Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდში დაიწყო სამზადისი ციფრული მაუწყებლობის მისაღებად


ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასასვლელად ზუგდიდში სამზადისი დაიწყო. მოქალაქეები ნელ-ნელა ეცნობიან რა სჭირდებათ ან როგორ უნდა მოიქცნენ, რომ 17 ივნისს პროცესს მომზადებული შეხვდნენ. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზუგდიდელები ჰყვებიან, მათ უკვე დაიწყეს საკუთარი ტელევიზორების შესწავლა და დადგენა, საჭიროა თუ არა დამხმარე ტექნიკური აღჭურვილობა. რესპონდენტების ნაწილი ამბობს, რომ ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ძირითადად ტელევიზიებიდან, უფრო მეტად კი ბროშურებიდან მიიღეს, რომელიც კომუნალური გადასახადების ქვითარს ახლავს თან. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების ნაწილი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას და არსებობს კითხვები:

„ტელევიზორი მაქვს კარგი. ახლახან ვიყიდეთ და დამჭირდება რამე?“, - კითხულობს ზუგდიდელი გული ხასია. სოფელ ნარაზენში მცხოვრები ემზარ თოდუა კი არ მიესალმება რეფორმას:

„ქვეყანა სიახლისკენ მიდის, ეს კარგია, მაგრამ სოფელში ახლა ხალხს პურის ფქვილის ყიდვა უჭირს და მაგარი უკმაყოფილო არიან ამ სიტუაციით. ხალხს დრო გაჰყავს იმით, რომ სერიალს უყურებენ ან რაღაცას და მე გლეხური თვალსაზრისით გეტყვით, რომ ეს დიასახლისებს კატასტროფამდე მიიყვანს“.

„იმ ანტენას რომ დააყენებო, მერე უკეთესი იქნებაო გამოსახულება, უკეთესად აჩვენებდეს იქნებაო. ჩვენ გვაქვს, აი, თეფშებს რომ ეძახიან, ის ანტენა და როცა წვიმაა ან ცუდი ამინდი, მაშინ ზოგჯერ არ აჩვენებს და ვფიქრობთ, რომ, აი, ეს შეიცვლება“,- ამბობს ნაზო ზარქუა.

„ხალხი ახლა გაჭირვებაში ცხოვრობს და ერთ-ორ არხს უყურებს. ამის გათიშვა, ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა, მე მგონი, რომ არ იყო საჭირო“, - გვითხრა თეზი მებონიამ. მისგან განსხვავებით, ნინო ჯოჯუა მიესალმება მაუწყებლობის სფეროში დაგეგმილ რეფორმას:

„ჯერ არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად მინდა დავაყენო ციფრული მაუწყებლობა“.

ზუგდიდელმა გოჩა ანჯაფარიძემ უკვე იცის, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და მასზე ნაკლებია, ციფრული სიგნალის მიმღები აპარატი ე.წ. „სეთ-თოფ ბოქსები“ უფასოა. როგორც ციფრული მაუწყებლობის სააგენტოში განმარტავენ, ეს მოწყობილობაა, სპეციალური კაბელით (კოაქსიალური, იგივე სპილენძის და RCA შემაერთებელი, კაბელები) უერთდება ტელევიზორს და უზრუნველყოფს როგორც სტანდარტული, ასევე მაღალი გარჩევადობის სიგნალების ანალოგურ ფორმატში გარდაქმნას. ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოს ფოსტის რაიონულ სერვისცენტრებში უნდა გადანაწილდეს, სწორედ ამიტომ გოჩა ანჯაფარიძე უკვე ზუგდიდის ფოსტას ესტუმრა:

„ვიყავი მისული და მითხრეს, თვის ბოლოს მოგვაკითხეო. მაშინ ყველაფერი იქნება გარკვეულიო“.

როგორც რადიო თავისუფლებას საქართველოს ფოსტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნია ქირიამ განუცხადა, „სეთ-თოფ ბოქსების“ გადაცემის პროცესი ზუგდიდში ერთ კვირაში დაიწყება:

„ეს პროსეცი, სეთ-თოფ ბოქსების დარიგება, ორ ეტაპად მიმდინარეობს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ჩვენ ის მიგვქონდა სახლში და ამ ეტაპმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. მეორე ეტაპი არის ის, რომ სერვისცენტრებიდან გავცეთ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის“.

ციფრული მაუწყებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც ვკითხულობთ, რომ ახალი ფორმატის მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის რეფორმაა, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება, გამონაკლისს მხოლოდ საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტ-ტელევიზიების მომხმარებლები წარმოადგენენ. სიახლემ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი საეთერო მაუწყებლობის მიწოდება და ამ დარგში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება. სააგენტოს ცნობით, რეფორმის შემდეგ მომხმარებელს შეეძლება დაგეგმოს თავისთვის სასურველი გადაცემის ყურება, ისარგებლოს ელექტრონული პროგრამების კატალოგით და, უფრო მეტიც, გამოიყენოს შეხსენების რეჟიმი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გათვალისწინებული იქნება აუდიოაღწერილობა და სუბტიტრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG