Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 თვე ციხეში, შემდეგ დეპორტაცია - აშშ-ში ტანკერის ქართველ კაპიტანს განაჩენი გამოუტანეს

ტანკერი Marinera (Bella-1) 2026 წლის იანვარში ატლანტის ოკეანეში დააკავეს
ტანკერი Marinera (Bella-1) 2026 წლის იანვარში ატლანტის ოკეანეში დააკავეს

ტანკერ Marinera-ს (Bella-1) 47 წლის კაპიტან ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა: მას 10-თვიანი პატიმრობა, შემდეგ კი ქვეყნიდან დეპორტაცია მიესაჯა. ინფორმაცია ოლქის პროკურატურამ გაავრცელა.

ტანკერი იანვარში, ატლანტის ოკეანეში, სანქციების დარღვევით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის დააკავეს. გემის ეკიპაჟში საქართველოს 6, უკრაინის 17, ინდოეთის 3 და რუსეთის 2 მოქალაქე იმყოფებოდა. კაპიტნისა და მისი თანაშემწის გარდა, ყველა მათგანი გათავისუფლდა.

ოლქის პროკურორის, ჯინინ პიროს განცხადებით, „კალანდაძე მეთაურობდა გემს, რომელიც აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის ნავთობის უკანონო გადაზიდვების დასაფარად გამოიყენებოდა, ხოლო როდესაც სანაპირო დაცვამ მას გაჩერება უბრძანა, იგი გაიქცა“.

„ეს საქმე მოწმობს, რომ ის პირებიც აგებენ პასუხს, რომლებიც აშშ-ის სამართალდამცავებისგან თავის არიდებას ღია ზღვაში შეეცდებიან. ოკეანე ვერავის მოაქცევს ჩვენი წვდომის მიღმა“, - აღნიშნა პირომ.

ამერიკული უწყების პრესრელიზის მიხედვით, 12 ივნისს კალანდაძემ აშშ-ს სანაპირო დაცვის მოთხოვნის შეუსრულებლობაში ბრალი აღიარა.

მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა განაჩენი უფრო მსუბუქი აღმოჩნდა.

იმ შემთხვევაში, თუ პატიმრობის ვადის ათვლა კალანდაძის დაკავების დღიდან, 7 იანვრიდან, დაიწყება, ის აშშ-ის ციხეს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში დატოვებს.

კალანდაძის დაკავება

2025 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ვენესუელისკენ მიმავალი და ამ ქვეყნიდან მომავალი სანქცირებული ტანკერების ბლოკადის ბრძანება, აშშ-ის სანაპირო დაცვამ კარიბის ზღვაში სცადა სანქციების დარღვევაში ეჭვმიტანილი ტანკერის, Bella 1-ის დაკავება, თუმცა ეკიპაჟმა კურსი მკვეთრად შეცვალა, ტანკერის სახელი Marinera-დ გადაკეთდა და გემი ხელახლა დარეგისტრირდა გაიანის დროშის ნაცვლად რუსეთის დროშით მცურავ საშუალებად.

ტანკერი, რომელმაც ვენესუელაში შეღწევა ვერ მოახერხა და გეზი ატლანტის ოკეანისკენ აიღო, ამერიკელებმა 7 იანვარს დააკავეს. დაკავების შემდეგ ტანკერი დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიის სანაპიროსთან გადაიყვანეს.

იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთიდან წაიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ადგილობრივი სასამართლოსგან ითხოვდა კალანდაძის გაყვანის აკრძალვას და მის დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კანონმდებლობით.

ავთანდილ კალანდაძე მეუღლესთან ერთად - ბრიტანულ მედიაში გამოქვეყნებული ფოტო
ავთანდილ კალანდაძე მეუღლესთან ერთად - ბრიტანულ მედიაში გამოქვეყნებული ფოტო

როგორც BBC და Reuters-ი წერდნენ, 26 იანვარს სასამართლომ მართლაც შეაჩერა ავთანდილ კალანდაძის მიმართ რაიმე ქმედებების განხორციელება, სანამ მისი საქმე დეტალურად არ იქნებოდა განხილული, თუმცა მეორე დღეს პროკურორმა სასამართლოს აცნობა, რომ კაპიტანი და მისი პირველი თანაშემწე აშშ-ის სანაპირო დაცვის გემ Munro-ზე იმყოფებიან და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლები დატოვეს.

ადვოკატმა აამერ ანვარმა განაცხადა, რომ ამერიკელებმა კალანდაძე „არსებითად გაიტაცეს“.

Bella 1-ის (Marinera) დაკავების შემდეგ, 7 იანვარს შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, რომ სანქციების დარღვევისთვის ტანკერის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლით გათვალისწინებულ ბრალს წაუყენებენ. ბონდის ინფორმაციით, ტანკერს ნავთობი გადაჰქონდა ვენესუელიდან და ირანიდან.

შეერთებულმა შტატებმა Bella 1-ს სანქციები 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც უკანონოდ გადაჰქონდა ირანული ნავთობი.

7 იანვარს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ Marinera-ს 2025 წლის 24 დეკემბრიდან ჰქონდა რუსეთის დროშით ცურვის დროებითი ნებართვა და დაკავების დროს იმყოფებოდა ღია ზღვაში, სადაც თავისუფალი ნაოსნობის რეჟიმი მოქმედებს და არცერთ სახელმწიფოს არ აქვს ძალის გამოყენების უფლება სხვა სახელმწიფოში დარეგისტრირებული გემების მიმართ.

  • რუსულმა გამოცემამ „ნოვაია გაზეტა ევროპა“ გაარკვია, რომ ტანკერი Marinera (Bella 1) ეკუთვნის რუსეთის ქალაქ რიაზანში ნახევარი წლის წინ დარეგისტრირებულ კომპანია „ბურევესტმარინს“, რომლის დირექტორი და ერთადერთი მფლობელია მეწარმე ანექსირებული ყირიმიდან ილია ბუგაი. ის ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. ბუგაი ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორიცაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG