„მას შემდეგ, რაც პატრიარქმა 2017 წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველ კომენტარის გასაკეთებლად, როდესაც მივდიოდი ტელევიზიაში, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. მედო ფურცელი და ვიწერდი მის საუბარს, ეს ფურცელი შენახული მაქვს დღესაც.
მან თქვა ასეთი რამ: რომ „არის მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში [მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან უხერხული თემები ტრიალებდა, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ა.შ.], ასე რომ ამბობენ, ქამარზე ჰკიდია გასაღებიო თუ აქ არის, ან იქ არისო, ახლა ამ თემებით რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძშიო, ის დავწერე და ხმამაღლა გამოვაცხადეო, რომ აღარ ჰქონდეს ბჭობაო - ეს წერია ანდერძში თუ ის წერიაო.
ამიტომ, უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, ეს არის მისი ანდერძი“, - თქვა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ.
ილია II-ის შესახებ
- პატრიარქი ილია, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა;
- ის პატრიარქად კი 1977 წელს აკურთხეს;
- სოციალურ გამოკითხვებში კათოლიკოსი წლების განმავლობაში საქართველოში ყველაზე სანდო და პოპულარულ საზოგადო ფიგურად რჩებოდა;
- ილია მეორე 2025 წლის 16 მარტს კლინიკაში გადაიყვანეს, 17 მარტს კი მრავალპროფილურ კლინიკაში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა;
- ილია მეორე 22 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში, საკურთხევლის მარცხენა მხარეს დაკრძალეს.
- მისი დაკრძალვის დღეს, მისთვის პატივის მისაგებად, დედაქალაქის ქუჩებში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა.
მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება
2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ დაასახელა თავისი მოსაყდრის ვინაობა - პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.
შიო მუჯირი, ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მართავს ეკლესიას - ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
18 მარტს, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, იგი სინოდმა მოსაყდრედ დაამტკიცა.
როგორ აირჩევა ახალი პატრიარქი?
გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, - რომელიც არჩევს სამ კანდიდატს, - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
- გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა;
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს;
- ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ;
- ამჟამად სინოდში 39 მღვდელმთავარია.
ფორუმი