Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახი ეძებს ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელიც იმერეთში გაუჩინარდა

„გოგოებს ძალიან ენატრებათ მამა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქუთაისის მიდამოებში დაკარგული მარკ ჯექსონის ცოლი.
„გოგოებს ძალიან ენატრებათ მამა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქუთაისის მიდამოებში დაკარგული მარკ ჯექსონის ცოლი.

მოკლედ

  • განახლება: მარკ ჯექსონი თბილისის ერთ-ერთ პარკში იპოვეს - შსს-ის ცნობით, უვნებლად.

საქართველოში ეძებენ ბრიტანეთის მოქალაქე მარკ ჯექსონს, 58 წლის კაცს, რომელიც გაუჩინარებამდე იმერეთში, ქუთაისის მახლობლად იმყოფებოდა.

მეუღლის ცნობით, იგი 17 სექტემბრის შემდეგ არ გასულა კონტაქტზე ოჯახის წევრებთან - ცოლთან და სამ მცირეწლოვან გოგოსთან. ოჯახის თქმით, პოლიციაში განცხადება შესულია.

„ის ძალიან მიმნდობია, ძალიან კეთილია და მარტივად შეიძლება მისი მოტყუება. მეშინია, ვინმეს რამე არ დაეშავებინა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი ცოლი, ოლია ჯექსონი. იგი სამ შვილთან ერთად რუსეთში ცხოვრობს.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ჰოსტელის მეპატრონეს - იქ მარკ ჯექსონი რამდენიმე დღის განმავლობაში ფიზიკურად მუშაობდა.

რუსეთიდან საქართველოში

იგი ოჯახთან, ოლია ჯექსონთან და სამ შვილთან, ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა.

დაახლოებით 3-4 თვის წინ კი საქართველოში ჩამოვიდა, – იმის გამო, რომ, ცოლის თანახმად, რუსეთის ვიზას ვადა გაუვიდა და ვადის გახანგრძლივებისთვის საჭირო დრო აღარ ჰქონდა – 3 დღეში ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

„იცოდა, რომ საქართველოში ერთი წლით ცხოვრების უფლება ჰქონდა, ამიტომ იფიქრა, რომ იქიდან შეძლებდა რუსეთის ვიზის აღებას, რაც უფრო მარტივიც იქნებოდა და იაფიც დაჯდებოდა“, – გვიამბობს ცოლი.

მისი თქმითვე, ბრიტანეთში დაბრუნება არც განუხილავს, რადგან იქ სახლი და შემოსავალი არ აქვს.

ცოლის თანახმადვე, მარკ ჯექსონი თბილისში რუსეთის ვიზაზე განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტებს აგროვებდა, თუმცა არ იცის, საბოლოოდ წარადგინა თუ არა განაცხადი. მისი თქმითვე, კაცს უჭირდა გაერკვია, სად უნდა მისულიყო თბილისში განაცხადის გასაკეთებლად.

სავარაუდოდ, დიმი არის მონიშნული მის ადგილმდებარეობად რუკაზე, რომელიც მან ასევე გაუზიარა ოჯახის წევრებს.
სავარაუდოდ, დიმი არის მონიშნული მის ადგილმდებარეობად რუკაზე, რომელიც მან ასევე გაუზიარა ოჯახის წევრებს.

მუშაობდა ჰოსტელშიც

მეუღლის თქმით, მას შემდეგ, რაც ფული გაუთავდა, ჯექსონმა საქართველოში დროებითი სამუშაოების ძებნა დაიწყო და სხვადასხვა ადგილას გადაადგილდებოდა.

ოლია ჯექსონის თქმითვე, მისი ქმარი „უკვე კარგა ხნის წინ“, აგვისტოში მუშაობდა სოფელში, „რომელიც წყალდიდობამ დააზარალა“, - სავარაუდოდ, ბაღდათში, - და მოგვიანებით ქუთაისთან ახლომდებარე სხვა ადგილას.

მან გამოგვიგზავნა ფოტო, სადაც ჰოსტელის ტელეფონის ნომერი ჩანს. ამ ნომერზე დარეკვისას გვიპასუხა 60 წლის ნიკოლოზ გოგოძემ, ბაღდათელმა კაცმა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ჯექსონმა მასთან ჰოსტელში, - რომელიც საირმის გზაზე მდებარეობს, - რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავა.

„წყალდიდობა იყო ბაღდათში. იმ წყალდიდობის მერე მოვიდა ჩემთან, ვიღაცას ჩამოჰყვა… სამი-ოთხი დღე გაჩერდა, იმუშავა, მივაწოდე თავისი ნამუშევარი, ადგა და წავიდა“, - გვითხრა მან.

„არ ვიცი, სად წავიდა. დილას ადგა, დაწერა, მადლობელი ვარო, შენ მე პატივი მეციო და წავიდა, არც დამმშვიდობებია“, - ამბობს იგი. რუსულ ენაზე კონტაქტობდნენ ერთმანეთთან. „სხლავდა რუსულად“.

ის ზუსტად ვერ იხსენებს, რა თარიღებში იმყოფებოდა მასთან ბრიტანეთის მოქალაქე, თუმცა დაახლოებით ამბობს: „არ ვიცი, შვილო, ერთი 10 დღე გავიდა მის მერე“.

გოგოძის თქმით, ფიზიკური სამუშაოების სანაცვლოდ ჰოსტელში რამდენიმე ღამე გაატარებინა და ფულადი გასამრჯელო მისცა - 300 ლარი.

კითხვაზე, რა იმუშავა სტუმარმა, მან თქვა: „ამ ბუხარს დამინგრევ-მეთქი? დაგინგრევო… მერე „გამილესა“ რაღაცა… ბევრი არაფერი უმუშავია“.

იხსენებს იმასაც, რომ „ძალიან ნერვიულობდა შვილებზე, ვერ ვნახულობო, მათზე იყო აგებული მთელი ცხოვრება… სულ კონტაქტობდა ოჯახთან… სამი შვილი მყავს, გოგოებიო, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში დამრჩაო… მეც შემეცოდა… შევატყვე, რომ რაღაც ვერ იყო კარგად, თავის გასაჭირში იყო - იჯდა, რაღაცეებს წერდა“, - გვითხრა გოგოძემ.

ახასიათებს, როგორც „წესიერ, მოწესრიგებულ, ზრდილობიან“ კაცს, თუმცა შემდეგ ამბობს, რომ „ცოტა ცბიერია“. ასევე დასძინა, „პატარა, დალევა უყვარს და მეც ვუსწორებდიო“.

„150 ლარი ჰქონდა“

ცოლი ამბობს, რომ ჰოსტელის შემდეგ მუშაობდა რამდენიმე ადგილას ქუთაისის სიახლოვეს, „სადაც კიბიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა, შემდეგ კი გამოაგდეს“.

ოლია ჯექსონმა რადიო თავისუფლებას გაუზიარა რამდენიმე ფოტო, რომელიც ქმარმა გაუჩინარებამდე გარკვეული დროით ადრე გადაიღო და შვილებს გაუგზავნა.

ორ ამ ფოტოზე ჩანს ფანჩატურის გადახურვის სამუშაოები და ამ საქმეზე მომუშავე რამდენიმე კაცი; ორსართულიანი თეთრი სახლი დიდი ეზოთი; ხოლო კიდევ ერთზე - ხედი იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან, სავარაუდოდ, დიმიდან.

მარკ ჯექსონის მიერ ერთ-ერთ სოფელში გადაღებული ფოტო
მარკ ჯექსონის მიერ ერთ-ერთ სოფელში გადაღებული ფოტო

სავარაუდოდ, დიმი არის მონიშნული მის ადგილმდებარეობად რუკაზე, რომელიც მან ასევე გაუზიარა ოჯახის წევრებს.

შვილებს ყოველ 2-3 დღეში ეკონტაქტებოდა ხოლმე, თუმცა ბოლო საუბრისას დაიწუწუნა, რომ ტელეფონს ვეღარ ტენიდა.

ცოლის ინფორმაციითვე, ქმარმა 18 სექტემბერს ქუთაისში მდებარე ATM-იდან გამოიტანა 150 ლარი.

„ის ძალიან მიმნდობია, ძალიან კეთილია და მარტივად შეიძლება მისი მოტყუება. მეშინია, ვინმეს მისთვის რამე არ დაეშავებინა“, - გვეუბნება ის.

  • რადიო თავისუფლება 21 სექტემბერს დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს შეკითხვით, დაიწყეს თუ არა გამოძიება და რა ღონისძიებებს ატარებენ.
  • სტატიის გამოქვეყნების დროისთვის პასუხი ჯერ არ მიგვიღია. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG