიმბოლოები ზედმეტად აშკარა არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, საბოლოო ვარიანტშიც ის მხოლოდ თეატრალურ გაფორმებად კი არა, იმპერიის ერთგვარ ვიზუალურ პროგრამად იკითხებოდა.

მართალია, მასში კოდირებული იყო ორი სახელმწიფოს ერთიან კულტურულ და მართლმადიდებლურ სივრცეში შერწყმის იდეა, თუმცა ეს შერწყმა თანასწორუფლებიან კავშირად კი არა, საქართველოს იმპერიულ სისტემაში ჩართვად იყო წარმოდგენილი.

ამის მთავარი დასტური კი ორთავიანი არწივი გახლდათ, რომელიც გამოსახული იყო რუსეთისა და საქართველოს ალეგორიულ ფიგურებს შორის.

ილუსტრაცია თბილისის ოპერის ფარდაზე
ილუსტრაცია თბილისის ოპერის ფარდაზე

რა არსებობდა ვორონცოვამდე: ქართული ელიტა და საკუთარი კულტურული ტრადიციები

თუმცა რამდენად სწორია საქართველოს კულტურული განვითარების დაკავშირება მხოლოდ ვორონცოვის სახელთან?

მონოგრაფიის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ საქართველოში ევროპული კულტურის მიმართ ინტერესი და კულტურული ცხოვრების ტრადიციები ვორონცოვის ჩამოსვლამდეც არსებობდა.

ამ საკითხის კვლევისას ისინი ეყრდნობიან ქართველი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, არჩილ ჯორჯაძის გამონათქვამს:

„ეჭვს გარეშეა, თ. ვორონცოვი ვერ შეჰქმნიდა ჩვენში ვერც თეატრს, ვერც პერიოდულ პრესას, თვით საზოგადოებაში რომ არ ყოფილიყო ამისათვის საჭირო ელემენტები“.

„არისტოკრატიულ სალონებში ბაირონსა და სხვა ავტორებს კითხულობდნენ, სწავლობდნენ მათ შემოქმედებას, საუბრობდნენ ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, რადგან ქართველი დიდგვაროვნები შვილების აღზრდას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ხოლო ენობრივ კომპონენტს კი ამ აღზრდაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მათთვის მუსიკის გაკვეთილებიც ტარდებოდა, თითების სავარჯიშოებით. დიდგვაროვანთა სალონებში მუზიცირებდნენ, ერთ-ერთი პირველი როიალი ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში იდგა... ეს ყველაფერი ქართველი არისტოკრატების სახლებში ვორონცოვის ჩამოსვლამდე გაცილებით ადრე არსებობდა, ჯერ კიდევ 1820-იანი წლებში.

ეს კი ადასტურებს პროცესის უწყვეტობას, იმას, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა სამეფო კარზე კულტურული საქმიანობის ტრადიცია. გავიხსენოთ თუნდაც პოეტი-ლირიკოსი ბესიკი, რომელიც იმერეთის მეფეთა კარზე დიპლომატად და უფროს მდივნად მსახურობდა. სამეფო კარის გაუქმებისა და საქართველოში რუსეთის იმპერიის შემოსვლის შემდეგ კულტურულმა ტრადიციამ არისტოკრატიული სალონების სივრცეში გადაინაცვლა“, - ამბობს ნანა შარიქაძე.

ამრიგად, ვორონცოვის მმართველობის პერიოდში კულტურული ცხოვრების განვითარება არ ნიშნავდა, რომ ეს პროცესები საქართველოში მანამდე არ არსებობდა. იმპერიის მიერ მხარდაჭერილი ახალი ინსტიტუტები უკვე არსებული კულტურული ტრადიციების საფუძველზეც ვითარდებოდა.

როგორ იქცა იმპერიის მიერ შექმნილი სივრცეები წინააღმდეგობის ადგილებად?

ქართული ელიტა არ ქცეულა მორჩილ საზოგადოებად, რომელიც თბილისის ადმინისტრაციის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ქართული კულტურული სივრცეები ზოგჯერ მკაცრ წინააღმდეგობასაც კი უწევდნენ იმპერიულ განზრახვებს. ამის მაგალითი ოპერის რეპერტუარის გარუსების მცდელობა იყო.

ნანა შარიქაძე ამბობს:

„ვორონცოვის პერიოდში ესა თუ ის სალონი უკვე ისეთ მნიშვნელოვან ადგილად იქცევა, რომ, წესით, რუსეთის შუამავლობით განხორციელებული ევროპეიზაციის კულტურულ მისიასთან უნდა ყოფილიყო მხოლოდ დაკავშირებული. სინამდვილეში კი მოხდა პირიქით, ეს სივრცეები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ შემოტრიალდა. სწორედ ასეთი ადგილი იყო სალონი, მათ შორის, ოპერა“.

იტალიური ოპერის პოპულარობამ ხელი ვერ შეუშალა მისი გარუსების მცდელობას. როგორც მკვლევარი მაია სიგუა წერს, როდესაც თეატრის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რეპერტუარიც და შემსრულებლებიც მხოლოდ რუსები უნდა ყოფილიყვნენ“, ამას საზოგადოების იმდენად ძლიერი უკმაყოფილება მოჰყვა, რომ თეატრის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, უკან დაეხია: თეატრში იტალიელი მომღერლები დაბრუნდნენ, მათთან ერთად იტალიური რეპერტუარიც.

“ანუ ადგილები, სივრცეები, რომლებიც რუსეთის იმპერიას თავისი მიზნებისთვის სჭირდებოდა და რომელთა საშუალებითაც სურდა თავიდან ბოლომდე ემართა მასში მიმდინარე პროცესები, სინამდვილეში ასეთი არ აღმოჩნდა, ისინი წინააღმდეგობის ადგილებად გადაიქცა“, - აგრძელებს ნანა შარიქაძე.

ეს მაგალითი ვორონცოვის კულტურული პოლიტიკის კიდევ ერთ წინააღმდეგობას აჩვენებს: იმპერიის მიერ მხარდაჭერილი კულტურული სივრცეები ყოველთვის ვერ ექვემდებარებოდა იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც ხელისუფლება მათ იყენებდა.

ასევე ნახეთ:



რატომ არის მნიშვნელოვანი იმპერიული მემკვიდრეობის გააზრება დღეს?

ნანა შარიქაძისა და ეკა კიკნაძის მონოგრაფიის განხილვამ, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა, სხვა საკითხებთან ერთად, ვორონცოვის ეპოქის მიმართ საზოგადოების ინტერესი გამოავლინა.

ბევრისთვის ეს განხილვა იქცა შესაძლებლობად, ახლებურად შეეხედა საქართველოში რუსეთის იმპერიის არსებობის ისტორიისთვის, უფრო ღრმად დაკვირვებოდა ქართულ საზოგადოებასა და იმპერიულ ხელისუფლებას შორის ურთიერთობას.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის ლექტორმა არჩილ ჯანგირაშვილმა დისკუსიის შემდეგ თქვა, რომ კიდევ უფრო მეტად დარწმუნდა ვორონცოვის, როგორც რუსიფიკაციის გამტარებელი პოლიტიკოსის საქმიანობის მიზანმიმართულობაში, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ მან შესაძლოა შეხედულება შეიცვალოს. რაშიც ეჭვი არ ეპარება, ისაა, რომ ამ თემის კვლევა უნდა გაგრძელდეს.

ფილოსოფიის დოქტორი გიგა ზედანია კი საზოგადოებას აფრთხილებს, იმპერიული მემკვიდრეობის უარყოფა საკუთარი ისტორიის უარყოფაში არ აერიოს:

„სურვილი იმისა, რომ ჩვენ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ ეს იმპერიული მემკვიდრეობა, სულაც არ ნიშნავს ყველაფრის დავიწყებას. არ არის საჭირო უარვყოთ ის წარსული, რომელთანაც კავშირი ჰქონდა ქართულ კულტურას. თუმცა, ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ ამ იმპერიული სივრცის ნაწილი“, - ამბობს ის.

სავარაუდოდ, სწორედ ეს არის ამგვარი კვლევების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა: ისტორიიდან არ ამოვშალოთ ეპოქები, არ დავიყვანოთ ისინი ერთმნიშვნელოვან, ცალსახა შეფასებამდე, გავარკვიოთ, რა მექანიზმებით ცდილობდა იმპერია საკუთარი გავლენის დამკვიდრებას და როგორ ახერხებდა ქართული საზოგადოება იდენტობის შენარჩუნებას.

XS
SM
MD
LG