Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზბესტის შესაძლო საფრთხე რუსთაველზე: ომბუდსმენი თბილისის მერიას მიმართავს

ირაკლი ფიფიას მიერ გავრცელებული ფოტო და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია (ფოტოკოლაჟი)
ირაკლი ფიფიას მიერ გავრცელებული ფოტო და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია (ფოტოკოლაჟი)

სახალხო დამცველი გამოეხმაურა ინფორმაციას რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში მიწის ქვედა ფენებში აზბესტის შემცველი ძველი მასალების შესაძლო აღმოჩენაზე.

ლევან ახვლედიანი მოუწოდებს თბილისის მერიას:

  • დაადგინონ, სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს. ასეთის დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად: გამორიცხოს მისი მშრალი ჭრა და მტვრევა, უზრუნველყოს დასაქმებულთა აღჭურვა შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ხოლო ნარჩენი შეგროვდეს ცალკე, მარკირებულ შეფუთვაში;
  • მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება აზბესტის შემცველი მასალების იდენტიფიცირებისა და მართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.

21 აგვისტოს მეცნიერმა ირაკლი ფიფიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რუსთაველის გამზირზე „საბჭოთა ეპოქის მემკვიდრეობაც ნადგურდება - კერძოდ, აზბესტის მილები“.

„ეს ნივთიერება დღეს ევროპის მასშტაბით ხმარებიდანაა ამოღებული, რადგან მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მისი მტვრის შესუნთქვა ფილტვის კიბოთი გარანტირებული ავადობაა! წესით, აქ მომუშავე მუშებს სპეცნიღაბი უნდა ეკეთოთ“, - დაწერა ფიფიამ.

მეტრო „რუსთაველთან“ დღეს, 27 აგვისტოს, ძველი მილების ნიმუშები შეგროვდა, რომლებიც ბერლინის ლაბორატორიაში გაიგზავნება. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ დაწერა.

ჯანმრთელობის რისკები და საკანონმდებლო გამოწვევები

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაო წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას მოიცავს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, წარსულში თბილისის წყალარინების სისტემაში მილსადენები სხვადასხვა მასალისგან, მათ შორის აზბესტისგან იყო დამზადებული.

„სრულიად დასაშვებია იმის ალბათობა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ქსელის განახლებისას აზბესტცემენტის მილები იქნას აღმოჩენილი“, - წერია ახვლედიანის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებაა და მისი ზემოქმედება დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან, მათ შორის მეზოთელიომასა და ფილტვის კიბოსთან. რისკი მკვეთრად იზრდება მექანიკური ზემოქმედებისას: ჭრის, მტვრევის, ბურღვისა და გრუნტიდან ამოღების დროს.

აზბესტთან დაკავშირებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი მიუთითებს 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში - „აზბესტის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით ეროვნული შესაბამისობის ზოგადი მიმოხილვა: შრომითი უსაფრთხოება, უფლება ჯანსაღ გარემოზე და ჯანმრთელობის დაცვა“ - რომელშიც გამოკვეთილია არაერთი გამოწვევა. მათ შორის ის, რომ საქართველოში სრულად არ არის დანერგილი აზბესტის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები, არ არის მიღებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დაარეგულირებდა სამუშაო სივრცეში აზბესტის ზემოქმედებისგან დასაქმებულთა დაცვას და სხვა.

სასწავლო პროცესი და შესაძლო საფრთხე ბავშვებისთვის

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ რუსთაველის გამზირი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საჯარო სივრცეა და „პოტენციური ზემოქმედების არეალი მხოლოდ დასაქმებულებით არ შემოიფარგლება“.

„განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის გარემოება, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება, სამუშაოების მონაკვეთში კი მდებარეობს პირველი კლასიკური გიმნაზია და სსიპ ქალაქ თბილისის №47 საჯარო სკოლა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოების უშუალო სიახლოვეს ყოველდღიურად აღმოჩნდებიან ბავშვები. ბავშვები აზბესტის ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია, ვინაიდან მათი სასუნთქი სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია, ხოლო აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების ლატენტური პერიოდი ათწლეულებს მოიცავს“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 2026 წლის 23 ივლისს დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
  • თავდაპირველად რეაბილიტაციის დაწყება რუსთაველზე 2024 წელს იგეგმებოდა, თუმცა ჯერ 2025, საბოლოოდ კი 2026 წლამდე გადაიდო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG